ვახტანგ ჟორდანია:-"გაუჭირდება ნარმანიას რაიმე პოზიტიურის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს"

ვახტანგ ჟორდანია:-"გაუჭირდება ნარმანიას რაიმე პოზიტიურის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს"

  არჩევნების მეორე ტურის შედეგებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვახტანგ ჟორდანია გამოეხმაურა.

   -დღეს ჩვენ არ გვყავს ხალხის მიერ არჩეული არც მერი და არც საკრებულო. ისინი არჩეულნი არიან თავიანთი გუნდების მიერ, უბრალოდ აქ დავინახეთ ვის რა აქტივი ჰყავდა, შეიძლება ამომრჩევლებს შორის 2-3 % იყო მართლაც მხარდამჭერი, მაგრამ ეს ძალიან პატარა რიცხვია. ხალხის 70%-მა პროტესტი გამოხატა და არ წავიდა არჩევნებზე. 

   -რა მოხდებოდა მაშინ, თუ მეორე ტურზე ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდოდა?

  -თუ არ შედგებოდა არჩევნები, მაშინ არალაგიტიმური იქნებოდა მერიც და საკრებულოც და დადგებოდა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა. დაიღალა ხალხი, იბრძვის, მის თავზე გადადის ყველაფერი, მერე მოიყვანენ ვიღაცას და მერე ხალხის მიერ მოყვანილი გუნდი ამ ხალხის საწინააღმდეგოს გააკეთებს. ამიტომ ეს დაღლილი ხალხი მოითხოვს ცვლილებას და ამას ბევრი პოლიტიკური ძალა სათავისოდ გამოიყენებს, მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს, ეს აუცილებელიცაა, მაგრამ მეორე საკითხია არის თუ არა ქვეყანა მზად ვადამდელი არჩევნებისთვის? 

 -თუმცა მოთხოვნა უკვე საკმაოდ ხშირად გაისმის. მაინც რატომ არ არის მზად ქვეყანა ვადამდელი არჩევნებისთვის?

-პირველ რიგში რაც აუცილებელია, უნდა გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება უბრალო ჩანაცვლება, ადგილების გადანაწილება. შემოდგომაზე თუ დადგა ეს მოთხოვნა და ხელისუფლებამ დანიშნა ვადამდელი არჩევნები, ამას დასჭირდება თავისი პროცედურები და დროში მაინც გაიწელება, იქამდე აუცილებლად გამოიკვეთება ახალი ძალა, თუნდაც ქუჩაში გამოსული ხალხის წიაღში. თუ ახალი ძალა არ გამოჩნდება, ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს.

 -თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად წარიმართება მუშაობა მერიასა და საკრებულოში?

-მინდა იმედი ვიქონიო, რომ ახლა მაინც დაიწყება კონკრეტული საკითხების გადაჭრა და ხალხისთვის სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება, თუმცა წელიწადნახევარი ჰქონდათ პერიოდი, შეიძლება რაღაც პატარა პროცენტით იყო პროტესტი, ჰქონდა საბიტაჟს ადგილი, რეალურად თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითმმართველობებს და ბიზნესს აკონტროლებდა "ნაციონალური მოძრაობა", რაღაც მომენტში არის საბოტაჟის ნიშნები, ახლა კი, როცა მათ ხელშია ძალაუფლება, შეეცდებიან, მაგრამ ვერ გააკეთებნე, რადგან "ქართულ ოცნებას" არ აქვს ადამიანური რესურსი, აქვს ფინანსური რესურსი, მაგრამ არ ჰყავს კადრები, რომელზე დაყრდნობაც შეეძლება, ვფიქრობ ძალიან გაუჭირდება ნარმანიას რაიმე პოზიტიურის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, რადგან თუ ხალხმა არ დაინახა შედეგი, პროტესტი უკიდურესი იქნება.

-როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებით "დასამარდა ნაციონალური მოძრაობა"?

-არ დასამარებულა, რეალურად ისევ "ნაციონალური მოძრაობა" რჩება პარლამენტში, პრესაში, ტელევიზიაში და ეს კინკლაობა, რასაც ვუყურებთ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

-პრემიერმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები დაასრულებს კოჰაბიტაციას.

- კოჰაბიტაციის დასრულებაც ძნელი იქნება, ან როგორ? ვინ უნდა გამოიძიოს დანაშაული? ხელქვეითმა, რომელიც თავის უფროსს შესრულებაში ეხმარებოდა? დამნაშავეა შემკვეთიც და შემსრულებელიც. ახლა რა ხდება, უმეტესი მათგანი, რომლებიც მრავალ საქმეში ფიგურირებენ, ისევ თანამდებობებზე რჩებიან, ასე რომ გაჭირდება ამ პროცესის დასრულება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არც სურვილი აქვთ რეალურად. 

-დიდი რეზონანსი გამოიწვია უგულავას დაკავებამ.

-დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რეალური დამნაშავე უნდა დაიჭირო და პასუხი უნდა აგოს, მაგრამ მეორეა ის ფორმა, რომელი ფორმითაც აკავებ და დრო. ახლა დრომ უგულავაზე იმუშავა და ყველა აალაპარაკა. უგულავამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაეკავებინათ და ხელისუფლებაც წამოეგო მის პროვოკაციაზე. წასულიყო, ჩამოვიდოდა ისევ, ვერ ვხედავ სწორედ არჩევნების მეორე ტურის წინ მისი დაკავების აუცილებლობას და კიდევ, ხალხს უნდა ჰქონდეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მის პოლიტპატიმრობაზე ლაპარაკს შეწყვეტს და ხელისუფლება უნდა ეცადოს  საზოგადოებას მასში ნამდვილი კანონდამრღვევი დაანახოს. საქმე კიდევ რაშია იცით? ვინც დატოვა ქვეყანა, რომელიმე ჩამოიყვანეს? იმდენად უუნარო ქვეყანა ვართ, რომ არ შეგვწევს ძალა საერთაშორისო ასპარეზზე გამოვაცხადოთ დამნაშავე და ჩამოვიყვანოთ. 

-პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უგულავას, ახალაიას, შესაძლოა მერაბიშვილსაც გაათავისუფლებენო. თუ გამართლდა მათი ნათქვამი, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას და როგორ განვითარდება მოვლენები?

-არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ თუ უგულავას და ახალაიას გათავისუფლება მოხდა, ეს იქნება ამ ხელისუფლების დასასრული. გათავისუფლების შემთხვევაში მათი პოლიტიკური სტატუსი იქნება შენარჩუნებული და მუდმივად იქნება აპელირება ამ საკითხზე. ხალხის რეაქცია კი იქნება ძალიან მწვავე ამ მთავრობისადმი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: