მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, არ შემოიტანონ არეულობა საარჩევნო კამპანიაში

მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, არ შემოიტანონ არეულობა საარჩევნო კამპანიაში

მინდა გამოვეხმაურო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე განხორციელებულ პირდაპირ ზეწოლას და საოლქო კომისიის შენობის შტურმით აღების მცდელობას. ეს ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუშვებელია. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს, ყოფილი ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ განვითრებულ მოვლენებს. 

ირაკლი ღარიბაშვილი მომხდარს კომისიის თავმჯდომარეზე პირდაპირ ზეწოლად აფასებს და აღმაშფოთებელს უწოდებს. 

მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს მიმართა, პირადად გააკონტროლონ აღნიშნული საქმის გამოძიების ყველა დეტალი და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ. 

„ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვაცხადეთ, რომ არ დავუშვებდით გაუმჭვირვალე საარჩევნო გარემოს საქართველოში. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო უნიკალური და უპრეცენდენტო რეგიონში და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ იგივე პირობებში ჩავატაროთ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.  

ღარიბაშვილის შეფასებით, თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელოვნური პროვოკაციის მოწყობის მცდელობაზე მიუთითებს. 

„მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შემოიტანონ რაიმე სახის არეულობა საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ძალიან პრინციპული საქმე ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არ ეხება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: