პუტინი მზად არის მეორე ცივი ომისთვის

პუტინი მზად არის მეორე ცივი ომისთვის

   ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც პუტინის ელჩებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაკეთებული მოხსენებიდან პოლიტიკოსებმა, ანალიტიკოსებმა და მედიამ გამოიტანა არის ის, რომ - რუსეთი მზად არის მეორე ცივი ომისთვი, რომელსაც რუსეთი არ დაიწყებს, მაგრამ არც ხელისშეშლას შეეცდება. პუტინის განცხადებით რუსეთი ცდილობს დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები და მისი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების უფლებები, რის გამოც ვერავინ ნახავს დათმობებს რუსეთის მხრიდან საშინაო პოლიტიკაში. როგორც პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რაც მეტი ზეწოლა იქნება რუსეთზე, მით უფრო მძაფრი იქნება რეაქცია რუსეთის მხრიდან.

   მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს ცივი ომისთვის, პუტინი ცდილობს ევროპასთან ურთიერთობების დალაგებას, რადგან როგორც თავად აცხადებს-"ევროპა - ეს არის ჩვენი ტრადიციული, მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. ყველაზე მეტად მაშფოთებს ევროპელი პარტნიორებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი, რომლის პოლიტიზირებას ცდილობს უკრაინა, რის გამოც დაჩქარდა მიწოდების ალტერნატიული პროექტის დაჩქარება, მაგრამ რუსეთი მზადაა დიალოგისთვის და მზადაა ითანამშრომლოს ევროპასთან. რუსეთსა და ევროპას არაფერი აქვთ გასაყოფი და ჩხუბის არანაირი საკითხი არ არსებობს. ჩვენი ინტერესები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, თუმცა არის ისეთი დეტალებიც, სადაც განსხვავებული შეხედულებებია და ეს იმ მოვლენებს ეხება, სადაც აშშ-ს ინტერესების დგება დღის წესრიგში, მაგალითად როგორც ეს ნატოს შემთხვევაშია".

   თავის გამოსვლაში პუტინმა ამერიკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ წამოყენებულ პრეტენზიებში ახალი არაფერია, თავად განცხადება კი "ფაქტებს და საღ აზრს მოკლებული". 

   პუტინის განცხადებიდან კარგად ჩანს, რომ რუსეთს უნდა აშშ-ს გავლენის შესუსტება ევროპაზე და ცდილობს განავითაროს იდეა-ერთიანი ევროპული უსაფრთხოების სივრცის გაჭიმვა ლისაბონიდან ვლადივასტოკამდე, რომელიც ეფუძნება წინა ეუთოს პრინციპებს.

    მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ხედავს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აუცილებლობას მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, მაინც ამბობს, რომ ეს ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა. პოლიტოლოგების თქმით კი არც ახლო პერსპექტივაში ჩანს მათი დარეგულირების შესაძლებლობა, რადგან არც ერთი მხარე არ აღიარებს თავის ხარვეზს და არც ერთ მხარეს არ უნდა პოზიციების დათმობა.

   ანალიტიკოსები კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადრებას და ამბობენ, რომ ერაყის კრიზისი მხოლოდ გაკვრით იქნა აღნიშნული და ის აღარ ითვლება პრობლებურ საკითხად, სადაც არასტაბილური სიტუაციაა და სადაც არსებობს უსაფრთხოების საკითხები. ამჟამად, ახლო აღმოსავლეთი აღარ არის ბრძოლის ველი მსოფლიო ბატონობისთვის. ასეთ ცენტრად ევროპადა აზია იქცა. 

   რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი შებრუნება აღმოსავლეთისკენ და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩინეთთან პოზიციების გამყარებამ რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვიოს, როგორც ჩანს ეს საკითხი ამ პრობლემაზე მაღლა დგას რუსეთისთვის, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩინეთთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ღერძია და მნიშვნელოვანია მისი სასიცოცხლო ინტერესებისთვის.

   ეს ღერძი უნდა გახდეს საფუძველი ახალი საერთაშორისო სისტემის. თამაში უკვე დაწყებულია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: