ლევან ბერძენიშვილი: პოლიცია ვალდებული იყო, ქუთაისში წესრიგი დაეცვა!

ლევან ბერძენიშვილი: პოლიცია ვალდებული იყო, ქუთაისში წესრიგი დაეცვა!

"ის, რაც გუშინ ქუთაისში მოხდა, დაუშვებელია. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც პასუხს აგებს როგორც ოპოზიციის, ასევე საკუთარ ქმედებაზეც", _ აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი "ივერიონთან" საუბარში.


პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია, მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს პრეზიდენტის ექსკორტს და პარლამენტარ აკაკი მინაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


"მოქალაქეების ასეთი საქციელი და ის რომ, არ იყო დაცული პარლამენტის წევრი, მიუღებელია. ჩვენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაზე ვაგებთ პასუხს. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, პარლამენტის წევრი თუ არ არის დაცული, რა მდგომარეობაშია ჩვეულებრივი მოქალაქე? ამ ფაქტის გამოძიება აუცილებელია", _ აცხადებს ბერძენიშვილი.


ქუთაისში გუშინდელი ინციდენტის დროს, არსად ჩანდნენ სამართალდამცავები, რომლებსაც საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება ევალებათ, განსაკუთრებით კი, ასეთ შემთხვევებში. სამართალდამცავების შემთხვევის ადგილზე არყოფნას ჩვენთან საუბარში ლევან ბერძენიშვილი გმობს და დასძენს:


"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს და სამართალადამცავები იყვნენ ადგილზე, რათა უზრუნველყონ ოპოზიციონერების, პოლიტიკოსებისა და საერთოდაც, ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, ვინ მოგვწონს, ან არ მოგვწონს, ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: