მერე რა გეშველებათ არჩევნები რომ წავა?!

მერე რა გეშველებათ არჩევნები რომ წავა?!

სოციალურ ქსელში დიდი ანშლაგით გავრცელდა ერთი მეგრელი ახალგაზრდა კაცის (ამ შემთხვევაში მხოლოდ კუთხურობას ვუსვამ ხაზს) საკმაოდ მოსწრებული კაფია-სიმღერა _ „მერე რა გეშველებათ, ბიძინეი რომ წავა?!“

სხვათაშორის, ამ გასიმღერებულ კაფიაში ისეთი სიბრძნეა ჩაქსოვილი, ბევრ ე.წ. ექსპერტ-პოლიტიკოსსაც რომ შეშურდება!..

ამ პატარა შესავლის შემდეგ მინდა კაფია-სიმღერის პერეფრაზირება გავაკეთო და ხმამაღლა განვაცხადო: „მერე რა გეშველებათ, არჩევნები რომ წავა?!“

ხალხნო და ჯამაათნო: კარგია თემატურ ჯგუფებს რომ ქმნით და ვიღაც-ვიღაცებს რომ გულშემატკივრობთ და აპიარებთ, მაგრამ, ყრუ კედელს თუ აღმართავთ და სხვა საინტერესო და სისხლხორციელ ინფორმაციებს თუ არ გააჭაჭანებთ, რა მოგებას მიიღებთ ამით?

უკვე მერამდენე თემატური ჯგუფის წარმომადგენელმა მისაყვედურა, არათემატურ თემებს ჩემს ჯგუფში ნუ აშიარებთო, ზოგიერთი დაბლოკვითაც დამემუქრა, რამაც შიშის ნაცვლად ღიმილი მომგვარა!..

თქვე კაი ადამიანებო, ასეთი ჯგუფები „პაჩკობითაა“ შექმნილი ქართულ სოციალურ სივრცეში და მერე რა? ზოგიერთი ასეთი ჯგუფი დღესაც არსებობს, მაგალითად: „სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი“ (რაში უჭერენ ახლა მხარს ნეტავ?!), „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად“ (მარგველაშვილის ჯერ გადადგომას არ აპირებს!) „კახა კახიშვილი საქართველოს გენერალურ პროკურორად“ (რამდენი პროკურორი გამოიცვალა, მაგრამ კახიშვილს ხელისუფლება ახლოს არ იკარებს!), „ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატურაა“ (არა, არ გვჭირდებაო!), „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრად“ (იყო და კარგა ხანია წავიდა - აბრა კი დარჩა), „ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გარემოცვას“ (ისე წავიდა, არც გადაუხედია!)...

დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ სახელდახელოდ შექმნილ ჯგუფებსაც იგივე ბედი ეწევა - არჩევნები დამთავრდება, მერე ეს ჯგუფებიც ყველას მიავიწყდება და ისევ სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდებით!..

რაც შეეხება „ივერიონის“ მიერ გაზიარებულ მასალებს, ჩვენ უფრო სხვანაირად ვფიქრობდით, - გვეგონა, მადლობას გვეტყოდით უანგარო სამსახურისთვის, პირიქით კი ხდება.

საინტერესოა, ნუთუ არჩევნების პერიოდში ყალბი ემოციების, ბოდიშის ვიხდი და ერთ ადგილში შეძვრომის (რომ მერე  სამსახურები და პრივილეგიები მოიპოვონ), მეტი არაფერი გვაინტერესებს?!

მერე რა გეშველებათ არჩევნები რომ წავა?!

ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: