Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
20-07-2014, 15:36
ნანახია: 7842

დავით ქობალია:-10.000 დედალ-მამალი და კაზანტიპური ორგიები

   შეეშვით ანაკლიას _ იგი მარტო ქართველთა წმინდა ადგილი როდია!

 მახსენდება, 70-იანი წლების უბადლო პოეტის, არჩილ ფირცხალავას ლექსი "ანაკლია". მისი, მხოლოდ რამდენიმე სტროფი შემიძლია გავიხსენო, რადგან დანარჩენი ნაწილი და მთელი ხელნაწერი არქივი, რაც ჩემს სულიერ და შემოქმედებით სიმდიდრეს წარმოადგენდა _ შევარდნაძე-უხსენებელის, მეორედ მობრუნების შემდეგ, დევნას და სახლის მრავალჯერ ჩხრეკას შეეწირა!

 ლექსი-შედევრის, ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ნაწილი კი ასე ჟღერს:

 "სი სოულ ბატა, დედების მოთქმა, 

 ზღვამ ჩაიხვია ტალღის დგაფუნით!

 სი სოულ ბატა, ზღვა აბობოქრდა,

 როგორც ჭაბუკი გემზე დაბმული! 

 ქართველია თუ მონღოლია,

 მამულში სიავკაცედ ამოჭრილი!

 დედას გიტირებდი ჯოღორია _ 

 მკლავი რომ არ მქონდეს გაკოჭილი!" 

   _ასეთი იყო, სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე გადაგებული პოეტის სადარდებელი მაშინ, როცა, ერთი გადაბრუნებული სიტყვაც, არსებული რეჟიმის მისამართით ნათქვამად აღიქმებოდა და გაციმბირებას ნიშნავდა!

  თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა ამ სტრიქონების დაწერიდან და არაფერი შეცვლილა:პირიქით, _ თუ კი რაიმე ქართული, იმ დროს ხელშეუხებლად მიჩნეული და ღირებული იყო, გაუფასურებული, პატივაყრილი, ევრო-ამერიკულ ზნეობააღრეულ ღირებულებებზეა გაცვლილი!

   ...რამდენიმე თემაზე ვმუშაობ ერთდროულად ამ შუაღამისას და საინფორმაციო სააგენტო "ივერიონში" გამოქვეყნებული, ბატონ ზაურ ნაჭყებიას სტატიის წაკითხვის შემდეგ, ყველა განზე გადავდე საერთო მინაწერით _ კარგად უნდა დავფიქრდეთ, საქართველოს მომავლით გულშეწუხებულნი, რომ ერთმანეთს არ ავცდეთ _ წარმავალი და მომავალი თაობები. ჩვენი გზა, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე და არც რუსეთზე გადის _ იგი წმინდა ქართულია და კავკასიის გულისგულში მიემართება! 

  _ამას თუ ავცდით, საქართველოს და კავკასიელთა მტრების გარდა, მსოფლიოს, ამ, ღმრთის კალთადაბერტყილ, გზაგასაყარზე ვერავინ გაიხარებს! .

  ..გულდასმით წავიკითხე ბატონ ზაურ ნაჭყებიას სტატია: "კაზანტიპის ფესტივალიდან... სოდომ-გომორამდე, ანუ, ცეცხლს მართლა ნუ ვეთამაშებით!" არც სტატიაზე დართული კომენტარები დამრჩენია უყურადღებოდ. დიდხანს ვიფიქრე, მეც კომენტარი გამეკეთებინა თუ, საპასუხო სტატიის სახით გამეცა პასუხი, როგორც ბატონი ზაურისთვის, ასევე მობილწსიტყვაო (კორექტულ ნაწილს ბოდიშს ვუხდი) კომენტატორებისთვის.

 _ვეთანხმები ბატონ ზაურ ნაჭყებიას, რომ მართლა "ცეცხლთან თამაშია", ის რასაც აგვისტოს ბოლოს აპირებენ ანაკლიაში! _რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე და რა არის ამის მიზეზი, ქვემოთ ვისაუბროთ. _

ასევე ვეთანხმები, კომენტატორთა უმრავლესობას- მათ არ გაემტყუნებათ "კაზანტიპის" და ყველა მსგავსი "ტიპის" ფესტივალებით გატაცება-გადარევა. ამ დასკვნამდე მათი საიტების გაცნობამ მიმიყვანა და, რადგან, ისინი არა თავით, არამედ, სხვა ორგანოთი აზროვნებენ, ამიტომაც _ მართლები არიან თავიანთ  არჩევანში.

_რა უნდა ვქნათ? _არაფერიც არ უნდა ვქნათ _ მივუშვათ ისინი, გზაც იქითკენ ჰქონიათ და უკანალი დაუხევიათ ერთმანეთისთვის!!! ბოდიშს ვიხდი უხეში გამოთქმისთვის, მაგრამ, ჩემგან გაგონილი, იმასთან შედარებით, რაც მათ კომენტარებში წავიკითხე "იავნანაა"!!! 

   ბატონო ზაურ, როგორც ზემოთ ვთქვი, მე ვეთანხმები თქვენს მიერ ატეხილ განგაშის ზარს, მაგრამ ჩემი აზრით, აქ მთავარი ის არ არის, რატომ ხდება ეს? რატომ არ იღებს სამღვდელოება ხმას? და კიდევ უამრავი რატომ?.. 

   მთავარი ის არის, რატომ და როგორ მივედით აქამდე! ...ვერაფრით ვერ შევეგუები იმ აზრს, რომ უნდა დავივიწყოთ, რაც 90-ანი წლების დასაწყისში საქართველოში მოხდა! ყველაფერი და ყველანაირი სიბინძურე იქიდან იღებს სათავეს და მისი შემოქმედნი _ აწ უკვე ჩაძაღლებული, თუ მომავალში ჩასაძაღლებელი ხელისუფალნი, ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ გადაშენდეს და გადაგვარდეს ის, რაც ყველაზე ღირებულია საქართველოსთვის!

   _მახსოვს, ბაღის მოსწავლეებს, ენგურის შესართავთან ("ბოღაზთან") წაგვიყვანდნენ და ლექსებს გვაკითხებდნენ. შემდეგ კი, ნაპირთან ახლოს მიგვიყვანდნენ სათითაოდ და ჩვენი ხელით დაკრეფილ მინდვრის ყვავილებს ენგურის ტალღებს გავატანდით და ერთი სული გვქონდა, ვისი ყვავილების კონა დაგვენახვებოდა ყველაზე ბოლოს, ვიდრე ზღვის ტალღები შთანთქავდა საბოლოოდ... ასე ვაცოცხლებდით კოლხი დედების "მოთქმა-ალნარკიას", ისევე, როგორც თურქი-პირატების ხომალდი გაუჩინარდებოდა საუკუნეების წინ "ხვიჩა და გოჩა" რომ მიჰყავდა სტამბოლის ბაზრისკენ! ...

   ანაკლია წმინდა ადგილია, აქ ჩამოსული, უცხო თუ შინაური ერთნაირად თავშეკავებული და მორიდებული ხდებოდა ენგურის შესართავთან მისული, რომელსაც საუკუნეების წინანდელი "ჯიხა" ამშვენებდა და ანიშნებდა _ "ფრთხილად, სულგამწარებულ, მგლოვიარე დედათა სულები არ შეაწუხოთ, ათასწლეულები დასჭირდება მათი მოთქმა გალობად შეიცვალოსო!" ...და, ეს, ყველას უსიტყვოდ ესმოდა. სრა-სასახლეები არავის მოუთხოვია, მოკრძალება და პატივისცემა არავისთვის შეუხსენებიათ.

    მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, წყალმოწყურებულ სტუმარ-მასპინძელს ენგურის წყალი უსვამთ, იმდენად სუფთა, უანგარო და უეჭველი იყო მათი ურთიერთობა! გამოხდა ხანი და გლობალიზაციის გზას შემდგარი, ჩემი სამშობლოს ხელისუფალნი, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის უნიჭო მესაძირკვლენი, ქვეყნის ბალავარად "ტურიზმს" ირჩევენ, დამშეულ და გაღატაკებულ ქვეყანას, უცხო და ურჯულოთა მომავალი შემოსევის პერსპექტივით ბანგავენ და _ ასე იქმნება ილუზია, კუჭგამხმარი მოსახლეობის, მდიდარი ტურისტების ჩამოსვლით და განცხრომით დაპურებისა! აი შეგეგიც _ როგორც მითხრეს, აგვისტოს ბოლოს, 10.000, მეძავი (ევროპისკენ მიმავალ, განვითარებულ საქართველოში, მეძავებში მარტო ქალები არ იგულისხმება!) უნდა ჩამოვიდეს ანაკლიაში 10 დღით, რაც ქართული ტურიზმის აყვავებად ჩაითვლება! 

  _როდის და რატომ გახდა გაღატაკებულ, დამშეულ და დანგრეულ ქვეყანაში ტურიზმი სახელმწიფო პრიორიტეტი?

ედუარდ-უხსენებელი, საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობისა და მისი უგულღვიძლესი ნაწილის, აფხაზეთის გასხვისების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ისეთ სტრატეგიულ და საარსებო სფეროებს მიადგა და გაანადგურა, როგორიც სოფლის მეურნეობა და ჩაის კულტურა იყო. მახსოვს, უხსენებელის მეორედ მობრუნებისთანავე, ყველაზე დიდი დარტყმა სამეგრელოსთან ერთად, რეკოშეტით, იმერეთმა და გურიამაც განიცადა (შედარებით ხელშეუხებელი აჭარა დარჩა, რადგანაც სისხლით და ხორცით ქართველი, ასლან აბაშიძე მართავდა მას). კუთხურ-პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად, ქვეყნის რღვევა, სოფლის მეურნების წამყვანი დარგების, განსაკუთრებით მეჩაიეობის განადგურებით დაიწყო, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (ქალები და ბავშვები) იყო დასაქმებული და იმდენ ფულს გამოიმუშავებდნენ, რამდენიც ოჯახს სჭირდებოდა, მაგრამ მაშინდელი საქართველოს მთავრობის "დიდი მონდომებით" მოსახლეობის ეს ნაწილი უმუშევარი და უქონელი გახდა.

    იმასაც რა დამავიწყებს, მაშინდელი, სულგაყიდული ე.წ. "მეცნიერები" ჩაის კულტურის განადგურებას, იმითი ამართლებდნენ, რომ ჩაის პლანტაციებში მუშაობა ქართველ ქალებს ასნეულებს და მათ, გამრავლების პრობლემებს უჩენსო! ...ვაი, ქართველთა ბედუკუღმართობავ, რას მოვესწარით _ ყველაზე მეტად, საქართველოდან თურქეთში გასულ ქართველ ქალთა იმ ნაწილს გაუმართლა, ვინც ჩაის მკრეფავად მოეწყო იქ და საკუთარი ღირსების დათმობის ფასად  უხდება საქართველოში დატოვებული ოჯახის რჩენა!  

   ახლა ისევ ანაკლიას მივუბრუნდეთ: _ტურიზმი ვახსენეთ და ისიც ვიკითხეთ _ როდის და რატომ გახდა ტურიზმი საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული პრიოტიტეტი? _ვინ დაასახელებს ქვეყანას, რომელიც ტურიზმით აშენდა და სახელმწიფოს ბიუჯეტი მასზეა დაფუძნებული? 

   _ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა _ ასეთი ქვეყანა არ არსებობს! ანაკლია-განმუხურში საზღვაო კურორტის აშენება, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში "ნაცმოძრაობის" გამარჯვების პიარპროექტი იყო (ამას მე საგაზეთო სტატია მივუძღვენი), რომელიც შემდგომში ამერიკის სამხედრო-საზღვაო პორტად უნდა ქცეულიყო, მხოლოდ იდიოტებს და ამ პროექტის დაქირავებულ ორგანიზატორებს შეუძლიათ უარყონ! ...

   მოხდა სასწაული, "ნაცმოური" ურჩხული დაემხო, რასაც ისინიც არ ელოდნენ, შემდგომში ბატონ ბიძინა ივანიშვილის ნასუფრალზე პარლამენტარები და მთავრობის დიდი ჩინოვნიკები გახდნენ. მაგრამ, დარჩა "ნაცების" აშენებული (არა აქვს მნიშვნელობა რისთვის და ვისთვის!) უამრავი შენობა-ნაგებობა, ქალაქის ტიპის დასახლებები, როგორიცაა _ ანაკლია და განმუხური, რომლებსაც ვერ მოუარეს და ვერ გააპიარეს, რომ დამსვენებელი მოეზიდათ, თორემ თავისი ახალი სახით, ათ ქობულეთსა და ბათუმს ერთად "გადაუჯოკრავდა" და მოიხსნებოდა დამსვენებელთა ე.წ. "ტურისტების" პრობლემა! 

   ეს რომ ასე მომხდარიყო, არც სამღვდელოებას და არც მის ერთგულ მრევლს დასჭირდებოდა 10.000, დედალ-მამალი მეძავის გასაუვნებელყოფლად ბრძოლა "კაზანტიპის ფესტივალად" რომ მოგვინათლეს ანაკლიაში! ...ჯერ კიდევ ერთადყოფნის წლებში ვწერდი _ საოცარი მეზობლობა აქვთ აფხაზებსა და მეგრელებს. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი დაასწრებს პირველი, დილა უთენია ადგომას _ საკუთარი ეზო-კარის მოვლის შემდეგ მეზობლისას გადახედავს, თუ კი, რაიმეს უცხოს და კარგს შენიშნავს, აუცილებლად ეცდება, კიდევ უფრო გააკეთილშობილოს და თავისას გადმოიღოს იგი! 

   როგორ ფიქრობთ, ჩემო ძვირფასებო _ საკუთარ სახლში, ქართული "კაზანტიპის" სოდომ-გომორული ორგიების გადატანას შეეცდება აფხაზი? _ისე გაუთენდეს (მეგრელი რომ იტყვის), ჩვენს "მტერს და მოუბადეს" ხვალინდელი დღე, როგორც ეს მოხდეს! მე არავის ვაშინებ, არც რელიგიური ცოდვების შეხსენებით, არც ენა, მამული, სარწმუნოების შებღალვის სიმძიმით, არც იმით, რომ დადგება დრო, როცა ყველას ყველაფერი მოეკითხება! 

   _მე ერთი კითხვა მაქვს _ რატომ არ აკმარებთ სამეგრელო-აფხაზეთს 22 წლის წინ დაწყებულ სასჯელს, რომელმაც იმ დედაქალაქიდან აიღო საწყისი, რომლის მერობის კანდიდატად დასახელებულ დავით ნარმანიას, ცოტა ხნის წინ, მეგრელობის გამო იწუნებდა მისი "კარენნოი" ნაწილი? რაღა ანაკლიაში _ თბილისის ზღვის მიდამოებში მოგეწყოთ "თბილისური კაზანტიპი", მისი მონაწილეობის მსურველთა დიდი უმრავლესობა ხომ აქ ცხოვრობს. თან, ღამის თევის და ტრანსპორტის ხარჯებიც დაეზოგებოდათ! ...ბოლოს და ბოლოს 10.000 მეძავ ქალ-კაცს, არც კი დაიმჩნევდა მილიონნახევრიანი ქალაქი! _შეეშვით ანაკლიას _ იგი მარტო ქართველთა წმინდა ადგილი როდია!

 დავით ქობალია