კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის ადმინისტრაციულ ზომებს ამკაცრებს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის ადმინისტრაციულ ზომებს ამკაცრებს

  კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, ადმინისტრაციულ ზომებს ამკაცრებს. 

  როგორც "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძე განაცხადა, მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ამოქმედებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომპანიამ თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება დაიწყო. 

  "თბილისის მიკროავტობუსი" სეზონის დადგომასთან ერთად ყოველწლიურად საკუთარი სახსრებით არემონტებს კონდიცირების სისტემას ყველა მიკროავტობუსში. თუმცა მძღოლები უარს ამბობენ კონდიცირების სისტემის ჩართვაზე, რადგან აღნიშნული დაკავშირებულია ფინანსებთან, კერძოდ, მძღოლს უწევს დამატებითი ხარჯების გაწევა საწვავზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მძღოლებს მგზავრთნაკადის შემცირების გამო უწესებს საზაფხულო მოსაკრებელს, ანუ უმცირებს გადასახადს, მძღოლები კონდიცირებას მაინც არ რთავენ", - განაცხადა დავით ასანიძემ. 

  მისი თქმით, მიკროავტობუსის მძღოლებზე მკაცრდება ზედამხედველობა და ქალაქში იმოძრავებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემის მუშაობას და იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ დარღვევას, მძღოლის მიმართ გამკაცრებული სანქციები ადგილზევე გატარდება. 

დავით ასანიძის განცხადებით, პირველი სანქცია გაფრთხილება იქნება, შემდგომ დარღვევაზე კი, მძღოლი ორი კვირის განმავლობაში აღარ იმუშავებს მიკროავტობუსის ხაზე, მესამე შემთხვევაში კი მძღოლს გაუუქმდება კონტრაქტი კომპანიასთან. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: