ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა იქნება სამართლიანი, კანონიერი და ჰუმანური

ირაკლი ღარიბაშვილი:  ჩვენი მთავრობა იქნება სამართლიანი, კანონიერი და ჰუმანური

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ყველა გახმაურებული საქმე, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.  ამის შესახებ ღარიბაშვილმა არლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

 

   -"დღეს საქართველო განვითარების თვისებრივად ახალ ფაზაში შედის და დადგა დრო, როცა ყველამ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სახელმწიფოზე, მის მომავალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მის მომავალს წინ არ უნდა დაუდგეს არაფერი. ჩვენ უნდა დავიწყოთ რთული წლების იარების მოშუშება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე აპირებს თვალი დახუჭოს დანაშაულზე ან უარი თქვას ყველა იმ საქმის გამოძიებაზე, რომლითაც ზიანი მიადგა ხალხს და სახელმწიფოს. ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება იმის ეჭვს იწვევდეს, რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

   სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების კეთილი ნებით საქართველოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული, პროფესიულ წრეებში საყოველთაოდ ცნობილი და მსგავსი გახმაურებული საქმეების გამოძიების მონაწილე სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტები. ისინი მოვიწვიეთ იმისთვის, რომ დახმარება გაუწიონ ქართველ პროკურორებს, რათა ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოხდეს გამოძიება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებაც. დარწმუნებული ვარ, მათი მონაწილეობა გაზრდის პროცესის სანდოობას და გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი და, თუ გნებავთ, პოლიტიკური ნებაც! მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობა იქნება მტკიცე თავის გადაწყვეტილებებში და ამავე დროს სამართლიანი, კანონიერი და ჰუმანური." - აღნიშნა პრემიერმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: