რას საყვედურობს ირინა სარიშვილი ახალ ხელისუფლებას?!

რას საყვედურობს ირინა სარიშვილი ახალ ხელისუფლებას?!

პოლიტიკური პარტია "იმედის" თავმჯდომარე ქალბატონი ირინა სარიშვილი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს, რომ ვიდრე ყველა დამნაშავე წინა ხელისუფლებიდან არ დაისჯება, "ქართული ოცნების" გამარჯვება ეფემერულ ხასიათს ატარებს.


სარიშვილი ფიქრობს, რომ "ნაცმოძრაობა" ყველანაირად ეცდება მოახდინოს დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაცია და ახალ ხელისუფლებას საბოტაჟი მოუწყოს, რასაც მათი პარტიის ლიდერის პრეზიდენტ სააკაშვილის ხელში არსებული კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უწყობს ხელს. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ქ-ნი ირინა საკმაოდ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და "ნაციონალებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის "დიდ გარიგებაზე" საუბრობს. მისი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება "ნაციონალების" მიერ აღებული კურსის ერთგული და გამგრძელებელი რჩება, რომელიც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას უკავშირდება. პოლიტექსპერტი შიშობს, რომ ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებდა, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.


ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, მათ შორის ქ-ნ ირინა სარიშვილსაც. თუმცა, ის თემები, რომელსაც პოლიტიკოსი ეხება, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსაც აწუხებს.


მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, სხვანაირად საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა არ იარსებებს, მაგრამ, რამდენად შესაძლებელია ერთი ხელის მოსმით ამის გაკეთება, ძნელი სათქმელია. იმდენად მოგვაბეზრეს თავი "ნაციონალებმა" თავიანთი არაადეკვატური საქციელით, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში შურისძიების მუხტი დაგროვდა, რისი განეიტრალებაც აუცილებელია. ასევე აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ უკანონოდ დაპატიმრებულები, რომელთა საპატიმროებიდან განთავისუფლება დროულად უნდა მოხდეს და სისხლის სამართლის დამნაშავენი, რომელთა კანონიერად დასჯისა და სამართლიანობის დამკვიდრების ინიციატივა დღევანდელმა უმრავლესობამ აიღო.


მიუხედავად საზოგადოების მოუთმენლობისა, უსამართლობას სამართლიანად უნდა ებრძოლო. სამართლიანობის დამკვიდრებას კი სათანადო ნებასთან ერთად აბსოლუტური ძალაუფლებაც სჭირდება, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას სამწუხაროდ, ჯერ არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ახალ ხელისუფლებას ჯერჯერობით მაქსიმალურს ვერ მოვთხოვთ, თუმცა კონტურები აქედანვე უნდა გამოიკვეთოს!


რაც შეეხება სარიშვილის შიშს, რომ "ნაცმოძრაობა" ყველანაირად ეცდება ახალი უმრავლესობის დისკრედიტაციას და საბოტაჟს მოუწყობს ახალ ხელისუფლებას, საფუძველს მოკლებული არ არის. ამის ნიშნები უკვე სახეზეა და მეეჭვება, "ქართული ოცნება" ამას ვერ აცნობიერებდეს. მოსალოდნელ რევანშზე ბევრი ითქვა და დაიწერა, სხვა საქმეა, რამდენად შეესხმება ფთები "ნაციონალების" ოცნებას _ არიონ სიტუაცია ქვეყანაში და როგორც თვითონ ამბობენ, ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ბუნებრივია, "ნაციონალების" სურვილი აუხდენელ ოცნებად უნდა დარჩეს, თუმცა ამისთვის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას ზურგს საზოგადოების მტკიცე ნებაც უნდა უმაგრებდეს _ საქართველოს ამომრჩეველმა არჩევნების მონაპოვარი უნდა დაიცვას!


როცა საუბარია "ნაციონალებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის შემდგარ "დიდ გარიგებაზე", რომელშიც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იგულისხმება, რაც ქ-ნ ირინა სარიშვილის აზრით, "ნაციონალების" კურსის გაგრძელებაა, გლობალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ძნელია ნებისმიერმა ახალმა ხელისუფლებამ ზურგი აქციოს სტრატეგიულ პარტნიორს, მით უმეტეს, თუ მსოფლიოში თამაშის წესებს ის განსაზღვრავს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ვფიქრობ, მეზობელ სახელმწიფოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა აშშ-სთან დაპირისპირების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს წმინდა წყლის ავანტიურა იქნება, რომელსაც შეიძლება საქართველოს ინტერესები გადაყვეს.


ვფიქრობ, ბატონი ბიძინა ივანშვილი, რომელიც წინასაარჩევნოდ რუსეთთან ურთიერთობის დერეგულირებას გვპირდებოდა, დაბალანსებული პოლიტიკის მომხრე იქნება. სხვანაირად ქვეყანა წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს.


ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: