"მეოცნებეთა" ზეწოლა თუ "ქვეშიდან" გამოსული "ნაციონალები"?!

"მეოცნებეთა" ზეწოლა თუ "ქვეშიდან" გამოსული "ნაციონალები"?!

ცენტრალური ხელისუფლების შეცვლა მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მოხდა და იმედია დღევანდელი უმრავლესობა აბსოლუტურ ძალაუფლებას ასევე უმტკივნეულოდ დაისაკუთრებს. თუმცა, ეს არ ითქმის ადგილობრივ თვითმართველობებზე, უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს მარტვილის გამგეობასთან შიმშილობა გამგებლისა და საკრებულოს თავჯმდომარის გადადგომის მოთხოვნით. როგორც მარტვილის გამგებელი მამუკა დანელია პირად საუბრებში აცხადებს: "ჯერჯერობით ვუძლებთ ზეწოლას და გადადგომასაც არ ვაპირებთ".


ეტყობა ამ "ზეწოლას" ვეღარ გაუძლეს ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და განცხადებაც ერთმანეთის მიყოლებით დაწერეს.


წალენჯიხის აწ უკვე ყოფილმა გამგებელმა მამუკა ქარდავამ "ივერიონთან" საუბრისას განაცხადა: "ჩვენს მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა, უბრალოდ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე, რადგან ჩემი აზრით, წალენჯიხის მომავლისთვის ეს უკეთესი იქნება".


რაც შეეხება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას, როგორც "ივერიონს" საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა თამუნა შონიამ განუცხადა, კონჯარია ამ დრომდე ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას და გადადგომასაც არ აპირებს. "რაც შეეხება გამგებელს. აი, ამ წუთებში გამგეობის შენობასთან დგას სამი ქალბატონი და სკანდირებს: "ალეკო (ალექსანდრე) უნდა გადადგეს!".


ცოტა უცნაურიც კია "მეოცნებეთა" ამგვარი ქმედება, რადგან წინასაარჩევნოდ ზუგდიდში ზონდერბრიგადების შექმნაში სწორედ ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარეს ლევან კონჯარიას ადანაშაულებდნენ, არჩევნების შემდეგ კი, გადადგომისკენ ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას მოუწოდებენ.


ასეთივე მდგომარეობაა ხობის მუნიციპალიტეტში. საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ. მისი თქმით, "განცხადება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სურვილით დაწერა".


სხვაგვარად ფიქრობს ჭოხონელიძის წინამორბედი იგორ ტყებუჩავა: "ჩემი განთავისუფლების და დაპატიმრების ინიციატორი თავად როლანდ ახალაია იყო, რომელიც მაშინ სამეგრელო-ზემოსვანეთის პროკურორი "ბრძანდებოდა", სწორედ მისი პირადი პატიმარი ვიყავი. ჩემს შემდეგ განხორციელებული საკადრო ცვლილებებიც მისივე ორგანიზატორობით განხორციელდა".


როგორც "ივერიონს" ხობის საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა განუცხადა, "ჭოხონელიძე ახალაიების კლანის წევრია და მისი საქმიანობა მისივე გადადგომით არ უნდა დასრულდეს _ ის სისიხლის სამართლის პაუხისმგებლობაში უნდა მიეცეს მისივე ბინძური და შავ-ბნელი საქმიანობის გამო".
ასევე გადადგა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ნარმანია, თუმცა, რა მოტივით, ჩვენთვის უცნობია. ჩვენი არაერთგზის მცდელობისა მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.


რაც შეეხება აბაშის მუნიციპალიტეტს, შეიძლება ითქვას, იქ პოლიტიკურად ნორმალური ვითარებაა, თანამდებობას გამგებელიც და საკრებულოს თავჯდომარეც ინარჩუნებენ.
"ივერიონთან" საუბარში აბაშის გამგებელმა გურამ გუნავამ აღნიშნა: "ჩვენთან ნორმალური და, შეიძლება ითქვას, ამ მხრივ სახარბიელო ვითარებაა. ჩვენთვის არავის მოუთხოვია გადადგომა, პირიქით, გვითხრეს: დარჩით თანამდებობაზე და განაგრძეთ მუშაობა ნორმალურ რეჟიმშიო. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით და ჩვენც ამიტომაც ველოდებით 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებს. არჩევნებამდე კი, კანონის ფარგლებში, თანამშრომლობა იქნება ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რისი კონტურებიც უკვე გამოიკვეთა".


ზოგადად ასეთივე ვითარებაა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. თუმცა, ამჯერად სამეგრელოს რეგიონზე შევაჩერეთ ყურადღება. გახსოვთ ალბათ, "ნაცმოძრაობის" მესვეურები წინასაარჩევნო პერიოდში სამეგრელოდან წამოღებულ ხმებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, რაც ნაწილობრივ განხორციელდა კიდეც. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "შტურმი" სამეგრელოდან სწორედ ამის გამო დაიწყო.


ვალერი ვახანია
  

  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: