ალექსანდრე ახალკაცის დრამატული ისტორია და რომანი, რომელიც ხათუნა კალმახელიძის ბრძანებით განადგურდა

ალექსანდრე ახალკაცის დრამატული ისტორია და რომანი, რომელიც  ხათუნა კალმახელიძის ბრძანებით განადგურდა

   ახალგაზრდა მწერლის, ალექსანდრე ახალკაცის დრამატულმა ისტორიამ და იმ მონაყოლმა, რომელიც ციხეში ყოფნის დროს ავტობიოგრაფიულ რომანში აღწერა, საზოადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. 

   -"ახლახანს ჩამივარდა ხელში ამ ნაწარმოების ელექტრონული ვერსია, კითხვა დავიწყე და მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ავტორს ასეთი ნაწარმოებისთვის"-ასეთი იყო მკითხველთა უმრავლესობის რეაგირება.

  რომანმა საზოგადოების ინტერესი და მაშინდელ მინისტრებში კი პანიკა გამოიწვია. "ივერიონი" გთავაზობთ თეონა მჟანანაძის სტატიას, რომელიც ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს და ახლოს გაგაცნობთ მწერალს.

 

   სააკაშვილი, კალმახელიძე, მკურნალიძე - ვისი ბრძანებით განადგურდა რომანი "გამოცდა ხელბორკილით"?

პატარა ბიჭის რეალური ისტორია და "გამოცდა ხელბორკილით" ...

 

წიგნის შექმნის იდეა ციხეში დაებადა... ის, რასაც დაწერდა, განსაკუთრებული და რაც მთავარია, დოკუმენტური უნდა ყოფილიყო... ხელში უამრავი ფაქტი ეჭირა და უნდოდა, ყველაფერი ფართო საზოგადოებისთვისაც გაეცნო...

 

მწერლის ჩანაფიქრმა გაამართლა - ალექსანდრე ახალკაცის ავტობიოგრაფიულ რომანში დღეს საკუთარი თავის შეცნობა ბევრ თანამდებობის პირს შეუძლია.

 

ალექსანდრე ახალკაცი: დრამატული ისტორია, რომელიც ჩემს ნაწარმოებს უდევს საფუძვლად, ძალიან სპეციფიკურ გარემოში დაიწერა. რომანი ტოტალიტარული რეჟიმის კრიტიკასა და ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ადამიანების ბრძოლის ფაქტებზეა აგებული. ბევრი არ მიფიქრია... უბრალოდ, რომანში ვყვები იმას, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა და რისი დანახვაც ყოველდღე მიწევდა.

 

- ამბობთ, რომ რომანი "გამოცდა ხელბორკილით" ციხეში ყოფნისას დაწერეთ, რა სირთულეები შეგხვდათ ამ ნაწარმოების შექმნისას და რა გზის გავლა მოგიხდათ იმისათვის, რომ რომანი მკითხველამდე მისულიყო?

 

- სირთულეები ნამდვილად იყო. რა თქმა უნდა იდეა არსებობდა, მაგრამ ჩვეულებრივად მაგიდასთან ვერ დავჯდებოდი და ვერ დავწერდი, ამიტომ წერას მხოლოდ ღამით ვახერხებდი, კამერაში შემოპარული მთვარის შუქის ფონზე, მაშინ, როცა ბადრაგს ეძინა, თუმცა მსგავს შემთხვევაშიც ბადრაგზე უფრო საშიში ის პატიმრები იყვნენ, ვინც ადმინისტრაციაზე მუშაობდა.

 

ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ თვეში მხოლოდ ნახევარი ფურცლის დაწერას ვახერხებდი, 5-6 წუთში უნდა მომესწრო რაღაც მნიშვნელოვანის გადმოცემა, შემდეგ გონებიდან რომ არ გაფანტულიყო.

 

კალამიც ბევრჯერ გამთავებია, ვერაფერს რომ ვერ ვპოულობდი, ასანთის ღერის მომწვარი თავით ვამთავრებდი ფრაზებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთ დროს ზედმეტი კორექტირების თავი არ გაქვს. ვერ ვგრძნობდი ემოციებს, უბრალოდ სათქმელს ვამბობდი. პატარა, უმნიშვნელო ხმაურზეც კი რეაქცია მქონდა, იქაურობას თვალს მოვავლებდი, ვინმე თავს ხომ არ დამადგა-მეთქი. წერის დროს თავს რომ დამდგომოდნენ, მერე მოხდებოდა ისე, რომ ვეღარაფერსაც დავწერდი. როგორც კი წერას დავამთავრებდი, მაშინვე ფურცლებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნაკუწ-ნაკუწ ვკეცავდი და ლეიბში ვმალავდი იმ იმედით, რომ ვერავინ იპოვიდა.

 

- და როგორ მოახერხეთ რომანის მზის შუქზე გამოტანა?

 

- ერთ-ერთ ბადრაგს მოველაპარაკე, რომელიც წოდებით ძალიან დაბალ საფეხურზე იდგა. მას ჩემი ნაწარმოები გარეთ სანდო ადამიანისთვის უნდა გადაეცა. დარწმუნებული ვარ, წერა-კითხვაც კი არ იცოდა, ალბათ იმ ფურცლების წაკითხვაც არ უცდია. საინტერესო ისაა, რომ მან ამ სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ დღეში ორი შეკვრა პარლამენტი მოითხოვა ჩემგან, ჩემთვის კი რომანი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოლაპარაკების ეს ნაწილი. ამიტომაც მისთვის ყოველდღე ორ შეკვრა პარლამენტს ვყიდულობდი, მაგრამ არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა. ეს ადამიანი თავისი ფეხით ავიდა ადმინისტრაციაში და განაცხადა, რომ ქრთამი შევთავაზე. არ ვიცი ინფორმაციამ გაჟონა, თუ რამის შეეშინდა. ალბათ, ეს იმიტომ გააკეთა, მერე მას რომ არ მიდგომოდნენ.

 

- როგორც ვიცი, იმ დროს რომანის ერთ მეხუთედს კამერაში მალავდით?

 

- ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე (იღიმის)... საკანში შემომივარდნენ, ჯერ მკითხეს, რას ვმალავდი, ჩემი უარყოფითი პასუხის შემდეგ კი იქაურობა თავდაყირა დააყენეს. ბალიში და ლეიბი სულ ნაკუწ-ნაკუწ აქციეს. ბუნებრივია, იპოვეს, თუმცა არაფერი უთქვამთ, ასე უსიტყვოდ გავიდნენ საკნიდან.

 

- ანუ რომანის დასკვნითი ნაწილი ციხის ადმინისტრაციის ხელში მაინც აღმოჩნდა? ვინ იყვნენ ის პირები, ვის ხელშიც ნაწარმოები მოხვდა და ემუქრებოდა თუ არა რომანს განადგურება?

 

- უკვე აღვნიშნე, რომ ისე გავიდნენ კამერიდან, სიტყვა არ უთქვამთ, თუმცა "ნაცები" რის "ნაცები" იქნებოდნენ, თავიანთი რომ არ გაეტანათ. მოკლედ საკანში მომაკითხეს და ადმინისტრაციის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა ციხის უფროსი ბაჩო როდონაია, დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაგა მკურნალიძე, ასევე ციხის სხვა თანამდებობებზე მომუშავე პირები და სამი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ტიპი. სამწუხაროდ, მათი სახელები დღემდე არ ვიცი.

 

შემიყვანეს კაბინეტში და ვხედავ შემდეგ სურათს: ბაჩო როდონაიას, ანუ ციხის უფროსს, ხელში უჭირავს ჩემი ფურცლების ნაწილი, მივხვდი, რომ გულმოდგინედ კითხულობდა. სიტუაციის კონტროლი უყვარდა და მძიმე ამოცანის წინაშე დადგა, ანუ, რომ ვერ გაიგო, რაში იყო საქმე მკითხ, "ეს რა არის, ბიჭოო"? - ზუსტად ამ ტერმინით მომმართა.

 

პასუხზე დიდხანს არ მიფიქრია, მყისვედ ვუპასუხე, რომ ის ჩემს რომანს კითხულობდა.

 

პირველი მუქარა როდონაიასგან წამოვიდა, - "შენ გაჩვენებთ სეირსო", - გამომიცხადა და ტელეფონი აიღო, მაშინვე მივხვდი თუ ვისთან რეკავდა, პრინციპში არ შევმცდარვარ, ტელეფონში დაწმენდილი ხმით "ალო" გაისმა - ეს ხათუნა კალმახელიძე იყო, მაშინდელი ხელისუფლების კიდევ ერთი შავი ლაქა - სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი.

 

-ანუ თქვენ ამბობთ, რომ ნაწარმოების 20% მინისტრის ბძანებით განადგურდა?

 

- რა თქმა უნდა, რომანი ხათუნა კალმახელიძის ბრძანებით განადგურდა. საკუთარი ყურით მასმენინებდნენ, თუ რას მიპირებდა ქ-ნი კალმახელიძე. როგორც კი როდონაიამ ჩემი იქ ყოფნის ამბავი აცნობა, მანაც პასუხი არ დააყოვნა და ბრძანება გასცა - "გაეცით საკადრისი პასუხიო"! სამწუხაროდ, შემდეგ აღარ მახსოვს, რა მოხდა, რის თქმა მოასწრო, ან ვერ მოასწრო როდონაიამ კალმახელიძესთან. უკვე კარგად გვარიანად მირტყამდნენ, თუმცა ვიდრე გონებას დავკარგავდი, მანამდე სისხლისმსმელმა გაგა მკურნალიძემ, საკუთარი ხელით გადამახია თავზე ნაწარმოების ერთი მეხუთედი. ვფიქრობ, ამას კალმახელიძის ბრძანების გარეშე ვერ გააკეთებდნენ.

 

- როგორც ვხვდები, შემდეგ კარცერსაც ვერ აარიდებდით თავს? აღნიშნულ ცემის ფაქტს ჯამრთელობის გაუარესებაც ხომ არ მოჰყოლია?

 

- ეს ამბავი შიმშილობის პერიოდს დაემთხვა, თავს ძალიან სუსტად ვგრძნოდი, თან ცემის ფაქტიც დაემატა, ამიტომაც კარცერში დიდი ხნით არ დავუტოვებივარ, მხოლოდ ორი დღე გამაჩერეს. რა თქმა უნდა, ჩემი ფიზიკური სისუსტე გაითვალისწინეს და კიდევ ერთ სკანდალს მოერიდნენ, ანუ მათ არ აწყობდათ, რომ კარცერში მოვმკვდარიყავი, კარგად იცოდნენ, რა მოყვებოდა ამ ამბავს.

 

- თქვენ საუბრობთ პატიმრის უფლებების დარღვევაზე, ასევე საკმაოდ ცნობილ სახელებს ასახელებთ და მათ სამსახურეობრივი უფლებების გადამეტებაში სდებთ ბრალს. და მაინც, რა გზებით ცდილობდნენ ისინი თქვენს გაჩუმებას? იყო თუ არა ზეწოლა მათი მხრიდან?

 

- ზეწოლას ჯერ კიდევ ჩემს დაპატიმრებამდე ჰქონდა ადგილი. მაშინ, როცა უნივერსიტეტში სწავლისას პოლიტიკურ აქტიურობას ვეწეოდი, სატელევიზიო გამოსვლებშიც არაერთხელ გამიკრიტიკებია მაშინდელი მმართველი გუნდის არაკანონიერი ქმედებები. თუმცა არც მკვლელობის მუქარას მაკლებდნენ.

 

ერთ-ერთ მუქარას გავიხსენებ, რომელიც ჩემი გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ეხება. პარლამენტმა 2009 წლის დადგენილებით პატიმრებს უფლება მოგვცა, თუ გამოცდებს კარგი შედეგებით დავტოვებდით, გაგვათავისუფლებდნენ. 100%-იანი გრანტით ჩავაბარე, მაგრამ მხოლოდ მე და გიორგი ზერეკიძეს არ მოგვცეს მათ მიერ დადგენილი კანონის საფუძველზე ციხის დატოვების უფლება. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია და სიტუაციის გარკვევას ჯერ განათლების სამინისტროში, შემდეგ სასჯერაღსრულების სამინისტროში შეეცადნენ , თუმცა ამ შემთხვევაში მათ ე.წ. პინგ-პონგის თამაში დაიწყეს. ანუ განათლების სამინისტრო დედაჩემს სასჯელაღსრულების სამინისტროში აგზავნიდა, - აღნიშნული პროტესტი თუ საჩივარი მათ კომპეტენციაში შედისო, თუმცა ისინი ხელს განათლების სამინისტროსკენ იშვერდნენ, - ეს კახა ლომაიას საქმე იყოო. რადგან არაფერი ირკვეოდა, ჩემმა ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივარი მოამზადა, მაგრამ სტრასბურგამდე მისვლის უფლება ვინ მოგვცა! დედაჩემზე ზეწოლა დაიწყეს, ამასთანავე ლომაიამაც არ დააყოვნა და ციხის უფროსის როდონაიას შუამავლობით მაცნობა, -"ტ...ი დააყენოს, თორე მე მართლა განათლების მინისტრი და ბუნჩულა ბიჭი ხომ არ ვგონივარ, აქ აღარ მოვიდნენ მისი ახლობლები, თორემ დედას ვუტირებო" . ეს და სხვა დანარჩენი მუქარაც ჩემთვის ძალიან ბანალური იყო.

 

-კარგით, დავუბრუნდეთ თქვენი რომანის თემას. არაერთხელ ახსენეთ, რომ ნაწარმოებში გმირებად რეალური სახეები გყავთ გამოყვანილი. თუ შეიძლება გვიამბოთ იმ პიროვნებებზე, რომლებიც რომანში ბატონი და ქალბატონი "ვეზირების" სახელებით გვხვდებიან?

 

- ჰმ... მკითხველს არჩევანის უფლება მივეცი, ამოცნობის უფლება. ვინც წაიკითხავს ფიქრიც კი არ დასჭირდება, მარტივად მიხვდება, ვინ არიან ბატონი და ქალბატონი ვეზირები. მართალია, რომანში აღნიშნული პერსონაჟების საკმაოდ ბევრი ინტიმური სცენაა აღწერილი, თუმცა ესეც იმ რეალობის ნაწილია, რომელშიც ცხრა წელი ვცხოვრობდით.

 

- და მაინც, ვინ არის ბატონი "ვეზირი"?

 

- (იღიმის) მიხეილ სააკაშვილი... თავისი სკანდალური, სასიყვარულო ცხოვრების დეტალებით პირდაპირ ჩემს რომანში მოხვდა. ქალბატონი ვეზირები კი ის ცნობილი ქალები არიან, რომლებიც თვითონ სააკაშვილმა აქცია მონსტრებად. ასე რომ, მათი ისტორია არ დამიკარგავს, ისინი მე ერთ დოკუმენტურ ნაწარმოებად ვაქციე.

 

-და რა მოხდა თქვენი გათავისუფლების შემდეგ? რომელი გამომცემლობით სცადეთ თქვენი ნაწარმოების მკითხველამდე მიტანა?

 

- ეს კიდევ ერთი გარდამავალი პერიოდია. (იღიმის) ძალიან ცნობილ გამომცემლობებს შევთავაზე "გამოცდა ხელბორკილით" მკითხველამდე მიტანა, თუმცა მათგან მხოლოდ ორ უარყოფით პასუხს ვღებულობდი: "იცით რაა, ამ ეტაბზე მსგავს ნაწარმოებს ვერ გამოვცემთ" ან ამბობდნენ, "დავბეჭდავთ, მაგრამ ჩვენს გამომცემლობას არ დავაწერთ".

 

-მაგრამ რომანი მაინც დაიბეჭდა...

 

- დიახ, ჟურნალ "გზის" რედაქტორი, ბ-ნ ზურაბ აბაშიძე, გაეცნო რომანს და რედაქციაში დამიბარა. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში ვერ მოვახერხე მისვლა. სამი კვირა მეძებდა ეს კაცი. ბოლოს, მახსოვს, კვირა დღე იყო, როცა რედაქციაში მივაკითხე. თურმე ჩემი რომანის დაბეჭდვის ამბავი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა - პირდაპირ მითხრა, რომ ნაწარმოებს მომდევნო ნომერში ჩაუშვებდა. შემდეგ კი, მის წიგნად გამოცემაზეც ვიფიქრებდით. მოკლედ ასეც მოხდა, მიუხედავად ყველაფრისა "გამოცდა ხელბორკილით" ჟურნალი "გზის" და "პალიტრა L"- ის ფურცლებზე მაინც აღმოჩნდა.

 

- და მაინც, როგორი იყო მკითხველთა აქტიურობა? ელოდით თუ არა მსგავს გამოხმაურებას?

 

მინდა აღვნიშნო, რომ ფანტასტიკური გამოხმაურება ჰქონდა. ხალხი მირეკავდა და მკითხულობდა, როგორ ვიყავი. ჩემს ფაცებოოკ -გვერდზე მეგობრების სია ერთი-ორად გაიზარდა. საკმაოდ აქტიური აუდიტორია მერგო წილად.

 

სხვათაშორის, ძალიან ბევრმა დამირეკა ტუპზონიდან: ექთნები, ექიმები, ბადრაგი - ანუ მირეკავდნენ ისინი, ვინც რომანში მყავს გამოყვანილი. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ აღვწერე მაინცდამაინც მათი ტიპაჟები, მეკითხებოდნენ მომდევნო ნომერში მათზე რამე საშინელება ხომ არ დაიბეჭდებოდა. წინასწარ უნდოდათ გაეგოთ, რამე უფრო უარესი ხომ არ მეწერა მათზე.

 

-და ბოლოს, როგორია ალექსანდრე ახალკაცი წერის დროს? რას ნიშნავს თქვენთვის, იყო ყოფილი პოლიტპატიმარი და მწერალი ერთდროულად? როგორც ვიცი, დღეს ახალ რომანზეც მუშაობთ.

 

- აჰა.. როგორი ვარ წერის დროს? (იღიმის) წერა ეს ჩემთვის იგივეა რაც სექსი, ზოგჯერ უფრო მეტიც. როცა რაღაც ახალს ვქმნი, მხოლოდ კალამს და ფურცელს ვეკუთვნი, იმათ ვინც ჩემს აზრებს, რეალურ თუ გამოგონილ ისტორიას აცოცხლებს. და მაინც, მე რომ ისევ ცხრამეტი წლის ვიყო, ისევ იმ გზას ავირჩევდი, რომელმაც 5 წლიანი პატიმრობა მომიტანა - ეს ამად ღირდა!!!

 

წყარო: sazogadoeba.ge

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: