გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მიართვის ტექსტს "ივერიონი"  უცვლელად გთავაზობთ:
 "2012 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის #440 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ გააუქმა:
• სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის პროგრამა;
• სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება;
• საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსება.


აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 2012 წლის ოქტომბრამდე პროგრამების დაფინანსება ხორციელდება  თბილისის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ხოლო,  საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით, ამ პროგრამების დაფინანსება დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა იმ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება, რომელის მიხედვითაც,  სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები და ჯანდაცვის მომსახურებები, მათ შორის დაზღვევა, ერთნაირად ხელმისაწვდომი ყოფილიყო საქართველოს ყველა მოქალაქესათვის და ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ სახის მომსახურებებზე ქვეყანაში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრების. მითუმეტეს თქვენი, როგორც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო პროგრამა სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანაბრად გადანაწილებას ისახავს მიზნად.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ოქტომბრის ბოლოს შევიდა სათანადო ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში და გაუქმდა ის დებულებები, რომლის საფუძველზე ზემოაღნიშნული პროგრამების დაფინანსება ხორციელდებოდა ქ. თბილისის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ქ. თბილისის მერია ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს თქვენი თხოვნა და გააგრძელოს აღნიშნული პროგრამების დაფინანსება, მითუმეტეს იმ განვლილ პერიოდზე, როდესაც ეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენდა.


აქვე გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, უფასო სამედიცინო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს დაახლოებით 90 000 ადამიანი, სხვადასხვა ტიპის სოციალური შეღავათები გაუუქმდა დაახლოებით 40 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათ შორის 4 000-მდე მრავალშვილიან ოჯახს. ასევე, ტრანსპორტით მგზავრობისას შეღავათები და ფასდაკლება გააუქმდა 600 000-მდე მოქალაქეს.


მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც 600 000-მდე ჩვენი მოქალაქის ცხოვრების გაუარესებას გამოიწვევს და რომლის დაფინანსებასაც ჩვენ გვთხოვთ, აღნიშნული საკითხი თბილისის მერიის უშუალო მონაწილეობით უნდა განხილულიყო.


გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, გთხოვთ რეაგირება მოახდინოთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგენკოს განცხადებაზე, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფასიანი მომსახურების შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, თბილისის მერია, არ გეგმავს მომსახურების ფასიანი სისტემის შემოღებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება მსგავსი განცხადებები თბილისის მერიასთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე კეთდებოდეს.


მიგვაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მიერ, უარყოფითი შედეგების გაუთვალისწინებლად, საბიუჯეტო თანხების მექანიკური დაზოგვის მიზნით, შეღავათების გაუქმება და სხვადასხვა ახალი საფასურის შემოღება, მოქალაქეების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას იწვევს.


შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების ინტერსების დაცვის მიზნით, იმისათვის, რომ მათთვის უწყვეტად გაგრძელდეს გაუქმებული სოციალური შეღავათების დაფინანსება, გთხოვთ, დაავალოთ ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიიღონ შესაბამისი ზომები. თავის მხრივ ქ. თბილისის მერია გამოთქვამს მზადყოფნას თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილოს ეს საკითხები და გამოიყენოს ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საშუალება წარმოქმნილი პრობლემების, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოგვარების მიზნით".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: