არჩილ წაქაძე:-"იდეოლოგია - ნული, მხოლოდ ფული"

არჩილ წაქაძე:-"იდეოლოგია - ნული, მხოლოდ ფული"

   ერთ თვეზე ნაკლები რჩება  არჩევნებამდე.

   ძალიან სუსუტი სია წარმოადგინა "ოცნებამ". გათვლა ისევ 41 ნომრის მაგიურ ძალაზეა და ბიძინას მადლზე.

მმართველობის პერიოდში გამოჩენილი უთავბოლობა, უპრინციპობა, ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები, სამართლიანობის დამკვიდრების არათუ შესაძლებლობა, სურვილის არარსებობის მრავალგზის დადასტურება წესით "თვალს უნდა უხელდეს" ამომრჩეველს, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსი, დიდი ფინანსური ზურგი და ტრადიციული დამოკიდებულება მმართველი ძალისადმი, სერიოზული საარჩევნო კაპიტალია.

   "ნაცებზე" წესით შეჩერებაც არ უნდა ღირდეს...

   "ბურჯანაძე+ქდმ"-ზე უცნაური გაერთიანება ალბათ სომხურ-აზერბაიჯანული ჰოკეის ნაკრები თუ იქნება. ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს ამ გუნდის მიმართ, თან მხედველობაში იმასაც თუ მივიღებთ, რომ ნაცებთან ერთად არც თუ საამაყო საქმეებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, ხომ მთლად... ქდმ-ს        "დამოუკიდებლობა და ბურჯანაძის "პრორუსულობა" ცალკე თემაა, ისეთივე, როგორც მისი მონაწილეობა ყველა იმ მახინჯი კანონის მიღებაში, რომლითაც გვიწევს არჩევნებში მონაწილეობა.

   ასევე ყველა ლოგიკასაა მოკლებული ახალი მემარჯვენეებისა და კუკავას გაერთიანება. ყველას, გარდა ბარიერის გადალახვის და ფინანსური სარგებლის მიღების სურვილისა. ანუ იდეოლოგია - 0, მხოლოდ ფული.

   "პატრიოტთა ალიანსს" არ ვიცნობ. მხოლოდ ამ ორგანიზაციის ცალკეულ წევრებს, რომელთაც პატივს ვცემ და აქედან გამომდინარე არა საკუთარი, არამედ ხალხში გავრცელებული შეხედულება უნდა გავაჟღერო - ამომრჩეველი რადიკალურ ძალად მიიჩნევს, რაც იმდენად მობეზრებული თემაა, რომ დიდი წარმატების იმედი არ სჩანს.

   თითქოს არ არსებობს ძალა, რომელიც ყოფილი თუ არსებული ხელისუფლების სატელიტი არ იქნება, რომელიც ვიწრო მერკანტილური ინტერესით არ მიილტვის სავარძლისკენ, რომელიც ამომრჩეველს არჩევნების ჩავლისთანავე 4 წლით არ ივიწყებს, რომელსაც რამდენჯერმე სხვადასხვა ტყავში გახვეულს არ ჰყავდეს მოტყუებული ამომრჩეველი...

   რა დაგვრჩენია?! თუმცა ალბათ დაკვირვებული თვალი ნათელ წერტილს მაინც აღმოაჩენს...ამისთვის კი საჭიროა აუცილებლად მივიდეს ამომრჩეველი არჩვენებზე  საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოხატონ და არჩევის უფლება გამოიყენონ.

არჩილ წაქაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია-"ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: