რა გახდა მანუჩარ ჯოხაძის თვითმკვლელობის მიზეზი?

რა გახდა მანუჩარ ჯოხაძის თვითმკვლელობის მიზეზი?

გუშინ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, ეს თვითმკვლელობა  ქვემო ქართლის პროკურატურაში მის დაკითხვას უკავშირდებოდეს.


მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ეს ვერსია საფუძველს მოკლებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს.


მთავარი პროკურატურის სპეციალურ განცხადებას „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:


„2012 წლის 12 დეკემბერს შს სამინისტროს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მანუჩარ ჯოხაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.


მანუჩარ  ჯოხაძე,  ჩამომხრჩვალი დღის მეორე ნახევრაში  საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლემ, მაია ჯოხაძემ და მეზობლებმა - გურგენ ნიჟარაძემ და ზაზა სულაშვილმა იპოვნეს. საექსპერტო კვლევის შედეგად,  გარდა კისერზე არსებული სტრანგულაციური ღარისა, გვამს სხეულზე სხვა რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა.


 გვამის სრული სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა ჩატარებულია, დასკვნა  ამ ეტაპზე მიღებული არ არის.


დაიკითხნენ მოწმეები: მეუღლე მაია ჯოხაძე, მეუღლის დეიდა და მეზობლები. რომლებიც ცალსახად გამორიცხავენ ვინმეს მხრიდან მანუჩარ ჯოხაძის მიმართ მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივისა და ღირსების რაიმე შეურაცხყოფის ფაქტს.


 მეუღლის მაია ჯოხაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მას და მის მეუღლეს ყავთ სამი შვილი. ცოლ-ქმარს შორის მიმდინარე წლის დასაწყისიდან არსებობდა რთული ოჯახური კონფლიქტი. ამა წლის აგვისტოს თვიდან ისინი პერიოდულად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, რაც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მათი განქორწინებით დასრულდა. ნოემბრის თვის დასაწყისში მანუჩარ ჯოხაძე დაბრუნდა ოჯახში, მაგრამ ამით კონფლიქტი არ დასრულებულა და იგი გრძელდებოდა სისტემატურად. მაია ჯოხაძე აღნიშნავს, რომ გარდა ოჯახური პრობლემებისა მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან მანუჩარ ჯოხაძე გაღიზიანებული იყო სხვა პრობლემებითაც, რის თაობაზეც ღიად არ  საუბრობდა. მისთვის უცნობია ამ პრობლემების შინაარსი, მაგრამ ხშირად უთქვამს მეუღლისთვის: ,,დავიღალე პრობლემებით, ჩემს ჭკუაზე აღარ ვარ და თავი უნდა მოვიკლაო". მიუხედავად ამისა, ამ  გამონათქვამს, იგი რეალურად არ აღიქვამდა. მათთან   თითქმის ყოველ დღე მიდიოდა უცნობი აზერბაიჯანელი პირი, რომელიც სავარაუდოდ, ვალის დაბრუნებას ითხოვდა. კონკრეტულად რა ვალდებულება გააჩნდა მანუჩარ ჯოხაძეს ამ პირის მიმართ მეუღლისათვის უცნობია. აღსანიშნავია რომ,  ბოლო კონფლიქტი მეუღლეებს შორის  მ. ჯოხაძის გარდაცვალების დღეს მოხდა, რის შემდგომაც მაია ჯოხაძე გავიდა სახლიდან პირად საქმეზე და შინ დაბრუნებულს მეუღლე  გარდაცვლილი დახვდა.


არსებული  ვითარებიდან  გამომდინარე  დაგეგმილია მაია ჯოხაძის დამატებით დეტალური დაკითხვა, ასევე იმ პირების დაკითხვა, ვისაც სამსახურებრივი თუ პირადი ურთიერთობა გააჩნდა გარდაცვლილ  ჯოხაძესთან. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ   მასობრივი საშუალებებით გავრცელებული ზოგიერთი  ინფორმაციის თანახმად, რომ მ. ჯოხაძის თვითმკვლელობა შეიძლება უკავშირდებოდეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მის დაკითხვას საფუძველს მოკლებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს.


მანუჩარ ჯოხაძე 2012 წლის 06 დეკემბერს მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2011 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ხსენებული სისხლის სამართლის საქმე შეეხება ქ. რუსთავის მერიის და საკრებულოს მიერ, მერიის კუთვნილი ლითონის მილების გასხვისებასთან  დაკავშირებულ მიმდინარე გამოძიებას.


ქ. რუსთავის მერიის მიერ, მათი კუთვნილი 3800 გრძივი მეტრის ლითონის მილების აუქციონებით გასხვისების დროს ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს მერიის მაღალი თანამდებობის პირებსა და აუქციონში მონაწილე ფიზიკურ პირებს შორის.


2012 წლის 06 დეკემბერს ამ საქმეზე, მანუჩარ ჯოხაძე დაიკითხა მოწმის სახით. მისი დაკითხვა არ უკავშირდებოდა მის შესაძლო სისხლის სამართლებრივ დევნას. უფრო მეტიც, ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მანუჩარ ჯოხაძის თანამონაწილეობის საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა და არც მომავალში განიხილება. საქმის მასალები ამის საფუძველს არ იძლევა. აღნიშნული დასტურდება მისი დაკითხვის ოქმის შინაარსიდანაც.  მისი დაკითხვის დამთავრების შემდეგ, იმავე 2012 წლის 06 დეკემბერს საგამოძიებო ნაწილში ასევე მოწმის სახით დაიკითხა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად ეპიტაშვილი, რომელიც დაიკითხა იგივე კონკრეტულ გარემოებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც დაიკითხა მ. ჯოხაძე. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მათთან რაიმე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაგეგმილი არ ყოფილა და არც ჩატარებულა“.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: