თეა წულუკიანი: საქართველოში კორუფცია არასდროს დაბრუნდება!

თეა წულუკიანი: საქართველოში კორუფცია არასდროს დაბრუნდება!

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონფერენციის „კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნების  განმტკიცება ცენტრალურ აზიასა და  აღმოსავლეთ ევროპაში"  მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც  დღეს პარიზში გაიხსნა.


საფრანგეთის დედაქალაქში უმაღლესი დონის შეხვედრას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია  (OECD) მართავს.


დღესვე თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს  მიმართა და საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ მოახერხა კორუფციის დამარცხება დაბალ დონეებზე, თუმცა არსებობდა ტაბუირებული თემები, რომლებზეც პირველ ოქტომბრამდე არ საუბრობდნენ. თეა წულუკიანის თქმით, ეს თემებია ტენდერების, ბიზნესისა და ყოფილი ხელისუფლების ურთიერთობის გაუმჭვირვალობის საკითხები, ე.წ. ელიტური კორუფცია და სხვა.


„არასდროს კეთდებოდა სათანადო აქცენტი დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის აუცილებლობაზე. მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში გამორიცხულია კორუფციის საბოლოო დამარცხებაზე საუბარი. ჩვენ დღეს სწორედ ამ მიმართულებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იუსტიციის სამინისტრომ პირველი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სწორედ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის მოამზადა. კორუფციასთან ბრძოლა ახალი მთავრობის პრიორიტეტად რჩება. საქართველოში არასდროს დაბრუნდება კორუფცია დაბალ დონზე, მაგრამ ახლა უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც გამორიცხავს კორუფციის დაბრუნებას მაღალ დონეებზეც, რომელიც შეწყდა ძველი ხელისუფლების წასვლისთანავე", - განაცხადა წულუკიანმა.


მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდება. მათ შორის, გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეთა წრე, რომლებსაც ფინანსური დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნებათ; დაიწყება საჯარო სამსახურის რეფორმა და სხვა.


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზრიის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ეკონომიკური ექსპერტები, ანტიკორუფციულ თემაზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია ერთდღიანია და ის კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: