როგორ აღმოჩნდა "დობერმანის" მიმართვა "კიბერბერკუტის" ხელში?

როგორ აღმოჩნდა "დობერმანის" მიმართვა "კიბერბერკუტის" ხელში?

   პრორუსული და ანტიქართული პოზიციით ცნობილი მოსკოვში მცხოვრები ზაზა გაბედავა, ყოფილი პატიმრის გიორგი გაბედავას მამა უკრაინაში მებრძოლ ქართველს მაქს დობერმანს დაუკავშირდა, საუბრის ჩანაწერი კი "კიბერბერკუტის" ხელში აღმოჩნდა.

 

"კიბერბერკუტი" რუსული ინტერნეტჯგუფია, რომელიც სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე ანტიუკრაინულ მასალებს აქვეყნებს. "იუთუბზე" გამოქვეყნებულ "სკაიპის" იმ ჩანაწერზე, რომელშიც ზაზა გაბედავა და მაქს დობერმანი საუბრობენ, გაკეთებულია მინაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ "კიბერბერკუტმა" კიბეროპერაცია ჩაატარა და მაქს დობერმანის საუბრის ჩანაწერი მოიპოვა.

 

"სინამდვილეში არანაირი კიბეროპერაცია არ ჩატარებულა. ზაზა გაბედავამ მაქს დობერმანი მოატყუა, მას გაგრაში დაბადებულ, ამჟამად ხაიფაში მცხოვრებ ებრაელად წარუდგა, გულახდილად ალაპარაკა, ცოლ-შვილის გასაყვანად თანხის გადარიცხვას დაჰპირდა და მერე კადრები ფსბ-ს მიურბენინა, სადაც ვიდეო თავიანთი შეხედულებისამებრ დაამონტაჟეს და გამოაქვეყნეს. ეს ზაზა გაბედავა კი ისე აიგდეს, რომ ელემენტარული შეთანხმებაც არ დაიცვეს და სახეც კი არ დაუფარეს...", - უთხრა "აფხაზეთის ხმას" მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

 

მანვე დაამატა, რომ "ზაზა გაბედავას მხრიდან ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მისი პირადი საუბარი ინტერნეტში ხვდება და თვითონ, თითქოსდა, ამასთან არაფერ კავშირშია - ადრე მან თავისი და ბესარიონ გუგუშვილის საუბარიც გაყიდა".

 

კადრებში, რომელიც "კიბერბერკუტმა" გამოაქვეყნა, მართლაც კარგად ჩანს ზაზა გაბედავას სახე, ასევე მის მიერ ნათქვამი, რომ გაგრაში დაიბადა და ამჯერად ხაიფაში ცხოვრობს. "აფხაზეთის ხმამ" გაარკვია, რომ ზაზა გაბედავა ზუგდიდშია დაბადებული და მას არასდროს უცხოვრია ხაიფაში, ხოლო მშობლიურ ქალაქში მხოლოდ იმიტომ ვერ ჩადიოდა და ვერ ჩადის, რომ ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიის რამდენიმე წარმომადგენელთან კონფლიქტი აქვს და მათი მხრიდან შურისძიებას გაურბის.

 

ინტერნეტში "კიბერბერკუტის" მიერ ვიდეოს გავრცელებისთანავე უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მოხალისემ მაქს დობერმანმა ახალი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც აცხადებს, რომ ინტერნეტით გავრცელდა მისი საუბრის არასრული, დამონტაჟებული ვარიანტი. დობერმანი ადასტურებს, რომ მის ცოლ-შვილს მართლაც ემუქრებიან და უკრაინიდან მათი გაყვანა სურს, ხოლო რამდენიმე ეპიზოდს დამონტაჟებულს უწოდებს.

 

წყარო: www.fmabkhazia.com

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: