დემურ გიორხელიძე: ხალხი როდის იფეთქებს, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს!

დემურ გიორხელიძე: ხალხი როდის იფეთქებს, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს!

გიგი უგულავას დაკავებასა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ლაფსუსებზე კომენტარს აკეთებს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

პირდაპირ გეტყვით: ძალიან უარყოფითად ვაფასებ ზოგადად სამართლის მდგომარეობას ქვეყანაში: გიგი უგულავას დაკავება-გამოშვების პროცედურები მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას არა აქვს წარმოდგენილი, რას ნიშნავს მისი ავტორიტეტისთვის ასეთი უსუსური გადაწყვეტილებები...

ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა მთავრობამ მაშინ დაუშვა, როცა მემკვიდრეობით მიღებული მახინჯი სისტემა უცვლელად დატოვა. არადა, სწორედ  ამ სისტემამ შეიყვანა ხელისუფლება ჩიხში?!

თბილისი პატარა ქალაქია, - ვის რა გაუკეთებია და როდის რას გააკეთებს, როცა საშუალება მიეცემა, - წინასწარ არის ცნობილი. ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარია: ნუთუ, ვერ ხვდებიან, რომ ასე უფრო რეკლამას უკეთებენ „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს, ვიდრე დამნაშავეს იჭერენ!..

20 თვე გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან: ვინმე დაჭერილი და სასამართლო გზით გასამართლებული გინახავთ? ახლა არ მითხრათ, ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაიაო - გამეცინება!.. ამათაც პოლიტიკური საბურველი აქვს, - ნაცმოძრაობის ახალ სქემაში ვეღარ ჯდებოდნენ!

გიგი უგულავა არის თუ არა დამნაშავე და საჭირო იყო თუ არა წინასაარჩევნო მორატორიუმის დარღვევა ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ მანამდე არსებობს საგამოძიებო და სპეც ორგანოები, რომლებსაც დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ - ვინ ვინაა და საკმარისი ეჭვის საფუძველზე, მოიძიონ კიდეც დამამტკიცებელი დოკუმენტები...

ახლა რაც ხდება - სამართალდამცველი ორგანოების სრული დისკრედიტაციაა: დამეთანხმებით, წინა ხელისუფლების დროს, არც სასამართლო არსებობდა და არც საგამოძიებო ორგანოები - ყველაფერი "უმაღლეს" დონეზე წყდებოდა - პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე...

ხალხი ამ სისტემებში ახლაც იმ ძველ ხელისუფლებას ემსახურება - რა ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ? უბრალოდ არ მესმის!

კუბლაშვილის სასამართლო შეიძლება სასამართლო იყოს?! ანდა, პროკურატურა, რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ უფრო მოქმედებს და უკანასკნელ იმედსაც კი ანადგურებს - რომ რაიმე შეუძლიათ კანონის ფარგლებში აკეთონ!

ყველა ვხედავთ, რომ ხალხი დაიღალა, -  მეტიც, საერთოდ ხელი შეიძლება ჩაიქნიოს - ამის იმედი ბევრს აქვს - მაგრამ, მერწმუნეთ, ვინც ასე ფიქრობს (პოლიტიკაში მყოფი), კისერს მოიტეხს!

დიახ, ხალხი იბოღმება, ნეგატივების აკუმულაცია ხდება. როდის იფეთქებს, ამას წინასწარ ვერავინ განჭვრეტს!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: