რა ბედი ელით გელა და დავით ბეჟუაშვილებს?!

რა ბედი ელით გელა და დავით ბეჟუაშვილებს?!

გელა და დავით ბეჟუაშვილები "ნაციონალური მოძრაობის" ღირსეული წარმომადგენლები არიან. მათ ხალხის ხარჯზე უზარმაზარი ქონება დააგროვეს, მაგრამ იმავე ხალხისთვის არაფერი ემეტებათ.


ბეჟუაშვილებს, სხვა "ნაციონალებისგან" განსხვავებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ცალ-ცალი კალოშით მოხვედითო ვერავინ დააყვედრის. მათ ქონების დაგროვება ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყეს, როცა გელა ბეჟუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო დავით ბეჟუაშვილი _ პარლამენტარი.


ძმებ ბეჟუაშვილების უზარმაზარ ქონებაზე ლაპარაკს აქ არ მოვყვებით, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, თუ როგორ ჩაიგდეს ხელთ ძმებმა მშობლიურ დაბა მანგლისში უზარმაზარი საკურორტო ინფრასტრუქტურა ჩალის ფასად და როგორ მოუსპეს ამ კურორტს განვითარების პერსპექტივა.


სარწმუნო წყაროს ცნობით, ბეჟუაშვილებმა კაპიკებად შეიწყიდეს თითქმის მთელი მანგლისი და დააკონსერვეს ყველა საკურორტო დაწესებულება. მანგლისელები ლაპარაკობენ, რომ ამ კურორტებს ბეჟუაშვილები "შავი დღისთვის" ინახავენ და მათ ამუშავებას ამ ეტაპზე არავინ აპირებს, არადა, ეს კურორტები რომ სხვას ეყიდა, ინვესტიცია ჩაედო და განევითარებინა ნახევარი მანგლისი მაინც დასაქმდებოდა.


ახლა მოდით დეტალურად მივყვეთ ბეჟუაშვილების მანგლისურ ქონებას. უმთავრესი შენაძენი მანგლისში დასასვენებელ-გასართობი პარკია. ამ პარკის ტერიტორია 14 ჰექტარია. 90-იან წლებში ის გავერანდა. ხალხმა ღობეც კი მოხსნა და ჯართში ჩააბარა. ბეჟუაშვილებმა მცირე ინვესტიცია გაიმეტეს _ შემოღობეს, კაფე და სახინკლე ააშენეს და რამდენიმე ატრაქციონიც დადგეს. მართალია, ზაფხულობით ხალხი ისევ დადის ამ პარკში დასასვენებლად და გასართობად, მაგრამ სრული დატვირთვით არ მუშაობს.


ბეჟუაშვილებმა ეს 14 ჰა ტერიტორია 1 120 000 ლარად იყიდეს. არადა ეს პარკი მანგლისის ცენტრში მდებარეობს და მისი რეალური ღირებულება სულ მცირე 12 მილიონია, რადგან ამ ადგილას 1 კვ.მ.-ის მიწის ფასი 50 დოლარზე ნაკლები არ არის.


საბჭოთა კავშირის დროს მანგლისში სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, რომელსაც 30 ჰა ტერიტორია ეჭირა.  ბეჟუაშვილებმა ამ ბაზის ტერიტორიაც იყიდეს, რომელიც ფიჭვნარშია განთავსებული. ამ 30 ჰექტარში ძმებმა 1 კვ.მ.-ში 6 ლარი გადაიხადეს, არადა ეს ტერიტორიაც მანგლისის ცენტრში მდებარეობს და აქაც 1 კვ.მ. მიწა მინიმუმ 50 დოლარი ღირს. მთელ ამ ტერიტორიაში ბეჟუაშვილებმა 1 800 000 ლარი გადაიხადეს. ამ 30 ჰა-ს რეალური ფასი კი 15 მილიონი დოლარია. აქაც სახელმწიფოსგან ძმებმა იჩუქეს 18 200 000 დოლარი. ეს 30 ჰა ბეჟუაშვილებმა შემოღობეს და შიგნით ააშენეს სასტუმრო, კორტები, საცურაო აუზი, საბილიარდე, რესტორანი, ბარი, კაფეები... ეს თანამედროვე კომპლექსი "ნაციონალური მოძრაობის" ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. თავის დროზე ყველა ბობოლა "ნაციონალი" სტუმრობდა _ ძმები კუბლაშვილები, გიგა ბოკერია მეუღლით, ვანო მერაბიშვილი, ნიკა გილაური, ალექსანდრე ხეთაგური, მიხელ მაჭავარიანი, გიორგი ბარამიძე, კობა ნაყოფია და სხვები. ამ კომპლექსით არაერთხელ უსარგებლია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც. ავი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იქ საეჭვო რეპუტაციის ქალბატონებთან ერთად დაბრძანდებოდა.


ამ კომპლექსის შესასვლელთან დაცვაა გამაგრებული, რომელიც მთელ ტერიტორიასა და ინფრასტრუქტურას იცავს. ცხადია, უბრალო მანგლისელებს იქ არსებულ სიკეთეებზე ხელი არ მიუწვდებათ!


გელა და დავით ბეჟუაშვილებმა მანგლისში კიდევ ერთი სანატორიუმი იყიდეს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს სრული დატვირთვით მუშაობდა და მეტიც, ხალხი რიგში იდგა, რომ იქ დაესვენა. ამ სანატორიუმში მოხვედრისთვის მაღალჩინოსნების შეწუხებაც იყო საჭირო. ამ სანატორიუმის ტერიტორია 6,5 ჰექტარია. ბეჟუაშვილებმა ამ უზარმაზარ ფართში 435 500 ლარი გადაიხადეს ანუ 1კვ.მ. მიწა მართლა სასაცილო ფასად _ 6.70 ლარად შეიძინეს, მაშინ, როცა მისი რეალური ღირებულება 5 427 000 ლარა, რადგან აქაც 1 კვ.მ. მიწის ფასი 50 დოლარია. აქ უკვე 4 992 000 ლარით აზარალეს სახელმწიფო.


ბეჟუაშვილებმა ასევე დააკონსერვეს მანგლისსა და სოფელ ალგეთს შორის მდებარე სანატორიუმი, რომელიც ერთდროულად 150 ბავშვს მასპინძლობდა ზაფხულობით. მისი რეალური ფასი 3,5 მლნ. ლარია, ბეჟუაშვილებმა კი ის 1 100 000 ლარად იყიდეს. როგორც ხედავთ, ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განებივრებულმა ძმებმა დაბა მანგლისის მთელი ინფრასტრუქტურა ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში დააკონსერვეს და დაბას განვითარების პერსპექტივა მოუსპეს. არადა, ეს საკურორტო ინფრასტრუქტურა სხვა ბიზნესმენებს შეეძინათ და იქ ინვესტიციები განეხორციელებინათ, გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით იქ 10 ათასობით ადამიანი დაისვენებდა. საკურორტო ინფრასტრუქტურა განვითარდებოდა, ადგილობრივებს მცირე ბიზნესის დაწყების პერსპექტივა გაუჩნდებოდათ და როგორც შესავალში ვთქვი, ნახევარი მანგლისი მაინც დასაქმდებოდა.


ეს არ არის ყველაფერი, რაც ბეჟუაშვილებმა მანგლისში იყიდეს. მათ ასევე საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად იყიდეს ყოფილი სასაკლაოს შენობა, რძისქარხანა, სამსართულიანი უნივერმაღი მიმდებარე ტერიტორიით. შარშან, მოგეხსენებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხურა რუსული სკოლები. დავით და გელა ბეჟუაშვილების დედა იმ დროს მანგლისი რუსული სკოლის დირექტორი გახლდათ. მანგლისელები ამტკიცებენ, რომ ქალბატონი სვეტლანა ბეჟუაშვილი ვერ შეელია მშობლიურ სკოლას და შარშან ასევე მიზერულ ფასად ეს სკოლის შენობაც ძმებმა დედას უძღვნეს საჩუქრად.


ერთი სიტყვით, თუ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების ჩინოვნიკთა ელიტარული კორუფციით დაინტერესდება, აგერ ბატონო სრული სია იმ ობიექტებისა, რაც ძმებმა ბეჟუაშვილებმა ჩალის ფასად მიითვისეს. თუ ქვეყანაში "სამართალმა პური ჭამა", ალბათ ბეჟუაშვილებსაც მოინელებს. ვნახოთ, როგორი იქნება ახალი უმრავლესობის ვერდიქტი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: