ვინ ჩაიგდებს გამგებლის სკამს?!

ვინ ჩაიგდებს გამგებლის სკამს?!

მარტვილის რაიონის გამგებელს მამუკა დანელიას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 21 დეკემბერს ეწურება.

გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კოალიცია „ქართული ოცნების“ სამი კანდიდატი იბრძვის, ადგილობრივების უმეტესობა კი, თანამდებობაზე ალექსი გაბისონიას კანდიდატურას ემხრობა.

როგორც გაბისონია აცხადებს, გამგებლის თანამდებობის დაკავების სურვილი ნამდვილად აქვს.

მისი თქმით, კონსულტაციები „ქართული ოცნების“ სახეებთანაც ჰქონდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხალხის აზრი გადამწყვეტია.

„ვიზიარებთ ხალხის პროტესტის შინაარსს, მაგრამ პროტესტის ფორმა აბსოლუტურად მიუღებელია. ამგვარი პროტესტი უკვე სამი კვირაა მიმდინარეობს, მაგრამ რეალური შედეგი ჯერ არ გვინახავს“, - განაცხადა გაბისონიამ.

მისი თქმით, ყველას სურს, რომ პრობლემები მალე გადაიჭრას, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაციები ფულის გადარიცხვას, სოციალურად დაუცველი ოჯახები კი, დახმარებას ელოდებიან.

გაბისონიას განცხადებით, თუ მუშაობა არ აღდგა და პიკეტირება არ მოიხსნა, ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოხერხდება.

„მარტვილის გამგებელს ვადა 21-ში ეწურება. მოშიმშილეები ამბობენ, რომ უღირსი ღირსეულად არ უნდა წავიდეს. არ ვეთანხმები, რადგან არ შემიძლია პიროვნებას უღირსი ვუწოდო. სხვა საკითხია რეჟიმის მიმართ ჩემი დამოკიდებულება“, - აღნიშნა გაბისონიამ და დასძინა, რომ გამგებლის ცვლილების შემდეგ, რეორგანიზაცია იქნება, თუმცა პროცესი უმტკივნეულად ჩაივლის.

მისივე თქმით, ის არავის დაშინებას არ აპირებს, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერონ, ისინი ამას მოლაპარაკებების გზით მიაღწევენ.

ამასთან, გაბისონია აცხადებს, რომ ულუკმაპუროდ არავის დატოვებს და ყველანაირად შეუწყობს ხელს ადგილობრივებმა ბიზნესი განავითარონ და ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდეს.

მარტვილში უკვე სამი კვირაა „ქართული ოცნების“ აქტივისტები შიმშილობენ და მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა პიკეტირებული აქვთ.

„ქართულ ოცნებაში“ სამი ძირითადი ფრთა იკვეთება - „გამგეობის ჯგუფი“ - ისინი, ვინც შიმშილობს და გამგებლის კანდიდატურად ზურაბ ბიგვავას აყენებენ; „ავერსის ჯგუფი“, მოქალაქეები, რომლებიც „ავერსის“ აფთიაქთან იკრიბებიან - მათი კანდიდატი ალექსი გაბისონიაა და „სურმავების ჯგუფი“, რომლებიც გამგებლის პოსტზე შიო სურმავას დანიშვნას მოითხოვენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: