სალომე კაპანაძე:-"დარახველიძე სერგეენკოსა და კალაძის გვერდით არ უნდა იჯდეს!"

სალომე კაპანაძე:-"დარახველიძე  სერგეენკოსა და კალაძის გვერდით  არ უნდა იჯდეს!"

   "დემოკრატიულობაზე საუბრობს მინისტრი, რომელმაც ამ თვალსაზრისით პირველი დარტყმა მიაყენა ახალ ხელისუფლებას"

   "ივერიონი"ორგანიზაცია ,,აფხაზეთი-ჩემი სახლის" თავმჯდომარეს, პროფესორ სალომე კაპანაძეს დენილთა პრობლემებზე ესაუბრა.

   -მინდა ვაღიარო, რომ ოპონირება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნა. ხშირად დაუმსახურებლადაც გაკრიტიკებენ, ვინაიდან გარედან მოვლენები განსხვავებულად იკითხება, მაგრამ  საგანგაშო ეგ არ არის, საგანგაშო- ინდეფერენტულობაა. როცა საზოგადოება  ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ინტერესს კარგავს. ეს არის ფაზა მოქალაქეობრივი ნიჰილიზმის, რომელიც სახელმწიფოებრივი ცნობიერების ატროფირების ტოლფასია.  იმედია, ჩემი გულწრფელი სურვილი შევეხმიანო რეალობას, რომელიც  გუნდური თამაშის წესების მიღმა დგას, არ იქნება აღქმული მტრულად.  მე არ მაქვს კავშირი პარტიულ პულსაციებთან და განუხორციებელ სურვილად აღვიქვამ იმის დაკანონების მცდელობას, რომ   ერთ რომელიმე  პარტიაში  მოვუყაროთ თავი იდეალურ ადამიანებს. ჩვენ ოჯახებში ვიზრდებით და პოლიტიკაში უკვე ჩამოყალიბებული ზნეობით შევდივართ.    ოცნება, რომელმაც მთელი საქართველო შეიძლება გაერთიანოს, მორალური პროფესიონალების  გუნდის ყოფნაა  ქვეყნის მართვის სადავეებთან, რომელსაც  მსახურის მენტალობა აქვს და არა ბატონის. ქართული საზოგადოება ყოველთვის გრძნობს  და ობიექტურად აფასებს პოლიტიკოსების ასეთი ნაწილის ფაქტორს. თუმცა მათ გვერდით ხომ ისინიც არიან, ვისი საქმიანობა თვითგანადგურების საფრთხეების შემცველია ხელისუფლებისათვის. დევნილებმა  ყველაზე მეტი მსხვერპლი გავიღეთ სამშობლოსათვის. ჩვენ  აღმოვჩნდით ბოლო ოცწლეულის უდიდესი პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლნი და გავიარეთ ნებისყოფის, სიმტკიცის, სიცოცხლის სიყვარულის ტესტი. საკუთარი წარსულიდან გამოძევებული ჩემი თაობისთვის აფხაზეთის გარეშე ყოველთვის სიმბოლური იქნება ბედნიერების განცდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ სამინისტროს ხელმძღვანელს, რომელსაც ჩვენთან ურთიერთობა უწევს, ტენდერების ჩატარებისა და ციფრებით მანიპულაციის გარდა  სულიერი ხედვის მცირე უნარი და  სახლმწიფოებრივი აზროვნების,  დათმენის, ადამიანებთან ურთიერთობის ნებისყოფა  უნდა გააჩნდეს. მინდა ვიკითხო, რა ნიშნით და რა დამსახურებისთვის ჩააბარეს ჩვენი ბედი ადამიანს, რომელსაც არც ერთი ზემოჩამოთვლილი თვისება არ გააჩნია. რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმაც კი არ უშველა და  მშობლიურ- ამბროლაურის რაიონში   მოსახლეობამ სადეპუტატო მანდატზე უარი უთხრა. თუ გათვალიწინებული იყო მისი დევნილობა, მინდა დავაზუსტო აფხაზეთში მისი ცხოვრების რვაწლიანი ეპოპეა იმით დასრულდა, რომ მან 1992 წელს ტყვიის გავარდნისთანავე დატოვა სოხუმი. ჟურნალისტებთან  მისი ურთიერთობის კადრები და  ,,რძლების შერჩევის სტრატეგია" ხომ ცხადად წარმოგვიდგენდა, რომ  საქმე არც თუ ისე ჰუმანურ  ადამიანთან გვექნებოდა. თუ ამას დაურთავთ მის კორუმპირებულ წარსულს, რომლის შესახებაც გაზეთები საუბრობენ, მინდა ვიკითხო- ამდენ საინტერესო სახეთა შორის, რომელიც დღეს მთავრობაშია, რატომ გვერგო ჩვენ დავით დარახველიძე? 

მოდით,  თავი დავანებოთ მის წარსულს და  ამჟამინდელ ნაღვაწს გადავხედოთ, რომლისთვისაც თვალყურის მიდევნება არ არის რთული, ვინაიდან დავით დარახველიძე იმდენად თავდაჯერებულია, რომ მის სავარძელს არაფერი დაემუქრება, ,,თეთრი ძაფით კერავს" ყველაფერს. დავიწყოთ ნეპოტიზმის გამაოგნებელი ფაქტებით, ვინაიდან არც ერთ სამინისტროში არ მიუღწევია მას ისეთი  მასშტაბებისათვის, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. არაფერს ვამბობ მეგობრებისა და ნათესავების  ფაქტორზე.  როცა აქ ცოლები და შვილები ჰყავთ  მინისტრის მოადგილეებს დასაქმებული. ამის პარალელურად სამინისტროდან  გათავისუფლებულია 14 დევნილი. როგორი სერიოზული ბრალდებები უნდა ყოფილიყო მათ მიმართ, რომ დევნილთა მინისტრს ეს გადაწყვეტილება მიეღო და თანაც ისე, რომ არცერთ მათგანს არ გასაუბრებია.

   -თქვენ რას ფიქრობთ, რა გახდა მათი გათავისუფლების საფუძველი?

   -მათი გათავისუფლების საფუძველი პარტიული წმენდა ან  პირადი შურისძიება გახლავთ. დავით დარახველიძისათვის სრულიად საკმარისია თანამშრომლის გასათავისუფლებლად  რომელიმე ახლობელმა, რომელიც მან მრავლად შემოიკრიბა სამინისტროში   მიაწოდოს  სუბიექტური ინფორმაცია მასზე,  რის შემდეგაც  იწყება ოპერაცია კოდური სახელწოდებით ,,მაინც მოგიძებნით რაიმეს, თუ შენით არ დაწერ განცხადებას".  როცა დევნილს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, რომელსაც არასოდეს შენიშვნაც კი არ დაუმსახურებია სამინისტროში მუშაობის პერიოდში 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს სთხოვ განცხადების დაწერას სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ხოლო ამას წინ უძღვის  ნოემბერში პრემიერ-მინისტრის განკარგულება  ვეტერანთა უფლებებისა და სოციალური დაცვის მექანიზმების შემუშავების შესახებ, განა ცხადი არაა მისი, როგორც ადამიანის მორალური სახე და როგორც  საჯარო მოხელის წინდაუხედაობა? დიახ, დავით დარახველიძემ პირველმა გააწნა სილა 2012 წლის არჩევნების იმედებსა და  დაპირებულ დემოკრატიულ ფასეულობებს. მას არ აქვს მორალური უფლება შეაფასოს დემოკრატიის ხარისხი ამ ქვეყანაში და დაგვამადლოს  დემოკრატიულ არჩევნები, რადგან   ამ თვალსაზრისით მან მხოლოდ დააზარალა  ახალი ხელისუფლება.

   -დევნილთა ნაწილი განაწყენებული იყო რეგისტრაციის პროცესით, თქვენ თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ამ თემაზე? 

   -როგორც მოგეხსენებათ, 2014 წელს დასრულდა დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია, რომელიც სახელმწიფოს სოლიდური თანხა დაუჯდა. მისი მიზანი დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის განახლება და ახალი ინფორმაციის ფორმირება გახლდათ. რეგისტრაციის შედეგად კი მივიღეთ  დევნილთა მოწმობები, რომელშიც არ არის შეტანილი დაპირებული ახალი ინფორმაცია.  წყნეთში 2011 წელს ქუჩებს სახელწოდებები შეეცვალა. სხვათაშორის, მე ვიყავი ინიციატორი იმისა, რომ კომუნისტების დროიდან შემორჩენილი ,,ა" ზონის მაგივრად ჩვენს ქუჩას დარქმეოდა აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შერვაშიძის სახელი. ძალიან დიდი შრომა და ენერგია შევალიე  ამ საქმეს და მიზანსაც მივაღწიე. საჯარო რეესტრის ამონაწერში დევნილები ამ მისამართზე ვართ რეგისტრირებული, ხოლო  მოწმობებში სამი წლის წინანდელი მისამართი გვიწერია. ასეთი უზუსტობები წყნეთში 4000 მდე დევნილის მოწმობაშია. ანალოგიური უზუსტობები დასტურდება თბილისშიც. მაშ, რა მიზანი ჰქონდა ამ რეგისტრაციას? ამ ხარვეზის გამოსწორების თხოვნით ჩვენ მივმართეთ სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობას და პრემიერ-მინისტრსაც, საიდანაც ვადების დაცვით  გვიპასუხეს და წერილი რეაგირებისათვის გადაუგზავნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმ მიზნით, რომ  ჩვენთვის პასუხი ეცნობებინათ. წერილი 16 აპრილს გადაიგზავნა, დღეს 22 ივნისია. 

  -იქნებ ერთეულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე?

   -ნუ იფიქრებთ, რომ ეს არის ერთეული შემთხვევა. სამინისტროში წესად არის ქცეული წერილების იგნორირება, ან სულაც წესის დარღვევით შედგენილი დოკუმენტაციის გაცემა. არაკომპეტენტურობა და დაუდევრობა  სამინისტროს არაეფექტური მართვის ერთ-ერთი საფუძველია. საინტერესოა, რამდენი მოადგილე უნდა ჰყავდეს დავით დარახველიძეს საქმეს რომ გაუმკლავდეს? ამჟამად 5 მოადგილე ჰყავს. ერთ-ერთ დევნილს ორი თვე დასჭირდა, რათა სწორად შედგენილი ცნობა მიეღო სამინისტროდან. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა სამჯერ კონვერტით იღებ დოკუმენტს, რომელზეც მინისტრის მოადგილის სახელისა და გვარის გასწვრივ  ხელმოწერა აკლია. რეგისტრაციის შედეგად სამინისტრომ მათივე 2013 წლის მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა 1200-ზე მეტი კანონის დარღვევით მიღებული დევნილის სტატუსის მქონე პირი, თუმცა  სამინისტროს კარებთან ყოველდღიურად შეიძლება ნახოთ დევნილის სტატუსჩამორთმეული ადამიანები, რომელთაც ებოდიშებიან და დუმილის სანაცვლოდ ამ ხარვეზის სასწრაფო გამოსწორებას პირდებიან. საერთოდ რეგისტრაციის პროცესი ცუდად იყო ორგანიზებული. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამინისტრო ხელოვნურად ცდილობდა ამ პროცესის დამძიმებას. რატომ არ ჩართეს რეგისტრაციის პროცესში საკონსულოები, რათა ლუკმაპურისთვის გახიზნული დევნილების აღრიცხვა ადგილზე მომხდარიყო. რატომ უწევს საზღვარგარეთიდან ჩამოსულ დევნილს თვეობით ლოდინი სტატუსის მისაღებად. განა ეს არის  სტატუსის მინიჭების გამარტივებული პროცედურა? 

   -ქალბატონო სალომე, მინისტრი დარახველიძე არა ერთი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მოწონებული და დანერგილიც კი იქნა, გაიზარდა დევნილთა შემწეობაც.

   -სწორედ ახლა მინდა შევეხო ,,დევნილთა შესახებ კანონში" დარახველიძის ინიციატივით შეტანილ ცვლილებას, რომელიც დევნილთა შემწეობებს ეხება. თავისთავად კარგია, რომ იგი გაიზარდა. თუმცა ამის პარალელურად კომუნალური ხარჯები იქნა ამოღებული, რომელსაც საკუთრების მყარი არგუმენტი დაუდეს საფუძვლად. ამასთან, თითოეული დევნილის შემოსავალი და საბანკო ანგარიშები გახდა საჯარო. ბანკი ფაქტობრივად გასცემს  ინფორმაციას, რომელიც კონფიდენციალურია.  საკმარისია ნათესავმა გამოგიგზავნოს ფულადი დახმარება, გამოიტანო კრედიტი, აიღო კუთვნილი შვებულება ან სამივლინებო თანხა, რომელიც 1250 ლარს გადააჭარბებს და დევნილი ვერ ღებულობს იმ თვის შემწეობას . ამ კანონის ინიციატორი არის მინისტრი, რომელიც მსუყე ხელფასისა და პრემიების პარალელურად, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისგან ათასობით დოლარს იღებს ხელფასის სახით. ცალკე საუბრის თემაა დევნილთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისა და მათი განაწილების პროცესი. როდესაც მე კოალიცია ,,სამართლიანობის" სახელით დავაანონსე ინიციატივა, რომ შექმნილიყო მონიტორინგის ჯგუფი ამ პროცესის გასაკონტროლებლად, უამრავი დევნილი გამომეხმაურა. მადლობა მათ თანადგომისა და მოქალაქეობრივი ღირსებისათვის. ამასთან, უამრავი  ისტორია მოვისმინე ბინების არაობიქტური განაწილების თაობაზე. დღემდე მიკავშირდებიან ადამიანები და მიყვებიან იმ უსამართლობისა და უსულგულობის შესახებ, რომელსაც აწყდებიან ამ სამინისტროში. საუბრობენ  ანკეტური გამოკითხვის ფორმალობაზე. ეფექტურად მუშაობს მხოლოდ პირადი ნაცნობობა და როგორც ამბობენ, ფულადი შეთავაზებები. თუმცა ამ უკანასკნელზე გამიჭირდება  მტკიცებულებითი ფორმით საუბარი. ადამიანებს ცილს ვერ  დავწამებ, ვიდრე ეს საკითხი სათანადო ორგანოების მიერ კარგად არ იქნება შესაწავლილი.  ძმაკაცობისა და ახლობლობის პრინციპი მუშაობს ტენდერების დროსაც. სამინისტროში სისტემატურად ირღვევა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი. ამ მეთოდით შერჩეული კომპანიები საერთოდ ყოველთვის თავდაჯერებულად გრძნობენ თავს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ზუგდიდში პრემიერმა თავად ნახა ,,ბლოკ-ჯორჯიას" ნახელავი. აქ და არამარტო აქ, დამაჯერებლად შეიძლება საუბარი ჩამოყრილ ბათქაშსა და აცვენილ იატაკზე, ანუ  უხარისხოდ ჩატარებულ რემონტზე. ასეთივე მდგომარეობაა თეთრიწყაროშიც. არის თუ არა სარისკო  ასეთი ,,ორგანიზაციული ნიჭის" მქონე მინისტრისათვის  დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის გამოყოფილი 107 მილიონიანი პროექტის ნდობა, თავად განსაჯეთ. საუბარია კრწანისის ტერიტორიაზე 22 სართულიანი რვა კორპუსის მშენებლობაზე, რომელმაც საგრძნობლად უნდა განტვირთოს ეს პრობლემა 2016 წლისათვის  და  რეალური შვება  მისცეს უბინაო დევნილებს. 

   სამინისტროს ანგარიშში პომპეზურად ჩამოთვლილ ზოგიერთ ობიექტში, რომელიც ჩაბარებულად არის გამოცხადებული და იქ შესახლებული დევნილი ოჯახების რაოდენობაცაა დასახელებული, არავინ არ ცხოვრობს. 

   -შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ ასეთი ობიექტები?

   -თბილისში გარდაბნის გზატკეცილი  №6- ში დევნილები  არ ცხოვრობენ, თუმცა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით აქ 50 ოჯახი უნდა იყოს შესახლებული. 

   -რამდენადაც ვიცი ამ ობიექტზე დევნილებს გადაეცათ კუთვნილი ფართები, მაშინ რატომ არ შედიან საცხოვრებლად?

   -თავად განსაჯეთ, შესაძლებელია თუ არა ცხოვრება სახლში, სადაც არც გაზია და არც შუქი.  ანალოგიური ვითარებაა არაერთ ობიექტზე. წელიწადზე მეტია სამინისტრო გაზიფიკაციის ცრუ დაპირებებით აპურებს ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც პერმანენტულად მართავენ აქციებს სამინისტროსთან.  საუბარია ისეთ ჩასახლებებზე, სადაც გაზიფიკაცია  შესაძლებელია და სამინისტროს დაუდევრობის გამო არ ხორციელდება, თორემ სასტუმრო ,,ამირანში" გაზიფიკაციას არავინ ითხოვს.  წარმოიდგინეთ, რა მძიმე ტვირთად აწევს დევნილ ოჯახს ზამთრის სეზონი, როცა დენით უწევს გათბობა. 

   დაბრუნების მოლოდინმა და არსებობისათვის ბრძოლამ  დაღალა დევნილები, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ დავით დარახველიძე  სერგეენკოსა და კალაძის გვერდით  არ უნდა იჯდეს და ამის აღიარება პრემიერ მინისტრისგან ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავი იქნება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: