"ნორჩ მაშველთა" კლუბის წევრები აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ

"ნორჩ მაშველთა" კლუბის წევრები აზერბაიჯანში იმყოფებოდნენ

   შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს "ნორჩ მაშველთა" კლუბის შვიდწევრიანმა ჯგუფმა 22-28 ივნისს აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში გამართულ "ნორჩ მაშველთა" საერთაშორისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. "ნორჩ მაშველთა" საერთაშორისო შეჯიბრი ჰეიდარ ალიევის დაბადების 91-ე წლისთავს მიეძღვნა და აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

   საქართველოს წარმომადგენლებმა "ნორჩ მაშველთა" საერთაშორისო შეჯიბრში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის 82-ე და 119-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ. აზერბაიჯანში გამგზავრებამდე მოსწავლეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე გაიარეს სამაშველო-სახანძრო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა.

   აზერბაიჯანში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა – საქართველოდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. "ნორჩი მაშველების" მონაწილეობით დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო შეჯიბრი და კონკურსი, კერძოდ: კომბინირებული სახანძრო ესტაფეტა, ტყის მასივში საძიებო-სამაშველო მოქმედებები, ესტაფეტა სხვადასხვა სახის დაბრკოლებების გადალახვით, "საინფორმაციო ფურცელი", რომელშიც აისახა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის დროს უსაფრთხო მოქმედებების წესები, "სავიზიტო ბარათი" – კონკურსი ითვალისწინებდა ნორჩ მაშველთა კლუბის საქმიანობის წარდგენასა და საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

   შეჯიბრების დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ყველა მონაწილე გუნდი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: