კახი კახიშვილი: ,,იმის განცდა, რომ ოპოზიციის დაფინანსებისას პრობლემა არ შეექმნება, ქართულ ბიზნესს არა აქვს!“

კახი კახიშვილი:  ,,იმის განცდა, რომ ოპოზიციის დაფინანსებისას პრობლემა არ შეექმნება, ქართულ ბიზნესს არა აქვს!“

,,ივერიონს“  საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი  კახი კახიაშვილი ესაუბრა.
- ბატონო კახი, ცნობილი გახდა, რომ  საქართველოში გამეფებული დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული სამინისტროები უზარმაზარი პრემიებით საჩუქრდებიან. თქვენი აზრით, რამდენად ადექვატურია დასახელებული ციფრები ქართულ რეალობასთან?
- იმას, რომ ქართული  სამინისტროების საქციელი  არარეალურია, ფართო  ანალიტიკური უნარი არ სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში რომ სრულყოფილი  და მიუკერძოებელი აუდიტის სამსახური არსებობდეს, სამინისტროებს ამგვარი ქმედების გამო პასუხს მოსთხოვდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ პირობებში, როცა პენსიონრები ღამეებს ათევენ ხვალინდელ წამალსა და პურზე ფიქრში, ასეთი ქმედება უზნეობის ტოლფასია. 
ამასწინათ თეა წულუკიანს მოვუსმინე, როცა ამბობდა, მაღალი ანაზღაურების გარეშე კომპეტენტური კადრები წამყვან თანამდებობებზე არ იმუშავებენო. მე თუ მკითხავთ, დღევანდელი მთავრობა კომპეტენტურობით ვერ დაიტრაბახებს!
მე  ბევრს ვიცნობ ახალ მთავრობაში, ვინც ,,ქართული ოცნების“  გამარჯვებამდე უმუშევარი იყო.  მაშინ რატომ ვერ ახერხებდნენ ცოდნითა და კომპეტენტურობით სამუშაოს შოვნას?!  ხელისუფლებამ წელიწადნახევრის განმავლობაში იმდენი დანაპირები დატოვა, პრემიები მართლა არ ეკუთვნით!
საჯარო სამსახურში არ უნდა გამდიდრდე, უნდა იცოდე, რომ იქ  შენი მეგობრების, მეზობლებისა და ნათესავების ცხოვრების მოსაწყობად არ მიდიხარ!
- ბატონო კახი, თქვენ განაცხადეთ, რომ თუ ადრე ქართულ ბიზნესზე  ,,ნაციონალური მოძრაობა“  ძალმომრეობდა, დღეს     „ქართული ოცნების“ ზეწოლას განიცდისო. რამ მოგცათ ამის თქმის საფუძველი?
-მე არ ვსაუბრობ წვრილ და საშუალო ბიზნესზე, რომელიც თავს ძლივს ირჩენს, არამედ მსხვილზე, რომელიც არავის აფინანსებს ხელისუფლების გარდა. ასე იყო   შევარდნაძისა  და სააკაშვილის დროსაც. ხელისუფლებამ ვერ შეძლო ისეთი რეგულაციების შექმნა, რომელიც არ შეაშინებს მსხვილ ბიზნესს ხელისუფლების ოპონენტების დაფინანსებისას.
- პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ თქვენს ამ განცხადებას სიცრუე უწოდა...
- გადახედეთ შემომწირველთა სიას  სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე და ნახავთ, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ერთ თვეში მილიონი ლარი ჩაერიცხა შემოწირულობის სახით. დიდი ლოგიკა არ სჭირდება, რომ, სხვა პარტიებთან შედარებით, უზარმაზარი სხვაობა დაინახო. მე მანანა კობახიძის რეპლიკაზე კომენტარს არ გავაკეთებ,მან ისედაც კარგად იცის ამის შესახებ.ისიც სირცხვილია, ხელისუფლება ყოველდღე  ,,ნაციონალებს“  რომ ადარებს თავს და თავის უპირატესობაზე ასე საუბრობს.
- ადასტურებთ, რომ დღეს ქართული ბიზნესი ისევ შევიწროებულია და ახალ მფარველს ეძებს?
- არ მგონია, ზეწოლა პირდაპირი იყოს, მაგრამ განცდა, რომ ოპოზიციის დაფინანსებისას პრობლეmა არ შეექმნება, ბიზნესს არ აქვს!

ესაუბრა ია ჯღარკავა 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: