„ნაციონალები“ ხაფანგში და ყალბი „აღსარება“, რომელსაც უფალი აღარ შეიწირავს!

„ნაციონალები“ ხაფანგში და ყალბი „აღსარება“, რომელსაც უფალი აღარ შეიწირავს!

იმუშავა თუ არა „რუსთავი-2“-ის გუშინდელმა ტრიუკებმა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილ პროვოკაციას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას!

ერთი რამ ფაქტია: საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გუშინ გაჟღერებულ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სათანადო რეაქცია არ ჰქონია!

ჯერ ერთი, ეს არ არის ახალი და ჩვენი რეალობისთვის სენსაციური მოვლენა - ფარული მოსმენების პრაქტიკა თავის დროზე „ნაციონალებმა“ აღმატებულ ხარისხში აიყვანეს და მთელი საქართველო (თავიანთ- მოწინააღმდეგეებიდან) ყურებით ჰყავდათ გამოჭერილი. მეორეც, იმდენად ნეგატიურია საზოგადოების დამოკიდებულება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმართ, თვით „ნაციონალებისა“ და მათი „შესტიორკა“ ენჯეოების გარდა, თითქმის არავის გაუპროტესტებია!..

სხვათაშორის, ძალიან უცნაურად ჟღერდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მან ორ სიტყვაში ჩაატია: „არ მჯერა“. ოპონენტები თვლიან, რომ ახალგაზრდა პრემიერმა ამით სამართლებრივი შეფასება უკვე გააკეთა, რისი უფლებაც მას, როგორც მთავრობის მეთაურს არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ღარიბაშვილს ეთქვა, რომ ასეთი რამ ნორმალურ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს და სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, ჭეშმარიტება დადგინდეს!..

თუმცა, ამ შემთხვევაში ის კი არ არის მთავარი, მართლა უსმენენ თუ არა „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტებს, ან როდის დამონტაჟდა ტელეკომპანიაში ფარული სათვალთვალო კამერა - „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში, თუ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ - მთავარია რომ ტოტალური მოსმენები დღესაც გრძელდება და ამას თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზეც მშვენივრად გრძნობს, განსაკუთრებით, სატელეფონო საუბრისას...

სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ უკვე ძალიან მარტივად აღწევენ ინტერნეტშიც და ნებისმიერი ჩვენი მიწერ-მოწერაც კონტროლდება.

ცხადია, ფარული მოსმენა-მიყურადება ადამიანის უფლებების აშკარაა დარღვევაა და იგი არსებითად ზღუდავს მის თავისუფლებას, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ ნანოტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და ნებისმიერი ხელისუფლება ამ „სიკეთეს“საკუთარი პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოების აქტიური წევრების დასათრგუნად ყოველთვის გამოიყენებს!

აქედან გამომდინარე, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს უსმენენ თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტებს, უფრო მნიშვნელოვანია, რა შეიცვალა ამ მხრივ „ნაციონალური“ რეჟიმის ფორმალური ჩანაცვლების შემდეგ ქვეყანაში და აგრძელებს თუ არა ტოტალურ მოსმენებს ახალი ხელისუფლებაც.

ის, რომ კანონპროექტი ფარული მოსმენების აკრძალვის შესახებ პარლამენტში „დაამწნილეს“ გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ: ხელისუფლებას ნებაყოფლობით არ სურს უარი თქვას საკუთარი ოპონენტების დათრგუნვის ბერკეტებზე - დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტებში კი არა მარტო „ნაციონალური“ მოძრაობა იგულისხმება, არამედ, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აქტიური ნაწილიც.

ვფიქრობ, შავი პიარის დიდოსტატებმა („ნაციონალებს“ ვგულისხმობ) გუშინდელი აჟიოტაჟით სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს. ჯერ ერთი, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-სადმი ნეგატიური განწყობის გამო ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ განაწყვეს საზოგადოება, მეორეც, ეს „ნაციონალების“ „შემოქმედებაც“ რომ არ იყოს, ნამდვილად არა გვაქვს ობიექტური გამოძიების იმედი - ჩვენს რეალობაში არც ერთი სამართლებრივი სტრუქტურა საკუთარი პატრონის წინააღმდეგ არ წავა!

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიამ „ვაჟკაცობა“ გამოიჩინა და ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, ტოტალური მოსმენების პრაქტიკაში მისი მონაწილეობის გამო, ამ იძულებითმა და ყალბმა „აღსარებამ“ არ იმუშავა. პირიქით, მან კიდევ ერთხელ დაუსვა ბეჭედი „ნაციონალური“ რეჟიმის ძალადობრივ ხასიათს, რომელიც უპირველესად პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული.

მართალია, დღევანდელმა ხელისუფლებამ „ნაციონალების“ მიერ „რუდუნებით“ შეგროვილი „მარგალიტების“ (ფარული აუდიო და ვიდეოკადრები) მნიშვნელოვანი ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის ხელდასხმით გაანადგურა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული უკანონოდ მოპოვებული კადრები ბუნებაში არ არსებობს (ასლები „პაჩკებად“ იქნება) ან „ნაციონალური“ რეჟიმის მემკვიდრეებმა ხელი აიღეს ასეთ საცდურებზე - ტოტალური მოსმენები ისევ გრძელდება. ამას არც ფარული მოსმენების წინააღმდეგ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება უშველის, თუ საზოგადოება საკუთარი მოწოდების სიმაღლეზე არ დადგა და მთავრობას ფარული მოსმენების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა (იგულისხმება მოსმენა დანაშაულის პრევენციისთვის) არ აიძულა. თუ ეს ასე არ მოხდა, არ არის გამორიცხული, მომავალში თავისივე დაგებულ ხაფანგში კოალიცია „ქართული ოცნებაც“ აღმოჩნდეს!..

ასეა, ხელისუფლება მოდის და მიდის - ქვეყანა კი რჩება!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: