"მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის"

"მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის"

   -"მე მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის და ეს პროექტი ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

   ირაკლი ღარიბაშვილმა პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროექტს საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და პერსპექტიული უწოდა.

   -"მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად ეს გეგმა სრულიად რეალისტური გახდა. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და პორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა კვლევები და დაიდო კვალიფიციური დასკვნა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ანაკლიის პორტი იქნება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა და ევროპა-აზიას შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის ზრდის გათვალისწინებით, დიდ სარგებელს მოუტანს ყველას.

   -"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს დიდი ზომის - ე.წ. პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემები. პორტი შეძლებს 100 მილიონ ტონამდე შერეული ტვირთის გადამუშავებას. ეს მართლაც დიდი მასშტაბებია და უდავოდ იძლევა იმის საფუძველს, რომ ანაკლია გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკვანძო ადგილი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბუნებრივი ლოგისტიკური კვანძი,"-განმარტა პრემიერმა.

   ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად გაჩნდება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი; განვითარდება ლოგისტიკის ბიზნესი, რაც გულისხმობს არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ტვირთების გადაზიდვას სხვა ქვეყნებში, არამედ ასეთი ტვირთების საქართველოშივე გადამუშავებასა და მათთვის დამატებითი ღირებულების მინიჭებას; შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: