Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (4)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
27-06-2013, 14:12
ნანახია: 1460

ვეძებ პრეზიდენტს _ კანდიდატი №4. თეა წულუკიანი (ქართველი

"კოალიციის ლიდერს უფლება აქვს ნებისმიერ ჩვენგანს მისცეს შენიშნვა, თუ ამას ვიმსახურებთ!" _ ეს სიტყვები დღევანდელ იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს ეკუთვნის. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კოალიციაში გუნდური გადაწყვეტილებების მიღების მომხრეა და, შესაბამისად, მისთვის გუნდური თამაში მიუღებელი არ არის! სხვათაშორის, მის სიტყვებში ჩანდა სურვილიც _ შეერბილებინა პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს (რომელიც მისი პარტიული ბოსია) შორის არსებული უთანხმოება თუ გაუგებრობა!

 

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა წულუკიანის ნათქვამს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მისცეს, ეს იყო თანამედროვე პოლიტიკოსის შორსგამიზნული გზავნილი კოდური სახელწოდებით _ "გამგებმა გაიგოს!" მის გამონათქვამში ჩანდა ისიც, რომ პოლიტიკაში კონსენსუსის მომხრეა, თუ რა თქმა უნდა, ეს საქმეს არ აზარალებს!

 

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ წულუკიანმა აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, როგორც პრინციპულმა და ორიგინალური ხედვის პოლიტიკოსმა. მისი რკინისებური ლოგიკა, რომელიც შეზავებულია ინტელექტთან და ინფორმაციულობასთან, გამორჩეულს ხდის თეა წულუკიანის პიროვნებას. პოლემიკაში შეუვალი, მაგრამ ყოველთვის ობიექტურია. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია შეცვალოს საუბრის ტონი და ამით ოპონენტს დაზავების საშუალებაც მისცეს!

 

ის, რომ მაღალპროფესიონალი იურისტია, იუსტიციის მინისტრად დანიშვნისთანავე დაამტკიცა. მისი უპირატესობა დანარჩენ კოლეგებთან შედარებით განპირობებულია იმითაც, რომ საერთაშორისო სამართლის უბადლო სპეციალისტია, რაც პრობლემების განზოგადებაში და საკანონმდებლო ინიციატივების სრულყოფაში ეხმარება.

 

ვფიქრობ, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება, ნაკლებად არის იუსტიციის დღევანდელი მინისტრის, იგივე გენერალური პროკურორის ბრალი _ ამას პრინციპულობასთან ერთად მთავრობის პოლიტიკური ნებაც სჭირდება, რომელიც საზოგადოებისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ზოგი ამას თავსმოხვეული კოჰაბიტაციის პროცესს უკავშირებს. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ოქტომბრამდე "როგორმე უნდა გავძლოთ!", სამართლიანობა აღდგება და ქვეყანაც წინ წავა!

 

მიუხედავად ყველაფრისა, წულუკიანი გულხელდაკრეფილი არ ზის და ზოგიერთებისგან განსხვავებით ოქტომბერს არ ელოდება _ იგი თავის საქმეს მიზანსწრაფულად აკეთებს. ამას მოწმობს ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელმაც კანონის სახე უკვე მიიღო და სასამართლო სისტემის არსებითად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს! მიუხედავად "ნაციონალების" აშკარა მცდელობისა (რომლებიც ინტრიგების დიდოსტატები არიან), მაინც ვერ შეძლეს ჩრდილი მიეყენებინათ წულუკიანის უმწიკვლო რეპუტაციისთვის. ქალბატონმა თეამ ღირსეულად უპასუხა ამ გამოწვევას, რომლის გვირგვინი ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა "აქცენტებში" მისი სტუმრობა იყო.

 

გუშინ "ფესიბუქზე" ვწერდი _ მიზანშეწონილი იქნება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით მომავალი პრეზიდენტი ქალი პოლიტიკოსი თუ გახდება-მეთქი. დღევანდელ სიტუაციაში ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება.

 

მე ადრე პრეზიდენტობის ორ შესაძლო კანდიდატზე ვისაუბრე. ნინო ბურჯანაძისა და სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, თეა წულუკიანის პოლიტიკური ბიოგრაფია სუფთა და გამჭვირვალეა. ამასთან, იგი თავისუფალია იმ ე.წ "გრეხებისგან", რომელიც წინა ორის პოლიტიკურ მოღვაწეობას სამწუხაროდ "ამშვენებს" (თუმცა, ამაზე ახლა არ შევჩერდები, საკმარისად ვისაუბრე მათი წარდგენისას). 

 

წულუკიანს კონკურენტებისგან განსხვავებით აქვს შეუვალი ავტორიტეტი, რომელიც მან მთავრობაში მოსვლისთანავე დაიმკვიდრა. ამას მოწმობს გამოკითხვის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც იგი #1 მინისტრად დასახელდა. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციებს იუსტიციის დღევანდელი მინისტრი მომავალშიც არ დათმობს!

 

წულუკიანის წონადობას ხაზს უსვამს მისი მრავალწლიანი მუშაობა ევრო-სასამართლოში და სხვა ევროსტრუქტურებში, სადაც იგი ნიჭიერი და კვალიფიციური სპეციალისტის სახელით სარგებლობდა. სწორედ ეს მისცემს საშუალებას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყველას "საკუთარ ენაზე" ელაპარაკოს და საერთაშორისო სტანდარტებიც დაიცვას! არანაკლებ საყურადღებოა მისი რკინისებური ლოგიკა და კომპრომისის უნარი, რომელიც იუსტიციის მინისტრად მუშაობის ხანმოკლე პერიოდში მრავალგზის დაამტკიცა.

 

მე პირადად არ ვიცნობ ქალბატონ თეა წულუკიანს და ამდენად არ მაქვს საშუალება ვისაუბრო მის სხვა ადამიანურ თვისებებზე, მაგრამ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს თუ დავეყრდნობით, მიუხედავად იმისა, რომ საქმიან ურთიერთობებში საკმაოდ პრინციპული და შეუვალი ჩინოვნიკის შთაბეჭდილებას ტოვებს, ურთიერთობაში თურმე თბილი და მეგობრულია, ამასთან, საკმაოდ ყურადღებიანიც. ნიშანდობლივია ისიც, რომ ევროპულ გარემოში მრავალწლიანმა ცხოვრებამ ვერ ჩაკლა მასში თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი სიყვარული, რაც მისივე ქმედებაში და მისივე სიტყვებში ყოველთვის იკითხება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ადრე აქცენტი უპარტიო კანდიდატებზე მქონდა აღებული, წულუკიანის შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამონაკლისის დაშვება შეიძლება. ამით მოიხსნება ის უხერხულობაც, რომელიც ირაკლი ალასანიას ფაქტორს უკავშირდება და კოალიციაში ბალანსის დაცვასაც შეუწყობს ხელს!

 

ჯერი ბატონ ბიძინა ივანიშვილზეა, რომელიც წულუკიანის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ბევრი კითხვის ნიშანიც მოიხსნება.

 

საქართველოს კი ეყოლება ქართველი "რკინის ლედი"!

 

რას იტყვით, ბატონებო?!

 

ზაურ ნაჭყებია