დავით ბაქრაძე: პარლამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატების დაკითხვებზე დაბარება კანონდარღვევაა

დავით ბაქრაძე: პარლამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატების დაკითხვებზე დაბარება კანონდარღვევაა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი არ მივა დაკითხვაზე იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას სამართალდამცავი ორგანოები დღემდე ითხოვდნენ.

როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პარლამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატების დაკითხვებზე დაბარება საქართველოს კონსტიტუციის და კანონის დარღვევას წარმოადგენს.

მისი თქმით, ნებისმიერი საპარლამენტო უმცირესობის წევრი მზადაა, ღია წესით გაგზავნილ შეკითხვებს ღიად გასცეს პასუხი და ეს საზოგადოებისთვის გასაგები იქნება.

„თუ სამართალდამცავი ორგანოები არ არიან მზად, რომ საკუთარი შეკითხვები ღიად და საზოგადოებისთვის გასაგები წესით გამოგზავნონ, ასეთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს  მიმართონ და აიღონ თანხმობა იმის შესახებ, რომ კონკრეტული პარლამენტის წევრი დაკითხვაზე მიიყვანონ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, დაკითხვებზე დაბარება, რა ფორმითაც დღემდე ხდებოდა, კანონდარღვევაა, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამასთან, დავით ბაქრაძე სამართალდამცავ ორგანოებს და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, დეპუტატებთან მიმართებაში, კანონი არ დაარღვიონ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: