"ვულოცავ ამ ისტორიულ მოვლენას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები"

"ვულოცავ ამ ისტორიულ მოვლენას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები"

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში შეკრებილ სტუმრებს კიდევ ერთხელ მიესალმა და მათ წინაშე სიტყვით წარსდგა. პრემიერმა  ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე.

 

"მინდა დღეს, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მივულოცო მთელ საქართველოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ვულოცავ ამ ისტორიულ მოვლენას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები, ვინც ერთგულებს ევროპულ დემოკრატიულ იდეალებს და საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ უკვე გადალახა ყველაზე კრიტიკული მომენტი. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ ევროპისაკენ, მტკიცე დემოკრატიისაკენ და ეს პროცესი ახლა უკვე შეუქცევადი გახდა. 2014 წლის 27 ივნისი ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ახალ დიდ თარიღად ჩაიწერა. ამ დღეს ყველა დროის ყველა ქართველის ისტორიული ოცნება ახდა - ამ დღემ, როგორც არასდროს, ისე დაგვაახლოვა ევროპას - ჩვენთვის ყველაზე ახლობელ და ბუნებრივ სივრცეს, სივრცეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში ხელოვნურად იყო მოწყვეტილი და რომელთან გაერთიანების იდეაც ქართველთა არაერთმა თაობამ ჩვენამდე მოიტანა. ახლა ჩვენ ამ სივრცის ზღურბლთან ვდგავართ. ჩვენ ევროპაში უნდა შევაბიჯოთ როგორც უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ქვეყანამ, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ევროპის მრავალფეროვან კულტურაში. ჩვენი და ევროპის მსოფლმხედველობრივი კავშირი, სიახლოვე, ნათესაობა საუკუნეებს ითვლის. ეს დროში გამოცდილი კავშირია, რომელსაც ვერაფერი დააკლო ისტორიულმა ქარტეხილებმა. ახლა იწყება თვისებრივად ახალი ეტაპი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ დავადექით იმ გზას, რომელმაც უნდა გააღრმავოს და განამტკიცოს ჩვენი ურთიერთობა ევროპულ სახელმწიფოებთან.

 

დღევანდელი დღე ძალიან ამაღელვებელი და საზეიმოა ყველა ჩვენგანისთვის, მთელი საქართველოსთვის - დღეს საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და ჩვენ ყველანი ველოდებით იმ წუთებს, როდესაც საქართველოს პარლამენტი დაადასტურებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს.დღევანდელი განხილვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ერთსულოვნად დაუჭერთ მხარს შეთანხმებას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა - ლიტვამ, ლატვიამ და რუმინეთმა უკვე მოახდინეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ. კიდევ 25 წევრი ქვეყანა და ევროპარლამენტი მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მოახდენს რატიფიცირებას და რატიფიკაციის სიგელს წარუდგენს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რათა შეთანხმების გამოყენება დავიწყოთ უკვე 2014 წლის 1 სექტემბრიდან. ჩვენ დროულად უნდა დავიწყოთ იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც ევროკავშირთან დაგვაახლოებს და შესაბამის სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას.

 

წელს ევროკავშირი ზეიმობს აღმოსავლეთით გაფართოების 10 წლისთავს. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმ უდიდესი სარგებლისა, რომელიც ევროკავშირის ამ ისტორიულმა გაფართოებამ მოუტანა როგორც ახალ წევრ ქვეყნებს, მათ მოსახლეობასა და ეკონომიკას, ისე ,,ძველ" წევრ-სახელმწიფოებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში. ეს არის, პირველ რიგში, ევროპული ღირებულებების არეალის გაფართოებისკენ მიმართული პროცესი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ოჯახში პატარა ქვეყნებიც ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთოევროპულ საქმეში, როგორსაც დიდი სახელმწიფოები. სიამაყით მინდა აღვნიშნო საქართველოს წვლილი ევროკავშირის საქმიანობაში, კერძოდ, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია იყოს ჩვენი დასავლელი მეგობრების საიმედო პარტნიორი. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩვენი სანდოობა სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება საქართველოს შესაძლებლობები ამ კუთხით.

 

დღეს უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მაგალითია როგორც ქვეყანა, რომელმაც განახორციელა წარმატებული დემოკრატიული რეფორმები და მზად არის იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის გარანტი მთელ რეგიონში. უკვე არერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ურყევი ნებაა საბოლოოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპის ერთიან ოჯახში. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ჩვენთვის იწყება ევროინტეგრაციის პროცესის ახალი ეტაპი - საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან - მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისა და მთელი საზოგადოებისგან - მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას. ჩვენ ვალდებული ვართ ვიშრომოთ თავდაუზოგავად, რათა საბოლოოდ ვიყოთ იქ, სადაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი განვითარების პერსპექტივას, იქ, სადაც უსაფრთხოდ, დაცულად ვიგრძნობთ თავს, სადაც ჩვენი თვითმყოფადობა სხვებისთვის მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო და საპატივსაცემო იქნება.

 

ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა და ჩვენ ეს გეგმა ზედმიწევნით უნდა განვახორციელოთ. ეს გეგმა გულისხმობს დემოკრატიული პრინციპების ერთგულებას და მე მჯერა, ეს იქნება თავდაუზოგავი შრომის პროცესი. ეს ხელშეკრულება სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობას, დაუახლოვდეს ევროპული ცხოვრების წესს, რომლისკენაც ის ისწრაფვის. ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და საკანონმდებლო სტანდარტებთან დაახლოებით ჩვენ კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ხალხი მალე შეძლებს ყველა იმ სიკეთით სარგებლობას, რომელსაც ევროპული ქვეყნები აძლევენ თავიანთ მოქალაქეებს.

 

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს, რომელიც ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია და დიდ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ხალხს, ჩვენს ბიზნესმენებს, გავიდნენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და მრავალრიცხოვან ბაზარზე. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. ამ პროცესში წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან უვიზო მიმოსვლა ყველაზე ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. მეტიც, გაზრდილი მიმოსვლა გააღრმავებს ადამიანთა შორის კონტაქტებს და განამტკიცებს კავშირებს ბიზნესის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, ჩვენ გამოვხატავთ ურყევ ნებას და მზადყოფნას, რომ გავუზიაროთ ასოცირების შეთანხმებით მიღებული შესაძლებლობები და სარგებელი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ამიტომ დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩემო მეგობრებო, თქვენ, ჩვენთან ერთად, ყველა იმ მიღწევისა და მონაპოვრის თანაზიარი ხდებით, რომელსაც ევროპასთან დაახლოება მოუტანს საქართველოს! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა სიკეთით - იქნება ეს უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის უდიდესი ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალისხვა.

 

დღეს მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვთქვა ევროკავშირის მიმართ იმისათვის, რომ იგი ურყევად უჭერს მხარს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უწევს ჩვენს ქვეყანას მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას. ევროკავშირის წარმომადგენლებმა უპრეცედენტო თანადგომა და მხარდაჭერა გამოიჩინეს საქართველოს მიმართ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს იყო უნიკალური ურთიერთობის დემონსტრირება და ძალიან ვაფასებთ და მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერითა და დახმარებით ჩვენ შევძლით გადაგველახა უამრავი სირთულე და ამ დღემდე მოვსულიყავით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პატივცემულ სტუმრებს - კომისარ ფულეს, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ყველას, ვინც ესწრება დღევანდელ სხდომას და ამით კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერას. მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენი მეგობარი ქვეყნების მეთაურებს, ელჩებსა და მთელ დიპლომატიურ კორპუსს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საქმეში.

 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა როგორც საუკეთესო – არამედ როგორც ერთადერთი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, რომელმაც ევროპასთან დაახლოება ეროვნულ იდეად იქცია და მრავალი განსაცდელის მიუხედავად, ერთი წუთითაც არ უღალატია ამ იდეისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საქმეში. პატივცემულო დეპუტატებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას მხარი დაუჭიროთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, მხარი დაუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს", - განაცხადა ღარიბაშვილმა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: