ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს

ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს

ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, დევი კანდელაკს, კახა დამენიას, გიორგი ნემსიწვერიძეს და იზაბელა გუტიძეს ბრალი უკვე წარუდგინეს. საუბარია ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღების მცდელობაზე.


ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ და, როდესაც მათ ბრალი წაუყენეს, გაუკვირდათ კიდევაც აღნიშნული ბრალდების შესახებ.

ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები იყენებენ დუმილის უფლებას და რაიმე განცხადება არ გაუკეთებიათ.


ნიკა გვარამიას ბრალდებაში ყველაზე მძიმე ორი მუხლია, რომელთაგან ერთი 15 წლამდე, მეორე კი - 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატის ინფორმაციით, გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წარუდგინეს - 338-ე მუხლით, რომელიც ქრთამის აღებას ითვალისწინებს, 195-ე მუხლი (ფულის გათეთრება), 210-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტების დამზადება) და 362-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტების გამოყენება).

ნიკა გვარამიას ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ბრალდების დასკვნა ათგვერდიანია, მას ბრალდებული უკვე გაეცნო, თუმცა ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარე აპირებს  სასამართლოში დასვას  ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის ნაცვლად გირაო შეფარდების მოთხოვნას.


რაც შეეხება ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს, მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. ამასთან, ბრალდებულის ადვოკატის. დავით ხაჟალიას განცხადებით, ბრალდებაში დამატებით კიდევ ერთი მუხლი გაჩნდა და საბოლოო ჯამში, მას ბრალი ორი მუხლით წარედგინა.


ხეთაგურს  ბრალი 338-ე მუხლით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას ითვალისწინებს და ასევე 194-ე მუხლით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. ქრთამის აღება 15 წლამდე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია კი,  11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ალექსანდრე ხეთაგური თავს დამნაშავედ არ სცნობს.


რაც შეეხება კომპანია "თელასის" დირექტორს დევი კანდელაკს, მას ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს. კანდელაკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე, 194-ე, 379- ე მუხლებით წაუყენეს. დევი კანდელაკი ბრალს არ აღიარებს და  თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

კახა დამენიას ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული. მას მართლმსაჯულება ყალბი საგადასახო დოკუმენტების გამოყენებაში, ქრთამის აღებაში დახმარებაშ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის გამოყენებაში ედავება.
 
გიორგი ნემსიწვერიძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ცრუ მეწარმეობაში, ქრთამის მიცემის დახმარებაში, უკანონო დოკუმენტაციის დამზადებისა  და შემოსავლების ლეგალიზების დახმარებაში.
 
ადვოკატების თქმით,  არც ერთი ბრალდებული  თავს  დამნაშავედ არ სცნობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: