ჟურნალი "მუსიკა" ოთხი წლის გახდა

ჟურნალი "მუსიკა" ოთხი წლის გახდა

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალ "მუსიკის" 2014 წლის პირველი ნომერი გამოვიდა.

   ჟურნალში წარმოდგენილია ბევრი საინტერესო რუბრიკა როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ განვითარებული სხვადასხვა მუსიკალური მოვლენის შესახებ. მაგალითად, რუბრიკა "სიახლე" გაგაცნობთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ საუკეთესო სიმებიანი კვარტეტისა და სტუდენტური სამუსიკისმცოდნეო ნაშრომის გამოსავლენად მოწყობილი კონკურსის გამარჯვებულებს; რუბრიკით "დიალოგი ხელოვანთან" შეხვდებით ცნობილ ქართველ პიანისტ ელისო ვირსალაძეს; მოგითხრობთ 27 წლით დაგვიანებულ პრემიერაზე - კონსერვატორიის მცირე დარბაზში შესრულებულ კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის 27 წლის წინ დაწერილ უცნობ სიმფონიაზე; გაგაცნობთ წარმატებულ ქართველ კლარნეტისტებს; გიამბობთ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ახლახან აღმოჩენილ, პირველი ქართველი კომპოზიტორისა და საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტის, ალიოზ მიზანდარის სამ ხელნაწერ ნოტზე; თვალს გადავავლებთ ისტორიის ფურცლებს; გესაუბრებით თანამედროვე ქართული პოლიფონიის კრებულზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე.

   საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი "მუსიკა" 2010 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სამ თვეში ერთხელ გამოიცემა. ჟურნალი საქართველოში ერთადერთ პერიოდულ ბეჭდურ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენების შესახებ წერს. ჟურნალის რედაქტორია მიკა ოძელი, თანარედაქტორები - თამარ წულუკიძე და მზია ჯაფარიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: