"საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის პროცესში მყოფ საქართველოს ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი"

"საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის პროცესში მყოფ საქართველოს ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი"

   საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. 

   სხდომაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის რეზოლუცია განიხილებოდა. გაიმართა დებატები სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.

  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალ-დემოკრატებისა და რეფორმისტების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია გააცნო. კერძოდ, მან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ევროპელი კოლეგების მხრიდან დადებითად შეფასდა. ვიქტორ დოლიძემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი, ქვეყანაში მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება განსახორციელებელი. მან ნატო-ს სამიტისთვის საქართველოს მზადების თაობაზეც ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის პროცესში მყოფ საქართველოს ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. 

   სესიის დღის წესრიგის შესაბამისად, რეგიონში უსაფრთხეობის სფეროში არსებული სიტუაცია განიხილეს და იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაციამ გააპროტესტა და მხარი არ დაუჭირა აშშ-ის მიერ წარმოდგენილი დამატებითი რეზოლუციის "რუსეთის ფედერაციის მიერ ჰელსინკის პრინციპების დარღვევის შესახებ" რეზოლუციის დღის წესრიგში ჩასმას, სხდომაზე განიხილეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. 

სხდომებზე ასევე ისაუბრეს პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკაზე და ამ პროცესებში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩართულობის თაობაზე. 

   სესიაში 57 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციები მონაწილეობენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: