ცსკ-ში სხდომა გაიმართა

ცსკ-ში სხდომა გაიმართა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით  საარჩევნო ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2014 წლის 15 ივნისის განცხადება თანდართულ ფოტომასალებთან ერთად გადაეგზავნათ ქ.თბილისის მერიას და  საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოს საკითხის შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. ფაქტები ეხებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი საქართველოს დედაქალაქის თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის - ხათუნა ბერძენიშვილის და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში საჩხერის თემის გამგებლობის კანდიდატად წარდგენილი პირის ნუგზარ დუშუაშვილის ამსახველი სააგიტაციო პლაკატების "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალით გადაფარვას.

   კომისიამ №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში ბლოკ "ქართული ოცნების" წარმომადგენლის დაჩი ცხვედიაშვილის 2014 წლის 14 ივნისის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 13 ივნისის №087/2014 განკარგულება, რომლის მიხედვითაც უსაფუძვლობის გამო, საარჩევნო ბლოკ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლის დაჩი ცხვედიაშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 

   ასევე არ დაკმაყოფილდა საარჩევნო ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2014 წლის 13 ივნისის საჩივარი და ძალაში დარჩა №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 13 ივნისს მიღებული  განკარგულებები №088/2014 - "ბლოკი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელის ბ-ნ მ. მაჭავარიანის 2014 წლის 28 მაისის №1108/01 საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ" და №078/2014 – "№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არსებული საარჩევნო უბნების კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ". მომჩივანს, უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების მოთხოვნაზე.

    კომისიამ განიხილა და უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა საარჩევნო ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2014 წლის 15 ივნისის განცხადება, რომელიც საარჩევნო ბლოკ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ჩხოროწყუს თემის გამგებლობის კანდიდატის დავით გოგუას საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხებოდა.

   სხდომაზე, განუხილველი დარჩა საარჩევნო ბლოკ "თვითმმართველობა ხალხს" თავმჯდომარის – სერგო ჯავახიძის 2014 წლის 14 ივნისის განცხადება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: