ირაკლი სესიაშვილი:-"ყველამ ერთად გავაბედინეთ ამდენი წინა ხელისუფლებას და დღეს ამ უბედურებას ვიმკით"

ირაკლი სესიაშვილი:-"ყველამ ერთად გავაბედინეთ ამდენი წინა ხელისუფლებას და დღეს ამ უბედურებას ვიმკით"

   მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალის წარდგენას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"ექსპრეზიდენტისთვის - და არა მიხეილ სააკაშვილისთვის (თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს) ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ვთვლი, რომ 7 ნოემრბის და იმედის წართმევის საქმით დაწყება არის აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური. რატომ? - იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდში და ამ აქტებით სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა მაფიამ ღიად განაცხადა, რომ ისინი იწყებენ "სახელმწიფო ტერორს (ტერორიზმს)" (1987 წლის ჟენევის კონვენციის, ასევე გაეროს კონვენციების და აქტების მიერ ამ ტერმინის განმარტების ფარგლებში) იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რაც მათთვის ერთადერთი საშუალებაა თავი დაახწიონ პასუხისმგებლობას ამ პერიოდამდე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ეს არის დასაწყისი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკური მაფიის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც გამოჩნდება (სამწუხაროდ, იმიტომ, რომ მათ მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის კისერზე გადაიარა). 

რა არის საჭირო? – 1. პროკურატურამ უნდა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, მტკიცებულებები უნდა იყოს ძალიან მყარი და არც ერთი პროცესუალური ნორმა არ უნდა დაირღვეს. ასჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით. 2. სასამართლო პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, მოსამართლეები დამოუკიდებელი და რაც მთავარია, მიუკერძოებულები (იმედია მოიძებნებიან ისეთი მოსამართლეები, რომელთაც ვინმეს მიმართ ვალი არ აქვთ). 3. დასავლეთი ამ ყველაფერს უნდა მოეკიდოს კანონის უზენაესობის პრინციპების გათვალისწინებით და არა პოლიტიკური მოტივებით. ეს სჭირდება ამ ქვეყანას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ყველას განვუცხადოთ, რომ ვაშენებთ დემკრატიულ ქვეყანას და უზენაესი სამართლიანი პრინციპების დათმობას არ ვაპირებთ. ვიცი, რომ ჩვენთვის მართლაც რომ პატივსაცემი კარლ ბილტი გააკეთებს განცხადებას, მაგრამ ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ, ხელისუფლება, ანგარიშვალდებული ვართ კანონის და ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და არა მის მიმართ. ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდება ამ საქმის გამო გააკეთოს კრიტიკული განცხადება (და ეს მათი უფლებაა), პირველ რიგში, ვურჩევ იმის, რომ გაეცნოს საქმის მასალებს და წარმოიდგინოს მათ ქვეყენაში უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ასეთი ქმედების გამო როგორ იმოქმედებდა მართლმსაჯულება.

   და ბოლოს, არ მიხარია... არ მიხარია არავის დაჭერა... მწყინს, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავაბედინეთ ამდენი წინა ხელისუფლებას და დღეს ამ უბედურებას ვიმკით ყველა ერთად. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კარგი გაკვეთილი ჩვენთვისაც და ყველა შემდგომისთვისაც".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: