გიგი უგულავა ნოდარ ხადურის ბრალდებებს პასუხობს

გიგი უგულავა ნოდარ ხადურის ბრალდებებს პასუხობს

"ჩვენი შეუვალი პოზიციაა, შენარჩუნდეს ყველა სოციალური დახმარება, რომელიც თბილისელებს წლების განმავლობაში ჰქონდათ. ჩვენთვის მიუღებელია ის დუჟმორეული ინტონაცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროდან მოდის. პრემიერ-მინისტრის დადგენილებაზე პასუხისმგებლობა უფრო მეტად სწორედ ნოდარ ხადურს ეკისრება, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ თავად ივანიშვილი საქმის ვითარებაში ბოლომდე გარკვეული არაა და, პრაქტიკულად, დადგენილებაზე ხელი ხადურმა მოაწერინა, რითაც სამართლებრივად შექმნა ის ვაკუუმი, რომლისგანაც გამოსავალი ისევ ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ტონი, რომლითაც ხადური საუბრობს, მიუღებელია. მუქარა, რომელიც ჩვენ დღეს მისგან მოვისმინეთ, აბსოლუტურად უკანონოა, რადგან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი არ არის ცენტრალური მთავრობის წყალობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ესაა კანონით გათვალისწინებული ტრანსფერი, რომლის მიცემა-არმიცემა არაა დამოკიდებული ფინანსთა სამინისტროზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, "ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული ბიუჯეტის ცვლილებასთან. ეს განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეზე თანაბრად გავრცელდეს შეღავათები, თუმცა, შედეგად ვიღებთ ლანძღვა-გინებას და პროკურორის მანტიით შემოსილი საბიუჯეტო კლერკი გვიკითხავს ნოტაციებს, რომ ყველა კაპიკს დაითვლის. რა თქმა უნდა, ყველა კაპიკი უნდა იყოს დათვლილი, მაგრამ მინდა შევახსენო ფინანსთა მინისტრს, რომ ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანო და ეს არ არის მისი საქმე", - აღნიშნა უგულავამ.


ამასთან, თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქს აღნიშნული პროგრამების განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ტრანსფერით გათვალისწინებული თანხები სხვა მიმართულებით განაწილდა.


"ფინანსთა მინისტრის საქმე არაა ქალაქის საკრებულო ბიუჯეტს როგორ გაანაწილებს. ჩვენ გვედო ეს თანხები, მაგრამ რადგან ცენტრალურმა მთავრობამ ამ თემის სტანდარტიზაციის გადაწყვეტილება მიიღო და მოხდა ყველა ნორმატიული დოკუმენტის ცვლილება, ის რამდენიმე მიმართულებაზე გადანაწილდა, მათ შორის ავარიულ სახლებზე, საბავშვო ბაღებისა და დასუფთავების ტარიფის შემცირების გამო თანასუბსიდირებაზე", - განაცხადა უგულავამ.

"თუ ჩვენ ვსაუბობთ სამართლებრივ დავაზე, შეგვიძლია ის სასამართლოში გადავიტანოთ, ხოლო თუ ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება, მაშინ დავსხდეთ და მოვძებნოთ გამოსავალი, რომ თბილისელები არ დაზარალდნენ. მე მაქვს მოსაზრებები როგორ ვიპოვოთ გამოსავალი როგორც წლის ბოლომდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში, ისე გრძელვადიანად - ვინ რაზე აიღებს პასუხისმგებლობას. მზად ვართ, თუნდაც დღეს მოხდეს პირველი შეხვედრა სამსახურებს შორის, თუნდაც პირადად ჩემთან", - დასძინა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის 2012 წლის 19 ოქტომბრის განკარგულებით, აღნიშნული პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულება თბილისის მერიისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. ამავე წლის 31 ოქტომბერს კი საქართველოს ახალმა მთავრობამ 19 ოქტომბრის დადგენილება ისევ გააუქმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: