დავით დარჩიაშვილი: ვეუბნებოდით საზოგადოებას, "ოცნებას" დემოკრატია არ აინტერესებს, მაგრამ არ მოგვისმინეს

დავით დარჩიაშვილი: ვეუბნებოდით საზოგადოებას, "ოცნებას" დემოკრატია არ აინტერესებს, მაგრამ არ მოგვისმინეს

"ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან. თენგიზ გუნავა იყო ჩვენი ხელისუფლების დროს ერთ-ერთი გამორჩეული პოლიციელი და სწორედ ამ ნიშნით აარჩიეს. თუ მართლა სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დაკავება უნდა ამ ხელისუფლებას, პირველ რიგში, თავიან გარემოცვას უნდა გადახედონ", _ აცხადებს დავით დარჩიაშვილი "ივერიონთან" საუბარში.


სამართალდამცავების მხრიდან ერთიდაიგივე პიროვნების რამდენჯერმე, სხვადასხვა ბრალდებით დაკავება და შემდეგ გამოშვება, სერიოზულ ეჭვებს აჩენს საზოგადოებაში. ხალხი უკვე ღიად საუბრობს, რომ ესა თუ ის პიროვნება თუ დასაკავებელია, რატომ არ აკავებენ მას სერიოზული ბრალდებით.


"ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მათ რეალურად არ აქვთ მტკიცებულებები და მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იჭერენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ახალ მთავრობას დემოკრატია არ აინტერესებდა, მაგრამ საზოგადოებამ არ მოგვისმინა", _ ამბობს დარჩიაშვილი.


როდესაც ბაჩო ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე დააკავეს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ღამეებსაც კი ათენებდნენ პროკურატურასთან და ყოფილი თანაგუნდელების დაკავებას აპროტესტებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ არ გაჩერდებოდნენ და სამართლიანობის აღდგენას მაინც მიაღწევდნენ.


იგივე განაცხადა "ივერიონთან" საუბარში დავით დარჩიაშვილმა: "ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობას შევეგუოთ, ჩვენი მთავარი ბრძოლის იარაღი იქნება "სიტყვა".  ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ვიბრძოლოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ და მერე რამდენიც უნდათ იძახონ: "ჩვენი ნაგავი გარეთ _ ქვეყნის გარეთ ნუ გაგაქვთო!"


შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ უკვე მეორედ დააკავა, ამჯერად, 3 000 ლიტრი ბენზინის მითვისების ბრალდებით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: