პარლამენტში ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება?!

პარლამენტში ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება?!

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონისთვის დადებული ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.

„მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა. ის აქცენტს სწორედ პოლიტპატიმრების თემაზე აკეთებს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ საქართველოში შეუძლებელია პოლიტპატიმრები რომ არსებულიყო. როდესაც კანონპროექტში 200-მდე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირი შევიყვანეთ, მოსალოდნელი იყო, რომ ამას დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვებოდა და ასეც მოხდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებული კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევიდა.

უსუფაშვილის განცხადებით, დღეს, ამ საკითხის პარლამენტში განხილვაა მოსალოდნელი.

„პრეზიდენტმა კანონპროექტის თავისივე სია გამოგზავნა, საიდანაც ამოღებულია პოლიტპატიმრების შესახებ მუხლი და კიდევ რამდენიმე მუხლი. პარლამენტი ამ საკითხზე იმსჯელებს და, პირველ რიგში, კენჭს პრეზიდენტისმიერ გამოგზავნილ კანონპროექტს უყრის“, - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა პრეზიდენტის ვერსია არ მოიწონა, მაშინ საკანონმდებლო ორგანო ვეტოს დაძლევის პროცედურას შეუდგება, რისთვისაც სიით შემადგენლობის სამი მეხუთედია საჭირო.

საქართველოს პრეზიდენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონს ვეტო გუშინ დაადო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: