ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა

ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა

ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბალოვის საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ ახალი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.


ამის შესახებ დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) გამართულ ბრიფინგზე თამარ ჩუგოშვილმა, ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა და იური ვაზაგაშვილმა ისაუბრეს. მათ მედიას გამოძიების ახალი დეტალები გააცნეს.


"გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთა ახალი დეტალები. კერძოდ, განსხვავებულ ჩვენებას იძლევა 2 პიროვნება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ბუბა ფუთურიძე. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მათ სპეცრაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათი მისამართით ცეხლი გახსნა", _ ამბობს თამარ ჩუგოშვილი.


2012 წლის 26 ოქტომბერს ფუთურიძემ ადვოკატს _ გაგი მოსიაშვილის ახსნა-განმარტება მისცა, სადაც ის უარყოფს წინა ჩვენებას და ამბობს, რომ მას ძველი ჩვენება დიდი ზეწოლის ქვეშ, იძულებით მიაცემინეს.


"გამოძიებამ არ გაიზიარა ის მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ ფუთურიძემ ახალი _ ამჯერად განსხვავებული ჩვენება მისცა. ჩვენებაში ბრალდებული უარყოფს, რომ პოლიციას შეიარაღებული წინაღმდეგობა გაუწიეს. ცეცხლი შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს. არის პოლიციელი, რომლიც გამოძიების თავიდან დაწყების Aშემთხვევაში, მისცემს ჩვენებას და გამოძიებას მის ხელთ არსებულ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.


გამოძიების პროცესში ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას. გამოძიება აცხადებს, რომ გასროლა "BMW"  მარკის ავტომანქანიდან, საქარე მინიდან მოხდა, მაგრამ როცა მანქანა ბოძს შეეჯახა, ავტომობილის საქარე მინა სრულიად დაუზიანებელი იყო.  გარდა ამისა, არსებობს ორთაჭალის ავტოსადგომის მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ნათქვამია, რომ ავტომობილს ადგილზე მიყვანისას საქარე მინა დაუზიანებელი ჰქონდა. 2006 წელს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო, რომელმაც ექსპერტიზა მოითხოვა, საიდანაც დამტკიცდა, რომ ავტომანქანიდან  _ შიგნიდან გარეთ გასროლა არ მომხდარა", _ აცხადებს გაგი მოსიაშვილი.


იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიკვდილში კონკრეტულ პირებს ადანაშაულებს. "ჩემი შვილისა და ალექსანდრეს სიკვდილში დამნაშავეები არიან ლევან გვაზავა, ვანო მერაბიშვილი, ჭელიძე, ირაკლი ფირცხალავა, კოდუა. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მათი მკვლელობა წინასწარგანზრახული იყო. არსებობს 20-ზე მეტი თვითმხილველი, რომელიც აქამდე საქმეში არ ფიგურირებდა. ახალი მთავრობა მოვიდა და იმედი გვაქვს, რომ სამართლიანობა აღდგება", _ ამბობს ვაზაგაშვილი.


"საია" გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართავს.


შეგახსენებთ, რომ 2006  წლის 2 მაისს საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "BMW"  მარკის ავტომობილში ჩაცხრილეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბალოვი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: