ირაკლი ღარიბაშვილი: ინტელექტუალური რესურსის გადინების საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება!

ირაკლი ღარიბაშვილი: ინტელექტუალური რესურსის გადინების საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება!

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პედაგოგებს შეხვდა.

  "განათლებულ საზოგადოებას შესწევს უნარი, ქვეყანა თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიფოდ აქციოს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველა გადაწყვეტილება , რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა განათლების სფეროში.

  ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ განათლების სისტემაში არსებული ვითარება და ვიცით, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ მეტი ძალისხმევით. შემუშავდა განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განათლების სფეროში",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  შეხვედრისას მინისტრი  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ  სერიოზული გამოწვევები განათლების სისტემასაც  შეეხო.

  "იმისათვის, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია შევძლოთ, ჩვენ მოკლე დროში უნდა ავამაღლოთ განათლების ხარისხი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. და თუ ამ საკითხს დროულად არ მოვაგვარებთ, ინტელექტუალური რესურსის გადინების საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება. 2012 წლიდან მოყოლებული, იზრდება ინვესტიციები განათლებასა და მეცნიერებაში. სწორედ ამ სფეროდან ველოდებით ყველაზე დიდ უკუგებას. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ გვქონდა პრობლემები განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. დღეს კი ამ მხრივ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს - ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად 60 პროცენტით შემცირდა ოჯახის წლიური დანახარჯი ზოგად განათლებაზე. უკვე მეორე წელია, სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეებს სახელმძღვანელოებით, რაც დიდი შეღავათია ოჯახებისთვის. ვაშენებთ ახალ სკოლებს. 1000-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. სოფლებში ორმოცდაათი ათასზე მეტ სკოლის მოსწავლეს ემსახურება ტრანსპორტი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: