აზერბაიჯანი გაზს გვიძვირებს?!

აზერბაიჯანი გაზს გვიძვირებს?!

საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმი" აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შემდეგ შეიძლება, აზერბაიჯანმა საქართველოს გაზი გაუძვიროს.


მათი განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს ბუნებრივ აირს, სასაცილო ფასად _ 200 დოლარად აწვდის. თუმცა, სტრატეგიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ოფიციალური აზერბაიჯანი საქართველოსთან ყოველთვის დათმობაზე მიდიოდა.


მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანს ქართულ ეკონომიკაში უკვე 3 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული და ამიტომ, მათთვის გაუგებარია, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყარსი-ახალქალაქის შემოვლითი რკინიგზა მისთვის გარკვეულ კითხვებს ბადებს.


მათივე თქმით, საქართველოს აღნიშნულ პროექტში ერთი ცენტიც არ ჩაუდია და ყველა ხარჯი თავის თავზე აზერბაიჯანმა აიღო.


ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს. "ამაზე შესაძლოა, კითხვის დასმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც მომიწიოს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას ძალიან რბილად ავუხსნათ, რომ რაღაც ეტაპზე ეს, შესაძლოა, ჩვენთვის არ იყოს სასარგებლო და დარეგულირება სჭირდება", – განმარტა მაშინ ივანიშვილმა. თუმცა დღეს მისი განცხადება უკვე სხვაგვარი იყო. მან თქვა, რომ ამ პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: