ქართველების გამარჯვება КВН-ში ნებსით თუ უნებლიეთ მაინც პოლიტიზირებული ხდება

ქართველების გამარჯვება  КВН-ში ნებსით თუ უნებლიეთ  მაინც პოლიტიზირებული ხდება

   6 სექტემბერს მოსკოვში КВН-ის პრემიერ-ლიგის ფინალი გაიმართა. უმაღლეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ექვსი გუნდი იბრძოდა, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. ქართველებს სცენაზე სამჯერ მოუწიათ გამოსვლა, აქედან ორ ნომერში ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურეს. მესამე ნომრის შესრულებისას სცენაზე სოსო პავლიაშვილიც გამოვიდა, რომელმაც ბიჭებთან ერთად იმღერა. საბოლოოდ, 30 ქულით, საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა და უმაღლეს ლიგაში ადგილი გაიმყარა.

   КВН-ში ქართველთა მონაწილეობას უკვე მოჰყვა შეფასებები და კომენტარები სოციალურ ქსელშიც. საზოგადოების ნაწილი საკმაოდ გააღიზიანა სოსო პავლიაშვილის სცენაზე წარმოთქმულმა სიტყვებმა და დარბაზში ხუბუტიას გამოჩენამ. ჩვენთვის ხომ უცხო არ არის, რომ რაიმე საკითხზე, თუნდაც ეს ხელოვნებას ან სპორტს ეხებოდეს, ერთი აზრი გვქონდეს და არ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, არც ის არის უცხო, რომ ყველა და ყველაფერი გავაპოლიტიზიროთ, თუნდაც ეს გამარჯვებას ეხებოდეს და აუცილებლად რაღაც სარჩული უნდა დავუდოთ.

   მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ქართველების გამოსვლას ვალერი ხაბურზანია ესწრებოდა. ივერიონი სწორედ მას დაუკავშირდა.

   -ქართველებმა გაიმარჯვეს, სოციალური ქსელით ბევრი ადამიანი გამოეხმაურა მათ გამოსვლას და საკმაოდ უარყოფით კონტექსტში შეაფასა ამ გუნდის იქ მონაწილეობა, ზოგმა მათ გამარჯვებას პოლიტიკური სარჩული დაუდო და სოსო პავლიაშვილიც საკმაოდ გააკრიტიკა. როგორ ფიქრობთ, უნდა წასულიყვნენ თუ არა? 

   -ვინც მანსანკანის ამ გუნდს ლანძღავს "კლავიატურის პატრიოტები" არიან,  ვინც მათ მოდად ქცეული ერის ღირსებით, რუსეთის მონობით, ჩექმების ლოკვით ამუნათებს უბრალოდ ბოროტი უგუნურები არიან. სხვათა შორის ეს ძირითადად ნაციონალური ცრუპატრიოტული ძალებია, რომლებიც მათთვის მისაღებ მომღერალსა თუ მსახიობს რუსული ტურნის გამო ინდობს, მაგრამ მათთვის მიუღებელი ცეკვისა და სიმღერის ანსაბლის გამო კრემლის საკონცერტო დარბაზი რუსეთის პრეზიდენტის საძინებელი გონია, ან ასეთად წარმოადგენენ ხოლმე.

   -და თქვენ რას გრძნობდით დარბაზში? რა განცდა დაგეუფლათ?

   -მოდური წარმოდგენა რუსეთის სიბნელეზე, მისი მარგინალიზაციის საერთაშორისო აქციაში წინა პლანზე კუნტრუში საქართველოს კარგს არაფერს აძლევს, სააკაშვილის ავადმყოფური თვალთახედის პრიზმიდან ყურება, ამერიკელი ჟირინოვსკის მაკკეინის აყოლა ქვეყანას არაფერში არგია, დარწმუნებული ვარ მიშა აქტიურად ურჩევდა უკრაინელებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, მაგრამ უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას ეტყობა მთლად არ დაუკარგავს ჭკუა-გონება და გარდა ქვეყნისა რუსეთში მყოფ მილიონობით თავის მოქალაქეზე იფიქრა. ამასთან პოზიტივის მძებნელი ერი რუსი ხალხის განწყობის შეცვლაზე უნდა ფიქრობდეს, ეს წარმოდგენა პროპაგანდისტული ომის გამო და სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების გამო არცთუ დადებითია. მე მომწონს ჩვენი რაგბისტების ღირსეული ქცევები რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მაგრამ ვერ მივესალმები იმ ურაპატრიოტულ,  ცრუ აღტყინებას, რასაც რაგბის წესების არმცოდნე ვითომგულშემატკივარი გამოხატავს და თუ ეს გამარჯვება გიხარია, რატომ არ უნდა გაგიხარდეს მანსანკანის გუნდის გამარჯვება?! იმ დარბაზში მოსკოველი და არა მარტო ქართველების შვილები აფრიალებდნენ საქართველოს დროშებს და ეს კლავიატურის პატრიოტები შეეჯიბრონ მათ საქართველოს სიყვარულში ან თუნდაც გაუბედონ და პირში უთხრან სალანძღავი სიტყვები სამშობლოს სიყვარულისთვის კომპიუტერის უგვანოებმა, ვვარაუდობ კლავიატურასთან ხულიგნობის ხასიათი წაუხდებათ.

  -მავანნი ძალიან გააღიზიანა ხუბუტიას იქ ყოფნამ.

  -ხუბუტია ამ გუნდს აფინანსებს ან სად უნდა იყოს კიდე ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელი, რუსეთში გაქცეული ნაციონალების მაღალჩინოსნების და მათი გამდიდრებული ნათესავების გვერდით ხომ არა? მიხეილი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მე მას და მანსანკაბის გუნდს მხარს ვუჭერ.

 

   "ივერიონი" ამ საკითხზე ხელოვან მამუკა ლომაშვილს გაესაუბრა.

   -"ასე ცალსახად  რაიმეს თქმა ცოტა რთულია...ერთის მხრივ, როდესაც ჩადიხარ იმ ქვეყანაში,  რომელსაც ანექსირებული აქვს შენი ტერიტორიების 20 %  და ხვალ და ზეგ რას მოიმოქმედებს ჩვენს  საწინააღმდეგოდ არავინ იცის და მონაწილეობას ღებულობ,  შეიძლება ცოტა უხეხულიც იყოს, მეორეს მხრივ ჩავიდნენ და აჩვენეს ქართული ნიჭიერება, აფრიალეს  ქართული დროშები და გაიმარჯვეს. ეს ძალიან სუბიექტური და ინდივიდუალური დამოკიდებულებააა.

ერთის მხრივ ვიღაცა იტყვის- ნახე, ეს ქართველები რა მაგრები არიანო და მეორეს მხრივ იტყვიან- რუსეთის გარეშე მაინც არაფერი გამოვაო, ნებსით თუ უნებლიეთ  მაინც პოლიტიზირებული ხდება".

 

   რას ფიქრობენ არასამთავრობო სექტორის ახალგაზრდა წარმომადგენლები, ამის გასაგებად ჩვენ "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის" თავმჯდომარეს ალექსანდრე ახალკაცს დავუკავშირდით.

   -ამ ამბავმა ოლიმპიადის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გამახსენა... მე პირადად მივესალმები ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ დარბაზში ქართული დროშის ფრიალს, მით უმეტეს, რომ დარბაზში მყოფ ქართველებს როცა სიამაყით უძგერთ გული. ვერ გავიგე რუსეთთან თან არ გვსურს ომი და თან ვიწვევთ საომრად? როგორ ფიქრობთ, რამ მიგვიყვანა 2008წლის ომამდე? სწორედ წინა მთავრობის უგუნურნა ნაბიჯებმა, როცა პირდაპირ იწვევდნენ თეთრ დათვს, რომელსაც ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორებიცაა: გერმანია და საფრანგეთი დიდი სიფრთხილით ეკიდებიან? და ბოლოს და ბოლოს არ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ყველა სფეროს პოლიტიზირება? რამოდენიმე დღის წინ, ბიძაჩემს ვკითხე, რომელიც ინგლისში ცხოვრობს 14 წელია და იქაური მოქალაქეცაა, ( უნივერსიტეტში მუშაობს იქ) რას ფიქრობენ ინგლისელები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე თქო? და იცით რა მიპასუხა? -ინგლისელები პოლიტიკაზე არ საუბრობენ, რადგან ის საერთოდ არ აინტერესებთო. აი ასეთი ევროპული ღირებულებების ქვეყანა და არა მხოლოდ ის, რომ სექსუალური უმცირესობები იყვნენ დაცულნი... ხალხი იმიტომ აძლევს ლეგიტიმაციას სხვებს, მათ რჩეულებს, რომ პოლიტიკაზე მათ იფიქრონ, ხოლო მათი მაკონტროლებელი სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს. ამიტომაა აუცილებელი ქვეყანაში ბევრი არატენდენციური, აქტიური არასამთავრობოს ყოფნა, რომლებიც ერთის მხრივ მთავრობას გააკონტროლებენ და მეორე მხრივ საზოგადოებაში დასავლური ღირებულებების განვითარებაზე იზრუნებენ!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკასთან დაკავშირება და ჩვენებს КВН -ში მონაწილეობა უნდა მიეღოთ. მთელი გულით ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას!"

 

 

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: