თენგიზ გუნავა:-"ინფორმაციები, რომლებსაც ვფლობ, პანიკურად აშინებს დღევანდელ ხელისუფლებას"

თენგიზ გუნავა:-"ინფორმაციები, რომლებსაც ვფლობ, პანიკურად აშინებს დღევანდელ ხელისუფლებას"

   "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი თენგიზ გუნავა მასსა და მის ოჯახზე ზეწოლაზე საუბრობს და  დიპლომატიურ კორპუს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას ღია წერილით მიმართავს, სადაც ძალადობაზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ.

   "მაქვს პატივი მოგმართოთ, როგორც ჩემი ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლმა რიგითმა ქართველმა, რომელსაც სხვა მიზანი, გარდა ჩემი ქვეყნის უანგარო სამსახურისა, არ მქონია, არ მაქვს და ამას ჩემი განვლილი ცხოვრება ადასტურებს. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ჩემი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა და მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, როგორც ერთადერთი გზა რუსული აგრესიის პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნების. ამისთვის, ვიბრძოდი, ვიბრძვი და ვიბრძოლებ.

   მე არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკოსი, თუმცა ჩემს ქვეყანაში  ბოლო დროს განვითარებულმა და პრორუსული, ოკუპანტი ძალების გააქტიურებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება ვმდგარიყავი  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გვერდით, რის შემდეგაც მე გამოვიარე არაერთი უსამართლო დევნა, მათ შორის პატიმრობაც. დღეს, როდესაც მე ვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი ზუგდიდის რაიონში, სადაც პოლიტიკურად ყველაზე მეტად უჭირს დღევანდელ ხელისუფლებას, ჩემს წინააღმდეგ ითითხნება აბსოლუტურად მიუღებელი, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული ბრალდებები, ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთანაც არაფერი მაქვს საერთო. ამ პროცესებს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სამსახური. მასობრივად ხდება ჩემი მომხრეების, თანაგუნდელების, ყოფილი თანამშრომლების დაბარება-დაშინება. შსს-ს სტრუქტურებში ჩემი მუშაობის პერიოდიდან მე ვფლობ არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას და რაც, რატომღაც პანიკურად აშინებს დღევანდელ ხელისუფლებას.

   მოგმართავთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, როგორც დემოკრატიული პრინციპების მთავარ გარანტებს:  ჩემს წინააღმდეგ ორი წლის წინ დაწყებული პოლიტიკური დევნა დღესაც გრძელდება და ჩემი ინფორმაციით აქტიურ ფაზაში შევა 15 ივნისამდე, რაც დემოკრატიის მთავარი პრინციპების, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური შეხედულების უხეში ხელყოფაა და დისკრედიტაციაა.

   ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაინტერესდეთ და მაქსიმალურად აიყვანოთ კონტროლზე, ხელისუფლების მხრიდან, ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის პროცესები, რომელსაც ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ ახორციელებს. ვალდებულად ვთვლი, გაცნობოთ, რომ საფრთხის ქვეშ ვარ არამხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახი, თანაგუნდელები და მხარდამჭერები. ნემისმიერი ძალადობა, რომელიც შეიძლება მოხდეს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებზე 15 ივნისამდე და მას შემდეგ, ცალსახად იქნება ინსპირირებული ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ - სრულ პასუხისმგებლობას, მოვლენების შესაძლო ძალადობრივი გზით განვითარებაზე, ვაკისრებ პირადად მას.

   გთხოვთ, მიიღოთ ზომები, ჩემი, ჩემი ოჯახის წევრებისა და თანაგუნდელების უსაფრთხოების უზურუნველსაყოფად - თქვენი მხრიდან, ამ თემით დაინტერესება და მუდმივი კონტროლი, სწორედ იმის გარანტად მიმაჩნია, რომ მე, როგორც მთვარი ოპოზიციური ძალიდ წარმომადგენელმა, ჩემს მშობლიურ ქალაქში წაინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება მშვიდ და თანაბარ უფლებიან გარემოში შევძლო".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: