ზურაბ ცერცვაძე : ,,2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული გზით შევცვლით დღევანდელ ხელისუფლებას!“

ზურაბ ცერცვაძე :  ,,2016  წლის საპარლამენტო არჩევნებზე  დემოკრატიული გზით შევცვლით დღევანდელ ხელისუფლებას!“

,,ივერიონს“  ესაუბრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საჩხერის ყოფილი გამგებელი ზურაბ ცერცვაძე

-ბატონო ზურაბ, თქვენ ნაციონალური მოძრაობის ზეობის პერიოდში საჩხერის გამგებელი იყავით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ რეჟიმს ემსახურებოდით, რომელსაც 2012 წლის ოქტომბრის  არჩევნებში უარი უთხრა ქართველმა ამომრჩეველმა. როგორც ცნობილია, არჩევნების შემდეგ, თქვენ საქართველოც დატოვეთ...

-მე გამგებლად ორი ვადით ვიყავი არჩეული და პირნათლად ვემსახურე ჩემს რაიონს ჩემი მიღწევებითა და შეცდომებით.

სიტყვა რეჟიმი უადგილოა, თანაც მე არანაირად არ დამიტოვებია ჩემი ქვეყანა და პოლიტიკა - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თბილისში ვმუშაობდი საჯარო სამსახურში და მხოლოდ ამ სამსახურის დატოვების შემდეგ, 6 თვით,  მეუღლესთან ერთად,  წავედი აშშ-ში  და  იქაც არ მოვწყვეტილვარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრება და აქტიურად ვიყავი  ჩართული ქართული დიასპორის საქმიანობაში.

-გაქვთ თუ არა გამარჯვების შანსი და კოჰაბიტაცია ,,ნაციონალებსა“ და ,,ქართულ ოცნებას“ შორის რეგიონულ დონეზეც მიღწეულია?

-შანსებზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, თუმცა კოჰაბიტაცია და თანამშრომლობა ცუდი არ არის, თანაც რაიონულ დონეზე,  სადაც პოლიტიკური პაექრობას  ყოველთვის კონკრეტულ პრობლემებზე კონცენტრირება სჯობს.

- 2012 წლის არჩევნებში თქვენ იყავით ის საჯარო მოხელე, რომელსაც ამომრჩეველი, უხეშად რომ ვთქვათ,  ქვებით დაგსდევდათ.  საინტერესოა, რამ შემოაბრუნა იგივე ამომრჩეველი დღეს თქვენს სასარგებლოდ?

-დღეს,  როცა ამომრჩეველს  ვხვდები, უმეტესად პატივისცემას და მადლიერებას ვგრძნობ და ეს ძალას მმატებს.  ვთვლი, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებში გაღიზიანება ჩემი პიროვნული ფაქტორის გამო  ნაკლებად იყო და ამას იმ ზოგად ჭრილში განვიხილავ.

-როგორც ამბობენ, პოლიტიკაში მოსვლამდე, აქტიურად იყენებდით ბიძინა ივანიშვილს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. რატომ არ დაუდექით გვერდში არჩევნების დროს?

-არასოდეს არავინ გამომიყენებია ჩემს პოლიტიკურ კარიერაში. ყოველთვის ჩემი სახელი და გვარი მქონდა ჩემს ქალაქში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი გამგებლობის პერიოდში მადლიერება არ გამომეხატა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც, გარკვეულ ეტაპზე, საჩხერლების პრობლემების მოგვარებაში გარკვეული წვლილი შეჰქონდათ. ..

-ვინ არის თქვენი რეალური კონკურენტი საჩხერის რაიონში და რა გზავნილები გაქვთ, თქვენი კონკურენტებისგან განსხცვავებით?

-კონკურენტებზე ნაკლებად ვისაუბრებ და ვთვლი, რომ საჩხერის საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობა“ ღირსეულად იქნება წარმოდგენილი.

-თქვენი ახლანდელი გადაწყვეტილება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს მეხსიერება დაუქვეითდა ან ღირსებაზე  საერთოდ აიღეს ხელი, რადგან შეიძლება მტერს, ზოგადად ვამბობ, მიუტევო, მაგრამ მეორედ არ უნდა ენდო!!!

-ხალხს არაფერი ეშლება და არაფერი არ ავიწყდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძალაუფლების ერთადერთი წყარო  დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ ხალხია!

-თქვენი აზრით, ხალხს ნოსტალგია ხომ არ გაუჩნდა ,,ნაციონალების“მ მიმართ. რა ვერ გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ და იკლო  თუ არა მისმა რეიტინგმა?

-ახალი ხელისუფლების რეიტინგმა ნამდვილად იკლო და ხალხს ნოსტალგია გაუჩნდა საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალის მიმართ. ასეთი  ადამიანები ნაკლებობას კი ,,ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს განიცდიდა.

-თქვენი გამარჯვების შემთხვევაში,  დატოვებთ თუ  არა ახალ გუნდს თუ ისევ ყოფილ თანაგუნდელებთან აპირებთ მუშაობას?

-საჩხერის მოყვარულ ყველა კომპეტენტურ  ადამიანთან ერთად ვაპირებ მუშაობას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად!

-თქვენი აზრით როგორია ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა ზოგადად და კონკრეტულად რეგიონებში?

-მათი საკადრო პოლიტიკის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ იმას აღვნიშნავ,  რომ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, არ ვაპირებ პოლიტიკური ნიშნით კადრების წახალისებას.

-გაყალბების გარეშე, აქვს თუ არა ხელისუფლებას არჩევნების მოგების შანსი?

-რაც შეეხება გაყალბებას, არა მგონია ვინმეს დღეს ამის იმედად შეეძლოს ხელისუფლების შენარჩუნება.

მე ვფიქრობ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობას“ გაცილებით უკეთესო შედეგები ექნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰქონდა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დემოკრატიული გზით შევცვალოთ ეს  ხელისუფლება და გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარებისა და ევროპასთან დაახლოების კურსი.

 

                                                         ესაუბრა მირანდა                                                          ჭარხალაშვილი

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: