"პრეზიდენტები ყოველთვის არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ"

"პრეზიდენტები ყოველთვის არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ"

   საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში 11 საათზე დაკითხვაზეა დაბარებული.

ამ საკითხს ქვეყნის პირველი პირები გამოეხმაურნენ.

   საქართველოს ამჯამინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ სააკაშვილი ახლა მაინც გააცნობიერებს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და დაემორჩილება კანონს

   -"მახსოვს ეს გრძელი ეპოპეა დაბარების, შემდეგ "სკაიპის", შემდეგ ამ თემის ფართოდ გაშლის. დღესაც ჩვენ ვიცით, რომ რამდენადაც ვარ ინფორმირებული, ყოფილ პრეზიდენტს მოწმის სახით იბარებენ. მე არ მგონია, რომ ეს იმ რიგის საკითხია, რომელზეც ასეთი ვნებათაღელვაა, ბუნებრივია. პრეზიდენტები ყოველთვის არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და ნებისმიერი კონტაქტი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ელფერს იძენს, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ერთის მხრივ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გააცნობიერებს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და ქვეყნის კანონებსა და წესებს უნდა დაემორჩილოს და მეორეს მხრივ, სამართალდამცევლი იქნებიან უაღრესად ფრთხილნი"-ამბობს პრეზიდენტი.

   პრემიერ-მინისტრის თქმით კი კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია. 

   -"პროკურატურამ იცის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს პროფესიონალურად და მე ვიტყოდი, იმავეს, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ კანონის წინაშე ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

   თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით კი "როცა საგამოძიებო უწყებებს კითხვები გააჩნიათ, ვინც არ უნდა იყოს ვალდებულია, გამოცხადდეს და გასცეს ამ კითხვებს პასუხი".

   ძნელი დასაჯერებელია, რომ დღეს პროკურატურაში მიმავალ საკაშვილს ვიხილავთ, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს.

   ცნობისთვის, უწყებაში, რომელიც სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას გადაეცა წერია:-"თუ ის ისევ უარს იტყვის და არ გამოცხადდება პროკურატურაში, მაშინ მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი სანქციები, მათ შორის დაკითხვაზე იძულებით მიყვანა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: