ირაკლი ალასანია:-"საქართველოს თავდაცვის უწყებამ გამჭვირვალობისა და სამოქალაქო კონტროლის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია"

ირაკლი ალასანია:-"საქართველოს თავდაცვის უწყებამ გამჭვირვალობისა და სამოქალაქო კონტროლის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია"

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ირაკლი ალასანიამ კემბრიჯის უნივერსიტეტის ქლიარის კოლეჯში ბრიტანულ-ქართული საზოგადოების მე-2 ყოველწლიურ სემინარში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პანელში "ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები: საქართველოს პერსპექტივები" სიტყვით გამოვიდა. მოხსენების დასაწყისში ირაკლი ალასანიამ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა. გამოსვლის მთავარი თემა იყო საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ქვეყნის პერსპექტივები სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე. ირაკლი ალასანიამ საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა უკრაინის კრიზისზე და აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენაჩუნების გზებზე ისაუბრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მიზნით გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო. მისი განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია ჩამოყალიბდეს ნატოსთან თავსებადი და პროფესიული არმია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყებამ გამჭვირვალობისა და სამოქალაქო კონტროლის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

   გამოსვლის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.

   -"კემბრიჯში საქართველო-ბრიტანეთის საზოგადოების მიერ მოწყობილ დღევანდელ განხილვებში საქართველოს თემა განხილული იყო როგორც ევროპასა და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხითაც, ასევე, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ბრიტანელებთან. ჩვენ ძალიან ღიად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამხელა კონტრიბუციას აკეთებს საქართველო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მნიშვნელოვანია, რომ ნატომ და ევროკავშირმა ეს დააფასოს და შემდეგ სამიტზე რეალურად გადაიდგას ნაბიჯი საქართველოს უფრო დაახლოებისკენ. ჩვენ ვთვლით, რომ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ასე თვლის დღეს დამსწრეების დიდი უმრავლესობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აისახება ნატოს მომდევნო სამიტზე" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

   თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ასევე, დისკუსიაში "შავი ზღვის რეგიონი - საქართველოს, უკრაინისა და აღმოსავლეთ პარტნიორების პერსპექტივები". მან ევროპის უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გამოსვლისას მინისტრმა სამი ძირითადი ასპექტი გამოყო: რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, დემოკრატიული ღირებულებები და ევროატლანტიკური სტრუქტურების გაფართოება, ასევე რეგიონი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი. პანელში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამომსვლელები იყვნენ გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ელჩი დიტერ ბოდენი, დიდი ბრიტანეთის არმიის მე-11 ჯავშანსატანკო ბრიგადის მეთაური, გენერალი გარი ჯონსონი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ბრიტანელი დიპლომატი ბრაიან ფოლი და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი აღმოსავლეთ ევროპაში, ენდრიუ ვილსონი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: