"ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინფორმაციას მკვლელობის შესახებ ფლობდა თენგიზ გუნავაც"

"ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინფორმაციას მკვლელობის შესახებ ფლობდა თენგიზ გუნავაც"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმის გახსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენის მიზნით და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდისა და პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმისა, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული პაატა ქარდავას მკვლელობის საქმე და უმკაცრესად უნდა იქნეს დასჯილი მკვლელობის შემკვეთი და მონაწილე ყველა პირი. ორგანიზაციის სახელით სპეციალურ განცხადებას ნიკოლოზ მაღალთაძე ავრცელებს.

   -"ორგანიზაცია ითვალისწინებს რა უდანაშაულობის პრეზუმციას, ვერ მოახდენს აღნიშნულ საკითხში კონკრეტული პირის დადანაშაულებას. თუმცა, მიგვაჩნია, რომ შესაძლოა, თენგიზ გუნავა არ იღებდა უშუალოდ მონაწილეობას სპეცოპერაციაში, მაგრამ გამორიცხულია არ ჰქონოდა ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო პაატა ქარდავას მკვლელობის  დაგეგმვის ან მომხდარი ფაქტის შესახებ, რადგან მის დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო სამსახურებს პიროვნების გაუჩინარებისა და ძიების დაწყების შესახებ უნდა ეცნობებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. შესაბამისად სპეცოპერაციის დეტალები ამის შემდეგ მაინც უნდა გამხდარიყო გუნავასთვის ცნობილი. 

   იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ იმდროინდელი შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის თანამშრომლები, ხოლო აღნიშნულ მკვლელობაში ბრალდებული ამავე სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინფორმაციას მკვლელობის შესახებ ფლობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის იმდროინდელი სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავაც. 

   მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა უნდა იმოქმედოს კანონის უზენაესობიდან გამომდინარე და არა წინა საარჩევნო მიზეზების გათვალისწინებით. 

   მივმართავთ ძალოვან და საგამოძიებო სამსახურებს იმოქმედონ კანონის შესაბამისად და მიმართონ ყველა კანონიერ ძალას, რათა საბოლოოდ აღდგეს სამართლიანობა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: