Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (1)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
9-12-2012, 17:32
ნანახია: 762

უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ პრეზენტაცია გაიმართება

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 

 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, პრეზენტაციას ახლად არჩეული სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაესწრება. ანგარიში წარმოადგენს ნაწილს საქართველოს შესახებ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის საერთო ანგარიშიდან, რომელიც მიმოიხილავს უფლებადამცველთა მდგომარეობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

 

ანგარიშის თანახმად, წამყვანი უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში მოღვაწეობენ, უფრო მეტად არიან დაცულნი, ვინაიდან მათ მეტად მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და საერთაშორისო ქსელებზე. 

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის გარეთ, საქართველოს რეგიონებში მოღვაწე უფლებადამცველები კვლავ განიცდიან ზეწოლას და მათი უფლებები ისევ ირღვევა. რეგიონებში მსგავსი ფაქტები, ძირითადად, აღურიცხავი რჩება. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლება ხშირად არაადეკვატურად რეაგირებდა უფლებადარღვევებზე, ხოლო სათანადო საგამოძიებო პროცედურების არარსებობა ცხადყოფდა ხელისუფლების ინტერესის ნაკლებობას, დაეცვა კანონის უზენაესობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მისთვის წამგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. 

 

უფლებადამცველი ადვოკატები, საგამოძიებო ჟურნალისტები და უმცირესობათა უფლებების დამცველები საუბრობდნენ სპეციფიკური სახის ზეწოლაზე, რამაც 2011-2012 წლებში მათი ადვოკატირების უფლება შეზღუდა. უფლებადამცველ ადვოკატებს კვლავ ექმნებოდათ სერიოზული პრობლემები სასამართლო სისტემასთან, რომელიც აშკარად კონტროლდებოდა ხელისუფლების აღმასრულებელი ფრთის მიერ და ეს უკანასკნელი ნაკლებად იყო დაინტერესებული უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებით. დედაქალაქის გარეთ მოღვაწე საგამოძიებო ჟურნალისტები რეგიონებში ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლნი გახდნენ.

 

ანგარიშს თან ერთვის კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ორგანოების მიმართ. უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლების ლიდერები მჭიდროდ ითანამშრომლებენ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებსაც.