ენითზონდერები და ალენ დალესის ბრმა მიმდევრები!..

ენითზონდერები და ალენ დალესის ბრმა მიმდევრები!..

როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ჩემს გუშინდელ ინტერვიუს „მძიმე განსაცდელი კარს მოგვადგა, იქნებ ერი ამან მაინც გამოაფხიზლოს!“ განსაკუთრებით გაღიზიანდნენ „ქართული ოცნების“ ფანები და მე რუსოფობიაში და დღევანდელი ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკაში დამადანაშაულეს.

უფლის წინაშე ვაღიარებ: ჩემთვის ვინმეს კრიტიკა დღემდე არ ყოფილა და არც მომავალში იქნება თვითმიზანი. არც არავინ მძულს, მაგრამ საკუთარი მრწამსიდან გამომდინარე, ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ - არ მაინტერესებს, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა!

არ ვბოროტდები და არც მაღიზიანებს, როცა მაკრიტიკებენ, ან გემოვნებას მიწუნებენ, მაგრამ, თუ „ბასრი მახვილი“ ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციას ეხება და ბუნებაში არარსებული ორიენტაციის მიმდევრად „მასაღებენ“, გაჩუმება არ ეგების. ზოგ-ზოგიერთებივით არავისგან ველი დივიდენდებს და არც გროშებზე დავახურდავებ საქართველოს ინტერესებს!

ახლა კი დავაკონკრეტებ: ჩემს გუშინდელ ინტერვიუს გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა ქალბატონ თინიკო გოდუაძის (ძალიან მიყვარს ეს სახელი, რადგან დედაჩემსაც თინიკო ჰქვია) და მისი „თანამოაზრეების“ პიროვნულ შეურაცხყოფამდე დასული რეპლიკა, რომელიც „ყირაზე“ აყენებს ჩემს მისწრაფებებს და თავისუფლად აზროვნების უფლებას მიზღუდავს.

მე არა იმდენად ასეთი მარაზმამდე დასული რეპლიკები და თითიდან გამოწოვილი „ბრალდებები“ მაღიზიანებს, რამდენადაც საქართველოში უკვე ღრმად დამკვიდრებული ტენდენცია - ადამიანს აუკრძალონ განსხვავებულად აზროვნება და თუ იგი მოსალოდნელ საშიშროებაზე ღიად საუბრობს და ყველაფერში ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებს, ლამის მე-5 კოლონის წარმომადგენლად და პუტინის ძმადნაფიცად გამოაცხადონ.

ღმერთმა ყველას მშვიდობაში მოახმაროს   რუსეთიც და ევრო-ამერიკაც - მე ყველაფერს თავისუფალ, ღირსებაშერჩენილ საქართველოში ცხოვრება მირჩევნია, მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია, რეალობა კი საპირისპიროს ღაღადებს!

არსებობს გამოთქმა: „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, თუმცა ამ ეპითეტის გასანეიტრალებლად ზოგიერთები ასეთ ფორმულირებასაც გვთავაზობენ-„ბინძურ პოლიტიკას ბინძური ადამიანები აკეთებენ!“ სამწუხაროდ, მე ჯერ საქართველოში ვერ ვნახე პატიოსანი ადამიანების მიერ გაკეთებული პატიოსანი პოლიტიკა - ყველა ვიღაცის დაკრულზე ცეკვავს, ყველა ვიღაცის დავალებას ასრულებს...

წმინდა ქართული პოლიტიკა, სადაც სახელმწიფოს ინტერესები წინა პლანზე იქნება წამოწეული, არადა, არ ჩანს!

არსებობს ოფიციალური აზრი, რომ მრავალპარტიულობა პოლიტიკური პლურალიზმის და ნამდვილი დემოკრატიის ნიშანია, მაგრამ თუ ამ ფორმულირებას ქართულ რეალობას მოვარგებთ, აღმოვაჩენთ, რომ წვრილ-წვრილ პარტიულ ჯგუფებად, ისტებად და კასტებად დაყოფა-დანაწევრება სასიკვდილო ლახვარს სცემს ერის ერთიან ორგანიზმს და ხელს უწყობს მის დასუსტებას.

ბევრჯერ მქონია სურვილი ჩავრთულიყავი აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიმიღია იმის გამო, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაჯგუფების საბოლოო მიზანი ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ სცილდება და ყველა ცდილობს გარკვეული ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში პირადი ამბიციები დაიკმაყოფილოს!

თუმცა, მიმაჩნია, რომ მე ჩემი პროფესიის და საქმიანობის წყალობით სულ მუდამ აქტიურ პოლიტიკაში ვარ ჩართული... ეს ის პოლიტიკაა, რომელიც არანაირ ფინანსურ დივიდენდებს არ იძლევა, თუმცა, ჩემთვის მართალი სიტყვის სამსახური ყველაზე დიდი დივიდენდია სხვა დივიდენდებს შორის.

გამსახურდიას მმართველობიდან მოყოლებული ვერც ერთი ხელისუფლების „გული ვერ მოვიგე“ - არავის უყვარს მართალი სიტყვა და ყველა საკუთარ ოპონენტად (მოწინააღმდეგედ) მომიაზრებს. სიტყვამ მოიტანა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ჭეშმარიტ ობიექტურ მედია-საშუალებას (საინფორმაციო სააგენტო „ივერონი“) ვხელმძღვანელობდი და საზოგადოების განწყობას თავისუფლად გამივხატავდი. ხოლო, როცა ამის საშუალება არ მქონდა, უყოყმანოდ დავტოვე ასპარეზი და „ჩემი ადგილის“ მოძებნა დავიწყე. ვინც ფიქრობს, რომ „ივერიონი“ ჩასაფრებულის პოზიციაშია და ვიღაცას ( თუნდაც ხელისუფლებას) ჯიბრში უდგას, ძალიან ცდება.

ახლა ისევ გუშინდელ ინტერვიუს და იმ რეაქციას დავუბრუნდები, რომელმაც ეს წერილი დამაწერინა.

ქალბატონ თინიკო გოდუაძეს, რომელიც ეტყობა „ქართული ოცნების“ აქტივისტია (მე ასეთ „აქტივისტებს“ ენითზონდერებს დავარქმევდი!) სხვებიც გამოესარჩლენ და „რუსეთის მეხოტბედ“, „პუტინის ძმადნაფიცად“, ერთი სიტყვით სამშობლოს „მოღალატედ“ გამომაცხადეს. ესეც არ მაკმარეს და ერთ „საიდუმლოებასაც“ ახადეს ფარდა - თურმე მე და ჩემი სააგენტო (რომელიც, ღმერთია მოწამე 100 პროცენტიან ენთუზიაზმზე არსებობს ჯერჯერობით) რუსეთიდან ფულის გადმოქაჩვით ვართ დაკავებული და „ანტიქართული“ სტატიებით საქართველოს ჰაერს ვაბინძურებთ.

მე არა იმდენად ასეთმა თითიდან გამოწოვილმა „ბრალდებებმა“ ამაღებინა კალამი, რამდენადაც იმ საშიშმა ტენდენციამ, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები საქართველოში.

გახსოვთ ალბათ ტერმინი „სააკაშვილის ზონდერები“, რაც უდანაშაულო ადამიანების მიმართ გამოჩენილი ძალადობის შემსრულებლებს გულისხმობდა, ისინი იყვნენ იქ, სადაც „სამშობლოს“ (სააკაშვილის რეჟიმს) სჭირდებოდა ადამიანების დასათრგუნად.

მართალია, ასეთი ზონდერები დღევანდელ ხელისუფლებას არა ჰყავს, მაგრამ ენითზონდერები „ქართულ ოცნებასაც“ არ აკლია- ისინი ბრწყინვალედ ასრულებენ ცნობილი მასონის ალენ დალესის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: დააბრალე ყველაფერი, რისი დაბრალებაც საჭიროა მოცემულ მომენტში, გამიზნულად იმოქმედე მის ადამიანურ ღირსებებზე და მერე თვითონ იმართლოს თავი!

თავის გასამართლებელი არაფერი მჭირს, მე უბრალოდ ენითზონდერების და ალენ დალესის ბრმა მიმდევრების მოძალების გამო მტკივა გული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ბრწყინვალედ სრულდება დალესის პროგრამა: დღითიდღე იზრდება დაპირისპირებულ ადამიანთა ჯგუფები -  ოღონდ რაღაც პრივილეგია მოიპოვონ, ადვილად იმეტებენ ერთმანეთს და „სასიკვდილო“ ეპითეტებსაც არ იშურებენ!

ბოლშევიკური ლოზუნგი - „მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას“ - დღესაც ძალაშია.  ადამიანები იმდენად დაბრმავდნენ და, ბოდიში ამ სიტყვისთვის, დაქლიავდნენ, საკუთარი „მეს-ს“ იქით არც იხედებიან - სიყვარული, თანაგრძნობა, თანალმობა უკვე მივიწყებულ სინონიმებად იქცა!

არადა, საქართველოს მომავალს არა ვიწრო პარტიული ინტერესებისადმი ბრმა მორჩილება, არა დაპირისპირებულ ჯგუფებად დანაწევრება და ერთმანეთისთვის ზურგში მახვილის ჩაცემა, არამედ, ერთად ყოფნა სჭირდება!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: