საპატრიარქო:-"კაზანტიპის სტუმრებს სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა რაიმე კულტურული ღონისძიება"

საპატრიარქო:-"კაზანტიპის სტუმრებს სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა რაიმე კულტურული ღონისძიება"

   საქართელოს საპატრიარქო "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით თავს ვალდებულად თვლის კიდევ ერთხელ გააფრთხილოს სულიერი შვილები და განცხადებას ავრცელებს:

    საპატრიარქოს თქმით ფესტივალზე დასწრება უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც. 

   

   "გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა, რომ  გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ე.წ. ,,კაზანტიპი" მიმდინარე წლის 20-30 აგვისტოს ჩატარდება საქართველოში, მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში.

 ,,კაზანტიპის" მომწვევის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სიგუასა და უკრაინაში ამ ,,ფესტივალის" დამაარსებლის ნიკიტა მარშუნოკის  თქმით,  ,,წელს ანაკლიაში არ იქნება ნარკოტიკები და თავისუფალი სექსი, მაგრამ იქნება ხმა, განათება, კარგი განწყობა და სიყვარული." ღონისძიებას სახელიც შეუცვალეს (,,რეალობის ანტირეალობა" დაარქვეს) და ალბათ, კიდევ სხვა საშუალებებითაც შეალამაზებენ, მაგრამ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსად, არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება და ეს ლოგიკურიცაა. (უკრაინაშიც თავდაპირველად ეს საქმიანობა შედარებით რბილი ფორმებით დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ის სახე, რაც დღეს აქვთ).

 ,,კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრებს ამდენი ,,ტურისტი" მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი.

 

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ცოდვა ყველა დროში არსებობდა, მაგრამ დღეს მისი არა თუ ლეგალიზება,  შეიძლება ითქვას, იძულებითი დანერგვა ხდება როგორც  სარწმუნოების, ისე ზნეობისა და  ეროვნული ფასეულობის დამცირების ფონზე; ამგვარ ვითარებაშიც კი ,,რეალობის ანტირეალობა, - კაზანტიპი" მკვეთრად განსხვავებული მოვლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი  მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ. ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისათვის.

 

ჩვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირახსნილობის ხელშემწყობი.

 

რა თქმა უნდა, გვესმის ისიც,  რომ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ლამის, სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რაც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ, გვესმის, რომ ახალგაზრდებს, შეიძლება მოუნდეთ რეკლამირებულ სანახაობებზე მისვლა, ხელისუფალთ, ალბათ, ინფრასტრუქტურის განვითარებაც სურს... მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც.

 

ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობა გააფრთხილოს." - ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: