ნინო ბურჯანაძე:-"განგაშის ზარის შემოკვრის დროა!"

ნინო ბურჯანაძე:-"განგაშის ზარის შემოკვრის დროა!"

   პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რომელიც მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება.

   მისივე თქმით "ქართულმა ოცნება" უმალავს საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის რეალურ მდგომარეობას და ვირტუალური მოლოდინის რეჟიმში აცხოვრებს.

"მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფარსს, რომელსაც ახლა მთელი საქართველო უყურებს. მაშინ, როდესაც ქვეყანა უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენი მთავრობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კინკლაობით და ნაცრის ქექვითაა დაკავებული. არც ერთ ამ სტრუქტურას არ სცალია იმისათვის, რომ ქვეყნის პრობლემებზე იფიქროს. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მათი მთავარი ამოცანა ერთმანეთისთვის ხელის გადაგრეხვა და ერთმანეთის ქილიკია. ამასობაში კი ქვეყნის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" აირჩია "ნაციონალური მოძრაობის" გზა - დაუმალოს საქართველოს მოსახლეობას რეალური მდგომარეობა, აცხოვროს ვირტუალური მოლოდინის რეჟიმში და კვლავ აქციოს ჩვენი ქვეყანა სუპერსახელმწიფოების ურთიერთდაპირისპირების პოლიგონად. საქართველოს ინტერესებზე საზრუნავად კი, დღეს ჩვენს ხელისუფლებას არ სცალია" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმითვე, ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ნატოს-ს უელსის სამიტზე პირდაპირ დასამარდა ის მოლოდინი, რაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, ჰქონდა. 

   "ფაქტია, რომ საქართველო ვერ გახდება ნატო-ს წევრი და ფაქტია, რომ ამ თემაზე, საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლება სიმართლეს უმალავს. საქართველოს ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა და ის, რომ გაატაროს არა სხვა სახელმწიფოს ინტერესები, არამედ იზრუნოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ამოცანა უნდა იყოს არა რომელიმე ახალი ბაზის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს ტერიტორიების ნებისმიერი ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ბაზებისაგან გათავისუფლება. 

   საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს უმძიმესი ვითარების წინაშე თუ ის პოლიტიკა გაგრძელდა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს. საქართველო შეიძლება კიდევ უფრო მეტად გახდეს ორი სუპერსახელმწიფოს დაპირისპირების პოლიგონი, ქვეყანა გახდეს ტერიტორია სადაც იქნება ორი დაპირისპირებული ბანაკის ბაზები და ქვეყანა ორ ნაწილად გაიხლიჩება" - განაცხადა ბურჯანაძემ.

   მისივე თქმით, საქართველო უკვე დიდი ხანია კარგავს ტერიტორიებს და ეს დღევანდელი ხელისუფლების ხელშიც გრძელდება. 

საქართველოს დე ფაქტო  რუკა დღითიდღე პატარავდება, ამისთვის კი ჩვენს ხელისუფლებას არ სცალია. 

   "დიახ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია საქართველოში რეალურად შეიცვალოს პოლიტიკა. ჩვენ გვატყუებენ რომ ქვეყანა პრობლემებს აგვარებს, რომ ქვეყანა ბაზარს ხსნის და ქართველი გლეხი თავისი შრომის ანაზღაურებას მიიღებს. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ექნება დალაგებული პოლიტიკური ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან. უნდა ვაღიაროთ, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანა ვერ განვითარდება, ვერ მიაღწევს ვერც ეკონომიკურ წინსვლას და ვერც სტაბიულურობას, თუ ქვეყნის ხელისუფლება არ შეიცვლება და ქვეყანაში არ მოვა ძალა, რომელსაც აქვს უნარი, კომპეტენცია, გამოცდილება და გამბედაობა, რეალურად შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკა ისე, როგორც ეს ჩვენს სამშობლოს სჭირდება და არა რომელიმე სახელმწიფოს.

   ამას ეს ხელისუფლება ნამდვილად ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ არის ხელისუფლება რომელიც ყოველთვის უკან იხედება ვინ რას იტყვის, ყოველთვის სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. საქართველომ რეალურად უნდა აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების და საკუთარი განვითარების გზა. ამისათვის აუცილებელია ნორმალური ურთიერთობა ყველა პარტნიორთან, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელია ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყება რუსეთთან რასაც ეს ხელისუფლება ვერ ბედავს" - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

   როგორც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა განაცხადა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამ ხელისუფლების ხელში საქართველო ვერ შეძლებს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესების განხორციელებას. 

   "ჩვენს წინაშე არსებული ყველა ამოცანის შესრულებას, ქვეყანაში შეძლებს მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური ძალა და ეს სწორედ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაა". ჩვენ ვხედავთ იმას, თუ რა სტრატეგია აირჩია დღევანდელმა ხელისუფლებამ. დღევანდელი ხელისუფლებისათვის, ისევე როგორც სააკაშვილის ხელისუფლებისათვის, მთავარია შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერ ფასად, ტერიტორიების დაკარგვის, ქვეყნის დაკნინების ფასად". განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.  

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლების და ქვეყანაში ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ  საქართველოს მოსახლეობას დაუტოვონ მხოლოდ ორი არჩევანი - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა".

   "გამოკვეთილია საარჩევნო სტრატეგია: მოსახლეობას აშინებენ, თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, ამით ხელს შეუწყობთ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებასო."სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! " - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

   მისივე თქმით ქვეყანა ყოველდღიურად კარგავს გამთლიანების შანსებს. 

   "თუ ქვეყანაში ვითარება უსწრაფესად არ შეიცვალა, თუ ხელისუფლება გააგრძელებს იმას, რასაც ახლა აკეთებს, როდესაც ურთიერთდაპირისპირების და ნაცრის ქექვის რეჟიმზეა გადასული, ქვეყანა უმძიმესი რეალობის წინაშე დადგება. ჩვენი ქვეყნის გამთლიანების შანსები, ჩვენი ქვეყნის რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსები ყოველდღიურად მცირდება და დღესაც ნათლად გამოჩნდა, რომ განგაშის ზარის შემოკვრის დროა!" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: