რატომ არ მოდიან ინვესტორები საქართველოში - მითი საქმიან გარემოზე და კლიმატზე

რატომ არ მოდიან ინვესტორები საქართველოში - მითი საქმიან გარემოზე და კლიმატზე

რატომ არის საქმიანი გარემო და კლიმატისაქართველოში ცუდი?!

ხელისუფლებები მუდმივად საუბრობენ საინვესტიციოგარემოს "გაუმჯობესებაზე", მაგრამ... არაფერი უმჯობესდება.

რატომ არ "უმჯობესდება" ეს გარემო და რატომ არ მოდიან საქართველოში ინვესტიციებით მსოფლიოს ცნობილი ფინანსური და სამრეწველო ჯგუფები?!

პირიქით, - ვინც შემოვიდა, ისიც გარბის!

მაგალითად, ბავშვთა კვების მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მწარმოებელი სულ მალე დატოვებს საქართველოს.

რატომ გარბის?!

საინტერესო კითხვაა, მაგრამ... მთავრობას არ აინტერესებს. 

 

რა განაპირობებს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს და კლიმატს?! რისგან შედგება ეს გარემო და კლიმატი?! რა ფაქტორები არ მუშაობს დღეს საქართველოში?!

რას აუმჯობესებდნე (თუ აუმჯობესებდნენ რაიმეს საერთოდ!) მთელი ეს წლებია საქართველოს ხელისუფლებები?!

 

მოდით, ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ!  ეს აუცილებელია, რადგან ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სრული წარმოდგენა, თუ რა რა არის და რაზე გვესაუბრება მთავრობა. მერე აქ განხილული შევადაროთ მთავრობების ნასაუბრებს, - გავიაზროთ, რაშია საქმე და რატომ არაფერი გამოუვიდათ ხელისუფლებებს მათი, თითქოსდა, "მცდელობებისაგან". მთავარი ისაა, გავიაზროთ, თუ რა განაპირობებს საქმიან გარემოსა და კლიმატს, რომ საშუალება გვქონდეს შევუდაროთ ფაქტორები იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებს და გვეუბნება. მხოლოდ შემდეგ გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა დასკვნები: მართლა სწორად, სრულად და კომპლექსურად მოქმედებს მთავრობა, თუ "ნაცარს გვაყრის თვალებში" და მხოლოდ პროპაგანდით შემოიფარგლება...წინა ხელისუფლების სულ ზედა ეშელონი, როცა იჯდა ჩაკეტილ გარემოში და ერთმანეთში ხშირად საუბრობდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, - რატომ არ მოდიან საქართველოშიდიდი ინვესტორებიო, - პასუხს ვერ პოულობდნენ (!), რადგან არასწორად ფიქრობდნენ: თემა სრულყოფილად არ ჰქონდათ წარმდგენილი და სულელური ეკონომიკური პარადიგმის ტყვეობაში იყვნენ მოქცეულნი: "ყველაფერი გავყიდოთ", არანაირი რეგულაცია, ბაზარი ყველაფერს გააკეთებს!.. 

სწორედ ამ სუსლელურმა კონცეფციამ დაამხო ნაცხელისუფლება და არა ციხის კადრებმა!..

   დიდი სისულელე, რომელიც წლებია გვესმის და არ იცვლება შემდეგია: 

"უცხოელი ინვესტორებისათვის... "საუკეთესო პირობების" შექმნა!"

ჰა,ჰა,ჰა,ჰა,ჰა!

გესმით უაზრობის სათავე?!

საკუთარი მეწარმე საშინელ გარემოში გყავდეს, დამცირებული, გათელილი, უუფლებო და ხმაჩაკმენდილი, ყველაფრის შემსრულებელი და... 

უცხოელ მეწარმეს უქმნიდე "საუკეთესო პირობებს"?! 

ეს როგორ ხდება ანდა, როგორ უნდა მოხდეს?!

"კარგი" ეკონომიკა ბატონი უცხოელებისათვის და მახინჯი ეკონომიკა ამ "მდაბიო დონის ქართველი მეწარმეებისათვის?!"

გამაცინეს!

მახარხარეს!

მაგრამ... 

ეს სიმწრის ხარხარია!..

 

დავიწყოთ საკითხის განხილვა - 

რისგან შედგება სამეწარმეო გარემო და კლიმატი?!

აი, რისგან შედგება იგი:

 

I ბლოკი:

პოლიტიკური ფაქტორები

და მაკროეკონომიკური პარამეტრები

 - პოლიტიკური სტაბილურობა და ამ სტაბილურობის მდგრადობის პროგნოზირება გრძელვადიანპერსპექტივაში (უ პ ი რ ვ ე ლ ე ს ი ფაქტორი);

- საერთო მაკრო-ეკონომიკური პარამეტრები (ბიუჯეტი, საგადამხდელო ბალანსი, ვალების მდგომარეობა, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მდგომარეობა, მშპ-ს ზრდის ტემპები და ა.შ.).

 

II ბლოკი:

ინსტიტუტების მდგომარეობა

1. ინსტიტუციონალური პრობლემები 

(ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი)

   - ინსტიტუტების მდგომარეობა (ანუ, საფინანსო და სასაქონლო ბაზრების მდგომარეობა,როგორც სისტემოწარმომქმნელი ფაქტორებისა).

   - არაფორმალური ნორმები

(წეს-ჩვეულებები, კულტურული ტრადიციები, ადათ-წესები, ნორმები (ანუ ადამიანთა ურთიერთობების მთავარი რეგულატორების -ინსტიტუტების მდგომარეობა). არაფორმალურ ნორმებს ფორმალურ ნორმებზე (ანუ კანონებზე) დიდი მნშვნელობა აქვთ, რადგან ეს ნორმები "აცემენტებენ" და განსაზღვრავენ ადამიანებს შორის დამოკიდებულებას.

2. საკუთრების უფლებების დაცულობა (ფუძემდებლურიფაქტორი, რადგან საკუთრების უფლებები დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედია);

   - როგორია საკუთრების უფლებების სპეციფიკაცია (ანუ, საკუთრების უფლებების ცალკეული უფლებამოსილებები მკაცრად მიბმულია თუ არა კანონის შესაბამისად კონკრეტულ მესაკუთრეზე). ეს აუცილებელია, რაგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კონკრეტულ რესურსს, როგორც წესი, რამდენიმე მესაკუთრე ფლობს და მათ შორის უფლებამოსილებების ზუსტ ფიქსაციას აქვს დიდი ნიშვნელობა დავებისა და ოპორტუნისტული მოქმედებების გამორიცხვისათვის. 

   - საკუთრების უფლებების დაცულობა და ამ უფლებების რეალიზაციის საშუალება.

3. კონკურენციისათვის თანაბარი პირობების შექმნა 

(კონკურენცია - დასავლური ცივილიზაციის ყველაზე ფუნდამენტური მიგნება, რამაც განაპირობა მისი წარმატება).

4. მდგრადი და ეფექტური ფინანსური ინსტიტუტების შექმნა.

 

ამ ორი ფ უ ძ ე მ დ ე ბ ლ უ რ ი  ფაქტორის (იხ.II ბლოკი) გარეშე, ეფექტური საბაზრო ეკონომიკის, სამეწარმეო  და საინვესტიციო გარემოს შექმნა შეუძლებელია.

მხოლოდ სახელმწიფოს სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკა უზრუნველყოფს ამ ფუძემდებლური ფაქტორების ამუშავებას და დაცულობას. ამიტომ, კრეტინული საუბარი იმაზე, რომ "ბაზარი ყველაფერს არეგულირებს", მხოლოდ დილეტანტების ზეობის ქვეყანაშია შესაძლებელი.

 

ნობელის პრემიის ლაურეატმა დუგლას ნორტმა აჩვენა, რომ დასავლეთში, სწორედ სახელმწიფოს აქტიურმა ჩარევამ აიძულა ინდივიდები დაეცვათ საკუთრების უფლებები და არა სახელმწიფოს ჩაურევლობა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისას თავისუფალ ეკონომიკურ აგენტებს შორის საბაზრო ტრანსაკციების წარმოებისას.

 

თუ სახელმწიფო არ აკეთებს (არ მოქმედებს) ბაზრის შექმნის მიმართულებით, ოჯახები აკეთებენ ამას საკუთარ ხარჯზე და საკუთარი ანგარიშით, - გვერდს უვლიან რა სახელმწიფოს, ისინი "ჩააშენებენ" საბაზრო მექანიზმებს  სოციალურად კონსტრუირებულ ქსელებში (მაგალითად, ნათესაურ-კლანური ურთიერთობები, კრიმინალური ქსელები და ა.შ. - ორივე მათგანი სუსტი სახელმწიფოს სუბსტიტუტებია). კლასიკური მაგალითი - საქართველო: ქვეყანა, სადაც დახურული ნათესაურ-კლანური, ერთმანეთისგან იზოლირებული ქსელები დომინირებენ და უპერსპექტივოს ხდიან განვითარებას.

 

კარგად სპეციფირებული საკუთრების უფლებები რესურსების 

(შრომის და კაპიტალის) გამოყენების ეფექტური საშუალებაა.

 

III ბლოკი:

მენტალური ფაქტორები

- საკონტრაქტო უფლებამოსილების, სახელშეკრულებო დებულებებისა და ურთიერთობების შესრულების დისციპლინა;

- დაცულია თუ არა კონტაქტების აღსრულების მდგომარეობა;

- კორუფციის დონე (ანუ, ტრანსაკციული დანახარჯების დონე);

- საერთოდ, სახელმწიფოში კანონიერებისა და მართწესრიგის მდგომარეობა;

- ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კვალიფიკაცია და ამ სტრუქტურებში ინტერესთა კონფლიქტის დონე.

 

IV ბლოკი:

ეკონომიკის საერთო ინფრასტრუქტურა

- როგორია საგადასახადო სისტემა და რამდენად მაღალია საგადასახადო წნეხი ეკონომიკურაგენტებზე; 

- როგორია საფინანსო სისტემის მდგრადობა;

- როგორ ვითარებაა ეკონომიკის გახსნილობის მიმართულებით

(ანუ, რამდენად ღიაა ეკონომიკა და რამდენად იტანს იგი შიგნიდან და გარედან (საღვარგარეთიდან) მოსული ადამიანების შესვლას ბაზარზე). აი, აქ კი მაგრად ვეჭედებით: კუთხური ჩაკეტილობა, ადგილობრივი კლანების დომინირება, უცხოსათვის თავისუფალი მეწარმეობის შეუფერხებლად განხორციელების შეუძლებლობა მხარეებში, არის დიდი შემაფერხებელი ფაქტორი... ქართული ეკონომიკური სივრცე არ არის თავისუფალი და ერთნაირად ღია ყველასათვის.

 

V ბლოკი:

ქვეყნის საერთო ინფრასტრუქტურა. მისი მახასიათებელი ფაქტორები

- გზების მდგომარეობ;

- კავშირგაბმულობის მდგომარეობა;

- მომსახურების დონე და ა.შ.

 

VI ბლოკი:

მუშა-ხელის მდგომარეობა

- სამეცნიერო კადრები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;

- ტექნიკური პერსონალი(უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია და ა.შ.);

- მუშა-ხელის მობილურობის მდგომარეობა ქვეყნის შიგნით

(საბინაო პრობლემები, უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობა, შრომის ბაზრის მდგომარეობა და ა.შ.). 

 

აქ კი შუასაუკუნეობრივ აზროვნებას ვერ გავცდით!რატომღაც, მიიჩნევა, რომ თბილისელი თბილისში უნდა მუშაობდეს, ქუთაისელი- ქუთაისში, სოფელში დაბადებული - სოფლად... სახელმწიფო გვაქვს და ტოტალიტარული აზროვნება ვერ დაგვიძლევია, - 

ეს ბოლშევიკური შტამპები კვლავ დომინირებს ჩვენს ცნობიერებაში... ჩვენში უცხოა იმის წარმოდგენა, რომ ეს სახელმწიფო ყველასათვისაა და ერთნაირად თავისუფალი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის. ადამიანი იქ უნდა მუშაობდეს, სადაც მისი ნიჭი და უნარი ყველაზე მეტად ანაზღაურებადი იქნება და სადაც მას მეტად დააფასებენ... ამიტომაა, დასავლეთში, თავისი აქტიური შრომითი საქმიანობის პერიოდში, ადამიანები 10-12 ადგილს იცვლიან უკეთესი სამსახურის ძიებაში...საბინაო პრობლემების არასებობა, შრომის განვითარებული ბაზარი მათ თავისუფალი გადაადგილებისა და შრომის საშუალებას აძლებს.

 

მოკლედ, ბერი რომ არ გავაგრძელო, -

აი, ესაა სამეწარმეო გარემო და კლიმატი და თუ ეს არ არის ქვეყანაში, ანდა, რომელიმე ბლოკი სინქრონულად არ მუშაობს, შეფერხებები გარდაუვალია!

ახლა მითხარით, რას აკეთებდნენ და აკეთებენ მთავრობები და რატომ არ მოდიან და არ მოვლენ ჩვენთან დიდი და მყარი ინვესტორები, გინდ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეხელი და გინდაც... "ზანზიბართან გააფორმე "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" ხელშეკრულება!

 

ან იცვლები და ცვლი გარემოს და აახლოვებ მას ცივილიზებულ სამყაროსთან თანდათანობით,ინტენსიური, მიზანმიმართული პროდუქტიულიშრომის შედეგად, 

ანდა,

უპასუხისმგებლო პროპაგანდის ჭაობში ჩაფლული, - ზიხარ და "აბოლებ ხალხს" და ჰპირდები: 

"არაფერს ვაკეთებთ, არც არაფრის გაკეთების პირობებს მოგცემთ, დაჯექით ჩვენით აღფრთოვანდით და ელოდეთ... 

"იბერია გაბრწყინდებაო!"

 

მეტი არ გეტკინოთ არაფერი, ასე არაფრისკეთებით არაფერი გაბრწყინდეს!

დემურ გიორხელიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: