Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
17-06-2014, 17:38
ნანახია: 1031

ვინ მოუჭერს ჭანჭიკებს?!

გუშინ „ივერიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა მსახიობმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიურმა მხარდამჭერმა ნანა ხურითმა სინანულით აღნიშნა, რომ „გაბუტული, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხალხი არჩევნებზე არ მოვიდა...“

 

სხვათაშორის, ხურითის ასეთ განცხადებას უკმაყოფილოდ შეხვდნენ მისი თანაგუნდელები, თუმცა ბევრმა ამ ახალგაზრდა ქალბატონში თამამი და საღად მოაზროვნე ადამიანი დაინახა და თვლიან, რომ რაც მეტად თვითკრიტიკულები იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და რაც ადრე გააკეთებენ საჭირო დასკვნებს, მით უკეთესი იქნება მათთვის... სხვა საკითხია, რამდენად უკეთესი იქნება ეს საქართველოსთვის!

 

იმათ, ვისაც მეორე ტური აშფოთებს, ძია სემმა უნიკალური „ელექსირი“ გამოუგზავნა და დაამშვიდა: მეორე ტური ნამდვილი დემოკრატიის (ისევ ეს ყბადაღებული დემოკრატია) ნიშანია და იმის დასტურია, რომ კოჰაბიტაციამ კარგად იმუშავაო!

 

ვეთანხმები ბატონ სოსო ცისკარიშვილს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ „ცეკვისთვის არ უნდა ეცალოს“, რადგან თუ ხალხი ისევ გაჯიუტდა, უკეთეს შედეგს ნამდვილად ვერ მიიღებენ, ხოლო, თუ დაპირებებზე და დაპირებების პირნათლად შესრულებაზე მიდგება საქმე, „ნაციონალებს“ უფრო მეტად ენდობიან, რადგან მათ ხალხის ორ გროშად მოსყიდვა კარგად ეხერხებათ!..

 

სარწმუნო წყაროები ამბობენ, რომ „ოცნებას“ მაპატიეთ და უკვე ჟიმ-ჟიმი აქვს დედაქალაქში - არჩევნების მეორე ტური შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მათი რეიტინგისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, მე არ მჯერა რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს, მაგრამ გააჩნია, რა უპირატესობა ექნება დავით ნარმანიას „ნაციონალების“ ფავორიტთან შედარებით.

 

თუ თბილისში მაინცდამაინც მეორე ტური გახდებოდა საჭირო, არ გამიკვირდებოდა საარჩევნო  რინგზე ერთმანეთს დავით ნარმანია და დიმიტრი ლორთქიფანიძე შეხვედროდნენ, მაგრამ მელიას მეორე ადგილზე გასვლა ნიშნავს, რომ „ოცნებას“ ჭანჭიკები აქვს მოშვებული და თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ნაწილ-ნაწილ დაიშალოს - ოღონდ ეს დაშლა, როგორც იტყვიან, მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალების“ წისქვილზე დაასხამს წყალს!

პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, როგორი იქნება არჩევნების მეორე ტურის შედეგები - უფრო არსებითია ის, თუ როგორ მოახერხა „ოცნებამ“ ჩასაძირად განწირული გემის - „ნაცმოძრაობის“ - სამშვიდობოს გაყვანა და მისი სრული რეანიმაცია?!

 

აქვე დავიმოწმებ ჩემი ერთ-ერთი კოლეგის სიტყვებს, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში აღელვებულმა მომწერა: მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალების“ თავგადაკლული მხარდამჭერები იყვნენ და თავზე ამტვრევდნენ „ოცნების“ მხარდამჭერ ჟურნალისტებს ვიდეოკამერებს (მაშინ იგი „ინფო 9“-ში მუშაობდა), დღეს „ქართული ოცნების“ სახელით მერები და გამგებლები გახდნენ თურმე - აქ არა იმდენად  კოჰაბიტაციასთან გვაქვს საქმე, რამდენადაც ღირსების აყრასთან და სრულ უნამუსობასთან, რომელიც ხვალ-ზეგ საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდება!

 

სწორედ ამიტომ ვწერდი ჩემს გუშინდელ სტატიაში: დროა პოლიტიკური პარტიები მოვხვეტოთ და ნაგავში მოვისროლოთ-მეთქი!

კომუნისტური ეპოქა ჩემს და ჩემზე უფროს თაობას, რაც იყო კარგად გვახსოვს - ისიც ისეთივე თავსმოხვეული სისტემა იყო, როგორიც დღევანდელი დემოკრატიაა, თუმცა, მიუხედავად ფორმალური ელემენტებისა და იდეოლოგიური წნეხისა, სტაბილურობის განცდას იძლეოდა. რაც მთავარია, სისტემას დემოკრატიული აჯაბსანდალისგან განსხვავებით ჰქონდა სოციალური დაცვის მყარი გარანტიები.

 

რა მოგვცა მრავალპარტიულმა დასავლურმა დემოკრატიამ?!

 

საზოგადოების დაშლა დაპირისპირებულ ჯგუფებად, რომლის მიზანია „გათიშე და იბატონე“, აქედან გამომდინარე, როცა პლურალიზმზე და მრავალპარტიულობაზე ვაკეთებთ აქცენტს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესები ყოველთვის შთანთქავს სახელმწიფოს ინტერესებს... ძია სემის მიზანიც ეს არის - დავავიწყოთ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნება!

 

დღევანდელი გადასახედიდან „ქართული ოცნების“ პრობლემა მარტო იმაში კი არ არის, „ნაციონალებთან“ „იძულებით“ თუ ჰარმონიულ კოჰაბიტაციაში რომ შევიდნენ, უფრო არსებითია დემოკიდებულება, რომელსაც ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ავლენენ ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. ცოცხალ მაგალითად თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  დასახელებული კანდიდატებიც კმარა, რომელიც უდრო ნათლიმამობის (ნეპოტიზმის) პრინციპითაა შერჩეული, ვიდრე მათი საქმიანი თვისებებით.

 

დიახ, საკადრო პოლიტიკა დღევანდელი ხელისუფლების, ისევე როგორც მათი წინამორბედების, აქილევსის ქუსლია, რომლის გამოსწორებაზე ნამდვილად არავინ ფიქრობს.

 

არადა, ქვეყანას პროფესიონალები უნდა მართავდნენ და არა პარტიული ნიშნითა და ნეპოტიზმით შერჩეული ურწმუნო და არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქოცნაცუნები!

 

ზაურ ნაჭყებია